ამერიკელი სენატორი, 39 წლის ჯეიმს დევიდ ვანსი (ჯეი დი ვანსი) ოფიციალურად დასთანხმდა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატობას. ეს 17 ივლისს, საღამოს, მოხდა მილუოკიში, რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე.
ორი დღით ადრე, 15 ივლისს, როცა ყრილობის პირველ დღეს დელეგატების ხმათა უმრავლესობით დონალდ ტრამპი ოფიციალურად წარადგინეს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად, ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა ოჰაიოელი სენატორი ჯეი დი ვანსი.
17 ივლისს, რესპუბლიკელების შეკრებაზე გამოსვლისას, ვანსმა პრეზიდენტ ბაიდენის პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ტრამპი ამერიკას პირველს გახდის. ჯეი დი ვანსმა პირობა დადო, რომ იბრძოლებს ვაშინგტონის მიერ „მიტოვებული და დავიწყებული" მშრომელთა კლასის დასაცავად.
ჯეი დი ვანსი, რომელიც წლების წინ დონალდ ტრამპს მწვავედ აკრიტიკებდა და „ამერიკის ჰიტლერს” უწოდებდა, დღეს მისი ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერია.
ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც მეორე ვადით კენჭისყრას აპირებს, 15 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვერანაირ განსხვავებას ვერ ხედავს დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვანსს შორის. ბაიდენმა ვანსს „ტრამპის კლონი“ უწოდა.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს ჩატარდება.
ევროპელი პოლიტიკოსები და დიპლომატები ჯეი დი ვანსს მოკავშირედ არ მიიჩნევენ და შიშობენ, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში, აშშ უკრაინისგან მოითხოვს რუსეთთან დათმობებს.
ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ვანსის დასახელების შემდეგ, ვაშინგტონში აკრედიტებულმა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ევროპელმა დიპლომატმა გამოცემა „გარდიანს" უთხრა, რომ ეს ცუდია ევროპისთვის და საშინელებაა უკრაინისთვის.
ფორუმი