ევროკავშირი ნიკოლას მადუროს არ მიიჩნევს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში 4 აგვისტოს, ღამით, ევროკავშირის სახელით გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, არჩევნების მეთვალყურე საერთაშორისო მისიების შეფასებით, ივლისის საპრეზიდენტო არჩევნები არ შეესაბამებოდა სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს.
ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ ვენესუელის ეროვნულ საარჩევნო საბჭოს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია კენჭისყრის შედეგების ამსახველი ოქმები, ამიტომ საბჭოს მიერ მტკიცებულებების გარეშე გამოცხადებული შედეგები აღიარებული ვერ იქნება.
ევროკავშირი ვენესუელის ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებული და რამდენიმე დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ შესწავლილი ოქმების ასლების საფუძველზე აცხადებს, რომ არჩევნებში, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი უპირატესობით გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ედმუნდო გონსალესმა.
1 აგვისტოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გონსალესი აღიარა ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად.
ასევე ნახეთ ვენესუელაში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება, არის მსხვერპლივენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივლისს ჩატარდა. მმართველი სოციალისტური პარტიის კონტროლქვეშ მყოფმა საარჩევნო ადმინისტრაციამ 29 ივლისს გამოაცხადა, რომ ხმების 51%-ით გაიმარჯვა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, მის მთავარ მეტოქეს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ ედმუნდო გონსალესს კი ხმა მისცა 44%-მა.
ვენესუელის ხელისუფლება სისტემაზე კიბერთავდასხმას ასახელებს იმის მიზეზად, რომ ოქმები ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა.
გაერთიანებული ოპოზიციის თანახმად, მის განკარგულებაშია საარჩევნო ოქმების 80%-ზე მეტი და ამ შედეგებით, ედმუნდო გონსალესმა ნიკოლას მადუროზე ორჯერ მეტი ხმა მიიღო და სულ მცირე, 70%-ით გაიმარჯვა.
29 ივლისიდან ვენესუელაში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. ნიკოლას მადურომ გაყალბება უარყო და საპროტესტო აქციებს უწოდა გადატრიალების მცდელობა, რომელსაც „ფაშისტური და კონტრრევოლუციური“ ძალები ახორციელებენ უცხო ქვეყნების მითითებით.
ასევე ნახეთ ვენესუელის მთავრობამ დიპლომატები გაიწვია რეგიონის შვიდი ქვეყნიდანსოციალისტური პარტიის ლიდერი ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტია 2013 წლის აპრილიდან.
ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებდა 2018 წელსაც, როცა მადურო კენჭს მეორე ვადით იყრიდა. მისი ოპონენტები დარწმუნებული იყვნენ, რომ არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის კანდიდატმა ხუან გუაიდომ. საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე თვეს გაგრძელდა, თუმცა მადურომ და სოციალისტურმა პარტიამ ძალაუფლება შეინარჩუნეს.
2018 წლის არჩევნებში მადუროს გამარჯვება არ აღიარა მსოფლიოს არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა.
ასევე ნახეთ რას ნიშნავს ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთისთვის?ვენესუელა იმ რამდენიმე ქვეყანას შორისაა, რომლებმაც რუსეთთან ახლო ურთიერთობების გამო მოსკოვს მიბაძეს და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარეს საქართველოს ორი ტერიტორიის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის, ე.წ. დამოუკიდებლობა. ეს მადუროს წინამორბედმა პრეზიდენტმა, სოციალისტმა უგო ჩავესმა გააკეთა 2009 წლის სექტემბერში.