ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკურმა პარტიამ დაასრულა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის წარდგენის პროცესი მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი კანდიდატობას ოფიციალურად დასთანხმდა.
რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე, რომელიც ქალაქ მილუოკიში 15 ივლისიდან მიმდინარეობდა, შეკრების პირველივე დღეს დელეგატების ხმათა უმრავლესობით, 78 წლის დონალდ ტრამპი წარადგინეს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად.
ყრილობის ბოლო დღეს, 18 ივლისს, საღამოს ტრამპმა დელეგატებს მიმართა და განაცხადა, რომ იღებს ნომინაციას და პრეზიდენტად კენჭს იყრის არა ნახევარი, არამედ მთელი ამერიკისთვის.
დონალდ ტრამპმა ილაპარაკა მასზე 13 ივლისს მომხდარ თავდასხმაზე, ამერიკელებს მადლობა გადაუხადა სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, ერთიანობისკენ მოუწოდა და პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ქვეყნის ისტორიაში ოთხ უდიადეს წელს დაჰპირდა.
ასევე ნახეთ ტრამპი თავდასხმას გადაურჩა - რა მოხდება ახლა?რესპუბლიკელების ყრილობაზე გამოსვლისას, დონალდ ტრაპმმა ტრადიციულად გააკრიტიკა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, მათ შორის იმის გამო, რომ დედამიწა „ომების პლანეტად" იქცა და განაცხადა, რომ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ დაასრულებს ყველა საერთაშორისო კრიზისს, მათ შორის უკრაინისა და რუსეთის ომს. როგორ, არ დაუკონკრეტებია.
რესპუბლიკელი დელეგატების წინაშე გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა მტკიცებულებების გარეშე ისევ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად ისახავს პრეზიდენტად არჩევაში ხელის შეშლას.
ასევე ნახეთ ბაიდენმა საშიში პრეცედენტი უწოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას ტრამპის იმუნიტეტის შესახებ2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტი გახდება ჯეიმს დევიდ ვანსი (ჯეი დი ვანსი).
39 წლის ოჰაიოელი სენატორი ჯეი დი ვანსი დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად 15 ივლისს დაასახელა.
ასევე ნახეთ ჯეი დი ვანსმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატობაზე ოფიციალური თანხმობა განაცხადააგვისტოში ჩიკაგოში გაიმართება დემოკრატიული პარტიის ყრილობა, რომელზეც ოფიციალურად დასახლდება პრეზიდენტობის კანდიდატი. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კენჭისყრას მეორე ვადით გეგმავს.
ბოლო ხანს ჯო ბაიდენს არაერთმა დემოკრატმა პოლიტიკოსმა და დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერმა მოუწოდა უარი თქვას ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრაზე.
ამერიკელ დემოკრატებში პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული შეშფოთება გაიზარდა 27 ივნისის შემდეგ, როცა ჯო ბაიდენს წარუმატებელი დებატები ჰქონდა თავის მეტოქესთან, რესპუბლიკელების კანდიდატ დონალდ ტრამპთან.
დემოკრატები შიშობენ, რომ ბაიდენი თავისი მდგომარეობის გამო ვერ შეძლებს ტრამპთან წარმატებით ბრძოლას, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, კიდევ ოთხი წლით ეფექტიანად მუშაობა გაუჭირდება. თავად ჯო ბაიდენი კანდიდატურის მოხსნას ჯერჯერობით არ აპირებს.
ასევე ნახეთ ობამა მოკავშირეებს ეუბნება, რომ ბაიდენმა უნდა გადასინჯოს კანდიდატის რანგში საკუთარი უნარიანობის საკითხი- მილიარდერი ბიზნესმენი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე.
- 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
- 2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი.
- კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი.