Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაცემულია" - ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი. პრესკონფერენცია ორბელიანების სასახლეში, 5 აგვისტო, 2024.
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი. პრესკონფერენცია ორბელიანების სასახლეში, 5 აგვისტო, 2024.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის ეზოში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ამ თემაზე "ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაცემულია". ამასთან, მან გაკვირვება გამოხატა, რომ მიხელ სააკაშვილს მის მიმართ აღძრულ საქმეებთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომებზე შეუზღუდავი დრო ეთმობა პოლიტიკური გზავნილებისთვის.

"მე მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ აქტუალიზაცია სააკაშვილის მხოლოდ და მხოლოდ 'ოცნებას' სჭირდება. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ყველა მისი სასამართლო ინიშნება ახლა, რომ ყველა სასამართლოზე აძლევენ პირდაპირ ტრანსლაციას. ასეთი რამ მე არსად არ მინახავს და აძლევენ შეუზღუდავ პირდაპირ ტრანსლაციას, რომ პოლიტიკური გზავნილები გაგზავნოს. იმიტომ, რომ ბოლო იმედი 'ოცნების' არის, რომ სააკაშვილით შეაშინოს კიდევ ამომრჩეველი. დღეს აქტუალური არ არის სააკაშვილი, დღეს აქტუალურია, რა მომავალი ექნება საქართველოს. ჯერ საქართველო უნდა გადავარჩინოთ და მერე სააკაშვილის ბედიც იქნება თავის ადგილას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ნათქვამი აქვს, რომ "არა და არასდროს" შეიწყალებს მას. მოგვიანებით პრეზიდენტმა ეს პასუხი განმარტა და თქვა, რომ არ სურს ქვეყანაში დეპოლარიზაციის გაღრმავებას შეუწყოს ხელი. მასვე ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილისთვის "ელექტრონული სამაჯურის" გაკეთების ინიციატივა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

2 აგვისტოს მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ის სასამართლოს სხდომებს ვიდეოზარის მეშვეობით კლინიკიდან დისტანციურად ერთვება ხოლმე.

ერთადერთი შემთხვევა, როცა მოსამართლემ სააკაშვილს სიტყვა არ დაასრულებინა, 2023 წლის 30 ოქტომბერს იყო. თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ბრალდების საქმე განიხილებოდა, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ბრალდებულ სააკაშვილს გაუთიშა ჩართვა, რომელიც ვიდეოზარის მეშვებით ხორციელდებოდა კლინიკა "ვივამედიდან".

ადვოკატებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისი სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს მიმართეს - მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ სააკაშვილის უფლებადამცველებმა მიმართეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და მოითხოვეს დაუყოვნებელ ზომად გამოყენებულიყო მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. სასამართლო საქმის განხილვას განაგრძობს, თუმცა ეს ნაწილი არ დააკმაყოფილა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG