6 მაისს გორში სასამართლომ განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ჩხრეკის დაკანონებას ეხებოდა. მოსამართლე ლევან დარბაიძემ მიიჩნია, რომ უკანონოა ბაბაევის პირადი და მანქანის ჩხრეკა, ასევე მანქანისა და ტანსაცმლის ამოღება - „ამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული ინფორმაცია, ნივთები და საგნები დაუშვებელ მტკიცებულებებად იქნეს ცნობილი", - აღნიშნა მან.
ბაბაევის ადვოკატმა კახა კალმახელიძემ რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მტკიცებულებების არარსებობის გამო, ამ ეტაპზე პროკურატურა ბრალის წარდგენას ვერ შეძლებს. მისი თქმით, ბიზნესმენს გაათავისუფლებენ, როგორც კი მისი დაკავებიდან 48 საათი ამოიწურება.
ბრალდების მხარე პირველი ინსტანციის მოსამართლის გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს და კვლავ მოითხოვს ჩხრეკის კანონიერების ცნობას. „შეიძლება, ბრალის წარდგენაც კი მოინდომონ, მაგრამ, ჩემი აზრით, ბრალსაც აღარ წარუდგენენ“, - გვითხრა კალმახელიძემ.
სასამართლო პროცესი
სხდომაზე მოსამართლემ ჩამოთვალა დარღვევები, რომლებიც ბაბაევის დაკავებისას გამოვლინდა. ის უშვებს, რომ ბიზნესმენს არაადამიანურად მოეპყრენ. ლევან დარბაიძის შეფასებით, ეს ვარაუდი ვერ გაქარწყლდა ვერც წარმოდგენილი მასალებით და ვერც საგამოძიებო ოქმში ასახული გარემოებებით.
„წარმოდგენილი მასალებით და სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საპროცესო კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით. იმ პირობებში, როდესაც კანონის მოთხოვნის შესაბამისად, არსებობდა აუცილებლობა, რომ ნეიტრალური მტკიცებულებით გამყარებულიყო საგამოძიებო მოქმედების კანონიერება, ასახულიყო თითოეული მოქმედება ვიდეოჩანაწერით, ან გარეშე პირის დასწრებით, ამის ობიექტური შესაძლებლობა ნამდვილად არსებობდა. ეს მოთხოვნა დარღვეულია, - აღნიშნა ლევან დარბაიძემ და განაგრძო, - ასევე საეჭვოა პირადი ჩხრეკის ოქმში სასამართლო პროცესზე გამოვლენილი გარემოება. აშკარად ოქმში ჩამატებულია კონკრეტული ფრაზა, რაც მანამდე წარმოდგენილ დოკუმენტში არ იყო და შეუძლებელია, რომ ქსეროქსის აპარატით მოხდეს ისე გადაღება, რომ რაღაც კონკრეტული ფრაზა იქ არ მოხვდეს; გარდა ამისა, ტანსაცმლის ამოღების დროს, საგამოძიებო ოქმის შედეგად და მიღებული განმარტებებით ვლინდება, რომ ამ მოქმედების დროს შესაძლოა, ადგილი ჰქონდა დაკავებულის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, რაც ვერ გაქარწყლდა როგორც წარმოდგენილი მასალებით, ასევე საგამოძიებო ოქმში ასახული გარემოებებით. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც გითხარით".
მოსამართლემ ბაბაევს მიმართა, რომ კანონით აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
რაც შეეხება სოსო ბაბაევს, მან პროცესის დასაწყისში მოსამართლეს უამბო როგორ მოხდა მისი დაკავება, ჩხრეკა და ორი ცეცხლსასროლი იარაღის - „მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტის და „კალაშნიკოვის“ ავტომატის ჩადება.
ბაბაევმა პროცესზე იმაზეც ისაუბრა, რომ მის მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი, ხოლო პოლიციის განყოფილებაში არაადამიანურად და ღირსების შემლახავად მოექცნენ, როდესაც გააშიშვლეს.
სოსო ბაბაევი პოლიციელთა ქმედებას, თავის სამოქალაქო აქტივიზმს და „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირებს.
„ეს არის სუფთად პოლიტიკური ანგარიშსწორება და ეს ადასტურებს, რომ სწორ მხარეს ვდგავარ. ვინც ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა, შევარდნაძის დროიდან არის მიჩვეული ჩადებებს. ნაცემს არაადამიანურად მეპყრობოდნენ და ამის ამსახველ ვიდეოებს უგზავნიდნენ თავის უფროსს. განყოფილებაში მიყვანისას ძალით გამხადეს ზედატანი, ტანზე შემომახიეს, ხელები უკან მქონდა შეკრული, რადგან ნება არ მივეცი და გავუძალიანდი, ტრუსიკიც კი შემომახიეს და დამტოვეს ეგრე. შიშველი დავრჩი და ესენი, ე.წ. სამართალდამცავები იცინოდნენ”, – განაცხადა სოსო ბაბაევმა სხდომაზე.
პოლიციელების წინააღმდეგ ბაბაევის მხარემ უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
სასამართლოში მყოფი პოლიციელები ამტკიცებდნენ, რომ ბაბაევი ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ აიყვანეს, როდესაც ის შეიარაღებული, საქმის გასარჩევად მიდიოდა, თუმცა მათ ვერ დაასახელეს - ვისთან.
პროკურატურა, გორის რაიონული მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს და ამისთვის 48 საათი აქვს. პროკურორმა მიხეილ ბერიშვილმა მხოლოდ ის თქვა, რომ გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილი წესით გასაჩივრდება.
ადვოკატის განცხადებით, მოსამართლე ლევან დარბაიძემ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო და ყველანაირი ჩხრეკა, რომელიც ბაბაევის მიმართ სამართალდამცავებმა განახორციელეს, ბათილად ცნო.
„ღირსეული მოსამართლეა და კანონიერ გადაწყვეტილებებს იღებს, გამორჩეულია ეს ადამიანი და მადლობა ამისთვის. იოსებ ბაბაევი მართალია და ყველა შემთხვევაში ეს ადამიანი უნდა გამოუშვან”, – ამბობს კალმახელიძე.
ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი სოსო ბაბაევი გორში 4 ივნისის საღამოს დააკავეს. შსს-ს გამოძიება დაწყებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ ბიზნესმენ სოსო ბაბაევის გათავისუფლების მოთხოვნით გორში აქცია გაიმართაადვოკატი და ახლობლები ფიქრობენ, რომ ბაბაევი „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობის გამო ისჯება.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სოსო ბაბაევი უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეკრებით და ადგილზე ჩატანითაც იყო დაკავებული.
ასევე ნახეთ გორელი ბიზნესმენი და აქტივისტი სოსო ბაბაევი გაათავისუფლესვინ არის მოსამართლე ლევან დარბაიძე?
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძე იყო იმ ათამდე მოსამართლეს შორის, რომლებმაც ე.წ. აგენტების კანონის განხილვის დროს სოციალურ ქსელებში კონსტიტუციის 78-ე მუხლის ჩანაწერი გამოაქვეყნეს. ეს მუხლი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობის ვალდებულებას შეეხება, ხოლო, „აგენტების კანონის“ ამ მუხლთან შეუთავსებლობა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების [ვეტოს] ტექსტშიც იყო აღნიშნული.
ასევე ნახეთ "აგენტების კანონი" და მოსამართლეების თავშეკავებული პროტესტილევან დარბაიძე არ ეწინააღმდეგებოდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას, ევროკავშირის ცხრა პირობიდან გამომდინარე.
ასევე ნახეთ „ვეტინგის“ მომხრე კოლეგებს მოწინააღმდეგე მოსამართლეები „არაკოლეგიალურებად“ მოიხსენიებენ2021 წლის ნოემბერში ლევან დარბაიძე 20-ზე მეტ კოლეგა მოსამართლესთან ერთად გაემიჯნა იმ განცხადებას, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების კრიტიკის პასუხად გაავრცელა.
დარბაიძე ასევე ხელს აწერდა კოლეგების განცხადებას, რომელშიც გაკრიტიკებული იყო „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები. მაშინ მოსამართლეები წერდნენ, რომ ამ ცვლილებებით მათ ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას ექმნებოდა საფრთხე. საბოლოოდ, პარლამენტმა ეს ცვლილებები დაამტკიცა.