Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაკრებს რამდენად უღირს ასეთი ორდენები“ - კალაძე ზურაბიშვილს საყვედურობს მიწოდებული სიიდან რამდენიმე პირის გამოტოვების გამო


 თბილისის მერი კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განკარგულებას საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების, მწვრთნელების, პერსონალისა და ფედერაციის ხელმძღვანელობის ღირსების ორდენითა და მედლით დაჯილდოების შესახებ, გამოეხმაურა თბილისის მერი.

კახა კალაძე ზურაბიშვილს საყვედურობს იმის გამო, რომ მან პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ სიაში შეყვანილი ყველა ადამიანი არ დააჯილდოვა.

„რამდენი ხანია, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ჩვენი წარმატებული ფეხბურთელები, მთლიანად გუნდი წარადგინა ღირსების ორდენზე, არავის ამოუღია ხმა. მას შემდეგ, რაც მე გავაკეთე განცხადება და ვთქვი, რომ ამდენი ხანია, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი არ აჯილდოებს სპორტსმენებს, თქვეს, რომ მაისის თვეში გამოვეცითო და არ ვსაუბრობდითო. განკარგულებაში უამრავი ადამიანია გამოტოვებული. ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, კოლეგები და ადამიანები, ვინც მათთან ერთად იბრძოდა, წვლილი აქვს შეტანილი ამ გამარჯვებაში, გამოტოვა და დანარჩენს მისცა“, - თქვა კალაძემ.

პრეზიდენტის 23 მაისით დათარიღებული განკარგულების თანახმად, ღირსების ორდენით დაჯილდოებულთა შორის არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური (ლუქსემბურგთან) და ფინალური (საბერძნეთთან) შეხვედრებისთვის 26-კაციან განაცხადში გამოიძახეს. დაჯილდოვდნენ მთავარი მწვრთნელი და სამი მწვრთნელი.

ღირსების ორდენი ასევე გადაეცათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს და პირველ ვიცე-პრეზიდენტს, კახა ჭუმბურიძეს.

ღირსების მედლები კი გადაეცა ეროვნული ნაკრების პერსონალის ექვს წარმომადგენელს.

სიაში, რომელიც კობახიძე-პაპუაშვილმა პრეზიდენტს გაუგზავნეს, აგრეთვე იყვნენ პირები, რომლებიც პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, დაჯილდოებულთა შორის არ არიან. კერძოდ, ვიცე-პრეზიდენტები ნიკოლოზ ჯღარკავა, ალექსანდრე იაშვილი, აკაკი ალადაშვილი; ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე; მწვრთნელების და პერსონალის ნაწილი: დავით გვარამაძე, ირაკლი ჩიტაური, ლევან ზამთარაძე, გიორგი კაციტაძე, ვლადიმერ დვალიშვილი, გიორგი ქოჩლაძე, გელა გუჩუა, გიორგი დუღაძე, კონსტანტინე თედელური.

განახლება

მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტი ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს სექტემბერში პირადად დააჯილდოებს.

„ახლა ჩვენი ფეხბურთელების ირგვლივ უნდა სუფევდეს ხალხის ერთობა და საზეიმო განწყობა, მათ სჭირდებათ მთელი ქვეყნისგან, ყველა ინსტიტუტისგან თანადგომა და გამხნევება. ეს ერთობა არსებობს და ვერანაირი მდაბიო მცდელობა ამას ვერ შეარყევს. წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებთ ჩვენს ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე“, - წერია განცხადებაში.

ღირსების ორდენის გადაცემის შესახებ ცნობილი 13 ივნისს გახდა. ამავე განცხადებაში ადმინისტრაციამ კახა კალაძის საპასუხოდ აღნიშნა: „დღეს გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტი უარს აცხადებს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე“.

მანამდე კალაძემ მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ პრეზიდენტი ჯერ კიდევ არ გამოხმაურებია ფეხბურთელებისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების ღირსების ორდენზე წარდგენის საკითხს.

საქართველოს ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მას შემდეგ წარადგინეს, რაც ჩვენმა ფეხბურთელებმა საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში, პენალტების სერიაში დაამარცხეს საბერძნეთი და ისტორიაში პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე.

ევროპის ჩემპიონატმა სტარტი 14 ივნისს აიღო. ევრო 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს დორტმუნდში გამართავს თურქეთთან; 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს შეხვდება; 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიასთან ითამაშებს.

  • 16x9 Image

    დათო გამისონია

    ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2019 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG