საქართველომ უნდა დაამარცხოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, პორტუგალია. ამ შემთხვევაში ჩვენი ნაკრები საუკეთესო მესამეადგილოსანთა ოთხეულში მოხვდება და ჯგუფიდან გავა.
უდიდესი სურვილის მიუხედავად, ბუნებრივია, ძნელია სენსაციის პროგნოზირება. თუკი მაინც ოცნებას მივეცემით, პორტუგალიის ორი ბურთის სხვაობით დამარცხების შემთხვევაში (და თუ ჩეხეთი ნაკლები ბურთით დაამარცხებს თურქეთს), ჯგუფს მეორე ადგილით დავასრულებთ.
დავუბრუნდეთ რეალობას. საქართველო პირველად მონაწილეობს ევროპის ჩემპიონატზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თავისთავად ნებისმიერი მატჩი ჩვენთვის ზეიმია. მთავარია, პორტუგალიის წინააღმდეგ „ჯვაროსნებმა“ ბოლომდე იბრძოლონ და გულშემატკივარიც ამის თანამონაწილე იქნება.
2016 წლის ევროპის ჩემპიონს, პორტუგალიას, დამარცხების შემთხვევაშიც გარანტირებული აქვს ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წინააღმდეგ, სავარაუდოდ, გადახალისებული გუნდით გამოვა, მას მაინც ძლიერი შემადგენლობა ეყოლება, შესაბამისად, გამარჯვებას და ჯგუფის ცხრა ქულით დასრულებას გეგმავს.
კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიამ შესარჩევი ჯგუფი ტრიუმფალურად, ათივე თამაშის მოგებით გაიარა. ამავე დროს, საქართველოს ნაკრების სასარგებლო მონაცემის გახსენებაც შეიძლება: ევრო 2008-ზე ჯგუფში პირველი ორი თამაშის მოგების შემდეგ (მაშინაც თურქეთი და ჩეხეთი დაამარცხეს), პორტუგალიამ მესამე მატჩი შვეიცარიასთან 0-2 წააგო და პლეი-ოფში მაინც პირველი ადგილით გავიდა.
რას მოგვცემს ფრე?
თუ საქართველო-პორტუგალია ფრედ დასრულდება, დიდ ტურნირზე საქართველოს გამოსვლა თამამად შეიძლება, წარმატებად შეფასდეს.
ფრე საქართველოს მიზერულ შანსებს უტოვებს. აქ უკვე ერთვება საფეხბურთო ბუღალტერია და გულშემატკივრები ისეთ კომბინაციას აწყობენ, რომ გამოცდილ ასტროლოგსაც შეშურდება. თუ ეს ყველაფერი გამართლდება და „სიყვარულის პლანეტა ვენერაც შევა მერწყულის კოსმოსურ ეტლში“, საქართველო ორი ფრით, შესაბამისად, ორი ქულით შეძლებს ჯგუფიდან გასვლას.
ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 24 ნაკრები ექვს ჯგუფში ოთხ-ოთხად არის გადანაწილებული. ბოლო, მეოთხეადგილოსანი გუნდები ტურნირს ჯგუფური ეტაპის შემდეგ ეთიშებიან. მათ ბედს გაიზიარებს ორი ყველაზე უარესი შედეგის მქონე მესამეადგილოსანი გუნდიც.
მერვედფინალში ორი ქულით რომ გავიდეთ, ექვსი მესამეადგილოსანი გუნდიდან, ოთხ საუკეთესოს შორის უნდა მოვხვდეთ. ამისთვის საჭიროა:
- საქართველომ ფრე ითამაშოს პორტუგალიასთან;
- თურქეთმა მოუგოს ჩეხეთს;
- დანიამ მოუგოს სერბეთს;
- ესპანეთმა მოუგოს ალბანეთს;
- იტალიამ არ წააგოს ხორვატიასთან;
- ინგლისმა დაამარცხოს სლოვენია (ბურთების სხვაობასაც აქვს მნიშვნელობა).
კარგი ის არის, რომ ჩვენი მატჩი ყველაზე ბოლოს, 26 ივნისს, თბილისის დროით, 23:00 საათზე, თურქეთი-ჩეხეთის შეხვედრის პარალელურად გაიმართება. სავარაუდოდ, წინასწარ გვეცოდინება, რომ მოედანზე მხოლოდ მოსაგებად უნდა გავიდეთ.
წაგების შემთხვევაშიც საქართველოს ნაკრებს შეუძლია გერმანია ამაყად დატოვოს. ნაკრები პირველად მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე, გაიტანა გოლები და ქულაც აიღო.
ასევე ნახეთ პორტუგალია - გაიცანი მეტოქე