დედაქალაქის მერის, კახა კალაძის კომენტარს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ოფიციალურ ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი სექტემბერში პირადად დააჯილდოებს ღირსების ორდენსა და მედალზე წარდგენილ ყველა პირს. ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სადებიუტო მატჩის წინ ფეხბურთელებს თანადგომა და გამხნევება სჭირდებათ.
„სახეზეა საქართველოს პრეზიდენტის როგორც პიროვნული, ასევე ინსტიტუციური დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა. ეს არის მავნებლური საქციელი, რითაც ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ. ყველანაირი სპეკულაცია აქტებსა თუ განკარგულებებზე არის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა.
სირცხვილია, როცა ეს ხდება ასეთი ისტორიული მატჩის წინ. ახლა ჩვენი ფეხბურთელების ირგვლივ უნდა სუფევდეს ხალხის ერთობა და საზეიმო განწყობა, მათ სჭირდებათ მთელი ქვეყნისგან, ყველა ინსტიტუტისგან თანადგომა და გამხნევება. ეს ერთობა არსებობს და ვერანაირი მდაბიო მცდელობა ამას ვერ შეარყევს. წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებთ ჩვენს ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე.
რაც შეეხება დაჯილდოებას, ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი პირადად დააჯილდოებს სექტემბერში ორბელიანების სასახლეში, ეს იქნება სახალხო ზეიმი“, - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ასევე ნახეთ „ნაკრებს რამდენად უღირს ასეთი ორდენები“ - კალაძე ზურაბიშვილს საყვედურობს მიწოდებული სიიდან რამდენიმე პირის გამოტოვების გამო16 ივნისს კალაძემ ზურაბიშვილს უსაყვედურა იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი სიიდან, რამდენიმე პირი არ მოხვდა ღირსების ორდენითა და მედლით დაჯილდოებულთა სიაში.
განახლება
კალაძის კომენტარის შემდეგ განცხადება გაავრცელა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნაკრების წარმომადგენელთა დაყოფა მიუღებელია.
„ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ პერიოდში, ვფიქრობთ, მიუღებელია ჩვენი გუნდის წევრების დაყოფა და მათი დამსახურების არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ჩვენი გუნდის და ამ სპორტის სახეობის მთავარ პრიორიტეტს, ყოველთვის გუნდურობა წარმოადგენდა. ამ წარმატებამდეც, გუნდურობამ და პროცესში ჩართული თითოეული ადამიანის მონდომებამ, პროფესიონალიზმმა და ერთობლივმა მუშაობამ მიგვიყვანა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სწორედ ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც მოედანზე თუ მოედნის გარეთ წლების განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდნენ ამ მიზნის მისაღწევად. გუნდის წარმომადგენლების დამსახურების დანაწევრება, გუნდურობის პრინციპს არღვევს“, - წერია განცხადებაში.
ფეხბურთის ფედერაცია აცხადებს, რომ დაჯილდოების ღონისძიებაში მხოლოდ იმ შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, რომელიც პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის წინაშე წარადგინეს.
„სექტემბერში პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ დაჯილდოების ღონისძიებაში, ჩვენი გუნდი მხოლოდ იმ შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, რომლის თითოეული წევრიც, წარდგენილ სიაში, ამ წარმატებაში საკუთარი წვლილისთვის იყო შეყვანილი.
ჩვენთვის მთავარი მიღწევა და ჯილდო უდიდეს საფეხბურთო ფორუმზე ასპარეზობაა - მთავარ პრიორიტეტს და საზრუნავს კი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელის ღირსეულად წარმოჩენა წარმოადგენს და ამ მიზნისთვის ერთიანი გუნდით ვაგრძელებთ მზადებას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
კობახიძე-პაპუაშვილის მიერ წარდგენილი 53-კაციანი სიიდან, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოებულთა შორის არ იყო 13 ადამიანი (ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები, სამწვრთნელო შტაბისა და პერსონალის რამდენიმე წარმომადგენელი).
პრეზიდენტის 23 მაისით დათარიღებული განკარგულების თანახმად, ღირსების ორდენით დაჯილდოებულთა შორის არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური (ლუქსემბურგთან) და ფინალური (საბერძნეთთან) შეხვედრებისთვის 26-კაციან განაცხადში გამოიძახეს. დაჯილდოვდა მთავარი მწვრთნელი და სამი მწვრთნელი.
ღირსების ორდენი ასევე გადაეცათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს და პირველ ვიცე-პრეზიდენტს, კახა ჭუმბურიძეს.
ღირსების მედლები კი გადაეცა ეროვნული ნაკრების პერსონალის ექვს წარმომადგენელს.
ასევე ნახეთ სია - პრეზიდენტმა გამოაქვეყნა ღირსების ორდენით დაჯილდოებული ფეხბურთელების და ფედერაციის წარმომადგენლების ჩამონათვალიღირსების ორდენის გადაცემის შესახებ ცნობილი 13 ივნისს გახდა. ამავე განცხადებაში ადმინისტრაციამ კახა კალაძის საპასუხოდ აღნიშნა: „დღეს გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტი უარს აცხადებს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე“.
მანამდე კალაძემ მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ პრეზიდენტი ჯერ კიდევ არ გამოხმაურებია ფეხბურთელებისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების ღირსების ორდენზე წარდგენის საკითხს.
საქართველოს ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მას შემდეგ წარადგინეს, რაც ჩვენმა ფეხბურთელებმა საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში, პენალტების სერიაში დაამარცხეს საბერძნეთი და ისტორიაში პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე.
ევროპის ჩემპიონატმა სტარტი 14 ივნისს აიღო. ევრო 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს დორტმუნდში გამართავს თურქეთთან; 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს შეხვდება; 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიასთან ითამაშებს.
ასევე ნახეთ თურქეთი - გაიცანი მეტოქე