მადონა მაისურაძე რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა. იგი აქამდე ორი სხვადასხვა სასწავლო პროგრამით იყო შტატებში, მათ შორის, შარშან გაიარა ის კურსი, რასაც ახლა მისი კოლეგები ესწრებიან ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში.
ვიზიტის დროს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლეები ძირითადად ეცნობიან, როგორ მუშაობს ამერიკაში ნაფიც მსაჯულთა პრაქტიკა და რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს სასამართლო ოჯახში ძალადობის საქმეების განხილვისას.
ატლანტაში მიმდინარე პროფესიულ სემინარზე, რომელსაც ამერიკის მოქალაქეები აფინანსებენ, მოსამართლეები უშუალოდ თარჯიმნის დახმარებითა და მასპინძელი ამერიკელი მოსამართლის თანხლებით აკვირდებიან შტატებში სისხლის სამართლის საქმეების წარმოებას. ასევე ყველა მოსამართლეს თითქმის ინდივიდუალურ მენტორობას უწევენ ამერიკელი მოსამართლეები.
აშშ-ს საელჩოს პროგრამები ასევე მოიცავს ტრენინგებსა და კონფერენციებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე, სასამართლო დარბაზის მართვასა და მართლმსაჯულების სისტემის სხვა საკითხებზე.
გასულ წელს 26-მა ქართველმა მოსამართლემ გაიარა სასწავლო პროგრამა.
“რამდენიც არ უნდა წაიკითხო, რამდენ კვლევასაც არ უნდა გაეცნო, უშუალოდ, როდესაც პროცესებში ხარ ჩართული, ხედავ და ყველაფერს აკვირდები, ბუნებრივია, ცოდნა გემატება”, - ამბობს მადონა მაისურაძე და იხსენებს ატლანტაში, კობის [ზედა ინსტანციის] საოლქო სასამართლოს სხდომებს, რომლებზეც მკვლელობებისა და სხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულების საქმეებს ნაფიცი მსაჯულები ისმენდნენ.
“ეს [სემინარი] მოიცავს ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესს, განხილვას და ვერდიქტის მიღებას, რაც ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. სასამართლო განხილვები დილის 10 საათიდან იწყება და საღამოს 5 საათამდე გრძელდება. თავისთავად, ამას ვესწრებოდით…”, - ამბობს ის და აღნიშნავს, რომ, მისი აზრით, ეს გამოცდილება საინტერესო იქნებოდა იმ მოსამართლეებისთვის რეგიონებიდან, რომლებმაც წელს კოლეგების სანქცირების შემდეგ უარი თქვეს აშშ-ში გამგზავრებაზე.
მათ შორის იყვნენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან ნანა ჯოხაძე და ბათუმის სასამართლოდან თამარ ბეჟანიშვილი. მაშინ იუსტიციის საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა მოსამართლეების ეს ნაბიჯი სანქცირებული კოლეგებისადმი “სოლიდარობის გამოცხადებად” შეაფასა.
“ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ნაფიცი მსაჯულების სასამართლო აბსოლუტურად განსხვავებული ტიპის პროცესია. თუ მართლა შენი თვალით არ ნახე, ძალიან გაჭირდება ამ გამოცდილების დაგროვება, ამას წლები სჭირდება”, - ამბობს მოსამართლე მადონა მაისურაძე, რომელიც, ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის “უცხოა” კოლეგების მხრიდან “სოლიდარობის აქტების” გამოხატვა და გაუგებარია, რატომ ხდება ეს მაინცდამაინც ამერიკული სასწავლო პროგრამების შემთხვევაში.
“მართალი გითხრათ, არ მესმის, არც გამოცდილება არსებობს ამისი, ზოგადად, ჩვენ ერთმანეთისგან არც ვითხოვთ სოლიდარობას, რადგან პოტენციურად, ამან შეიძლება, მიკერძოების ნიშნებიც გააჩინოს. შეიძლება აღმოჩნდეს სიტუაცია, როცა მოსამართლეც თავად იყოს მხარე სასამართლოში… შარშანაც იყო სოლიდარობის შემთხვევა [როცა “მთავარი არხის” გენდირექტორის, ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩომ პროგრამიდან მოხსნა, მოსამართლეთა ნაწილმა შტატებში გამგზავრებაზე უარი თქვა - რ.თ.] და მაშინ სანქცირება არ ყოფილა მიზეზი, ახლა ეს არის. ვფიქრობ, ამ ორი საკითხის გაერთიანება მაინცდამაინც მიზანშეწონილი არ არის”, - ამბობს მოსამართლე.
ატლანტის პროფესიულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად თამარ ბეჟანიშვილსა და ნანა ჯოხაძესთან ერთად კიდევ ორი მოსამართლე უნდა გამგზავრებულიყო - თბილისის საქალაქო სასამართლოდან კონსტანტინე კოპალიანი და ბადრი კოჭლამაზაშვილი.
გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე, მათგან ნაწილმა სანქცირებული კოლეგების მიმართ სოლიდარობის, ნაწილმა კი “ვიზიტის მკვეთრად პოლიტიკური მნიშვნელობის” მიზეზით თქვა უარი წასვლაზე, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი და მზაობა მანამდე განაცხადის შევსებით დაადასტურეს.
სასწავლო ვიზიტში მონაწილეობაზე უარი არ უთქვამს მხოლოდ ერთ, მეხუთე მონაწილეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ელიეშვილს.
ვიზიტი რომ არ ჩაშლილიყო, მასში მონაწილეობას სხვა მოსამართლეებიც დათანხმდნენ, მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ეკა არეშიძე და გორის სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე, ლევან დარბაიძე. ისინი გასულ წელსაც იყვნენ აშშ-ის საელჩოს სასწავლო ვიზიტში ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში.
სემინარის კიდევ ერთი მონაწილე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამარ ჩიხლაძეა.
ჯგუფის განახლების შესახებ ინფორმაცია მოსამართლე ეკა არეშიძის საჯარო პოსტიდან გახდა ცნობილი, როდესაც მან ატლანტაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
მოგვიანებით, ამერიკაში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა მოსამართლე ლევან დარბაიძემაც და მიაწერა: “აშშ-ში სასწავლო ვიზიტი დაიწყო”.
რადიო თავისუფლებას ამერიკაში მყოფმა მოსამართლეებმა ინტერვიუზე უარი გადატვირთული გრაფიკის მიზეზით უთხრეს.
სისტემა სანქცირებულების მხარდასაჭერად
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ მოსამართლეებს “სრული თანადგომა” გამოუცხადა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ.
“მე ვერ მივიღებ ვერცერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის შესახებ... მე მათ [სანქცირებულ მოსამართლეებს - რ.თ.] ვუცხადებ სრულ თანადგომას. მე, როგორც უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვიქნები მათი და თითოეული მოსამართლის ხელშეუხებლობის გარანტორი...“, - თქვა ქადაგიძემ. მანვე აშშ-ს გადაწყვეტილებას სანქცირებაზე “შეცდომა“ უწოდა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ “შესაბამისი უწყებების მხრიდან ეს საკითხი გადაიხედება...“.
იგივე მოწოდება ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსაც, რომელმაც სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს ვრცელი წერილით აცნობა, რომ “საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტილების გადახედვის ან მტკიცებულებების წარდგენის იმედს გამოთქვამს“. სხვა შემთხვევაში, მოსამართლეების სანქცირება “სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად და მის საქმიანობაში უხეშ ჩარევად“ იქნება აღქმული.
მოსამართლეთა სანქცირება პოლიტიკურ დისკუსიად იქცა პარლამენტში - “მათ მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის” გამო უკვე სამჯერ შეუშალა ხელი “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციას, შეექმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც სასამართლო სისტემაში კორუფციაზე ბრალდებებს გამოიძიებდა.
უმრავლესობის დეპუტატებმა სამი დღის განმავლობაში, 18, 19 და 20 აპრილის პლენარულ სესიებზე, ფაქტობრივად, პარლამენტის მუშაობა ჩაშალეს - რეგისტრაცია არ გაიარეს, კვორუმის გარეშე კი კენჭი ვერც საგამოძიებო კომისიის შექმნას უყარეს და ვერც სხვა კანონპროექტებს. “ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვიხილავთ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მიერ კომისიის შექმნას სასამართლოსთან დაკავშირებით. ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ, ეს არის ჩვენი პრინციპული პოლიტიკური პოზიცია“, - უთხრა ირაკლი კობახიძემ 18 აპრილის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს.
საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 ხმა იყო საჭირო, რაც, სამივე სხდომის გახსნის შემთხვევაში, ოპოზიციას ჰქონდა. მომავალი კვირა ისევ სასესიო იქნება და ოპოზიცია ისევ ემზადება კენჭისყრისთვის.
“მოსამართლეებზე რაიმე ზემოქმედების პროცესში სუბიექტურობა შეიძლება ამოვიკითხოთ”
შეიძლება თუ არა, სოლიდარობის არგამოცხადების გამო რაიმე ზომები გამოიყენონ მათზე, ვინც სასწავლო ვიზიტს დათანხმდა, ამაზე მოსამართლე მადონა მაისურაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამის არცერთი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, სხვა შემთხვევაში, “სუბიექტური დამოკიდებულებებით, ვინ როგორ იმოქმედებს, ბუნებრივია, ვერ ვიტყვი”.
“პირობითად, საბჭოში რაიმე ზემოქმედების, სადამსჯელო ზომების მიღების პროცესი თუ დაიწყო, ამას სამართლებრივი საფუძველი ვერ ექნება და შესაძლებელია, მასში მხოლოდ სუბიექტურობა და მიკერძოების ნიშნები ამოვიკითხოთ”, - ამბობს ის.
სანამ სასამართლო სისტემა “საფრთხის წინაშეა”, ხოლო სანქციებისა და დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი “ჩამოკიდებული”, ვერანაირი სადამსჯელო ღონისძიება ვერ გატარდებაო, ამბობს “დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის“ წარმომადგენელი, კახა წიქარიშვილი, რომელიც სასამართლოში “კლანის“ არსებობის შესახებ ხშირად ლაპარაკობს.
“თუ ამ სანქციების საკითხმა ჩაიარა, საგამოძიებო კომისია არ შეიქმნა და ისევ ყველაფერი ძველებურ რეჟიმში დაბრუნდა, მაშინ შეიძლება, დაისაჯონ, გააჩნია რა ფორმით”, - ამბობს ის და ამის თეორიული მექანიზმის ორ ვერსიაზე გვიყვება: “ერთია მოსამართლის ნებართვის გარეშე სხვა სასამართლოში გადაყვანა და მეორეა დისციპლინური დევნა, რაც უნდა დაიწყოს მხარის საჩივრის საფუძველზე, ან რომელიმე მოქალაქის განცხადებით, ან მედიაში გავრცელებული ცნობით”.
ამასთან, წიქარიშვილი აღნიშნავს, რომ აშშ-ში ტრენინგზე წასვლა მაინც არ ნიშნავს მკაფიო განაცხადს, რამაც შეიძლება დიდი აურზაური გამოიწვიოს სისტემაში:
"ამერიკაში წასვლა ნიშნავს, შენ არ მიდიხარ, მე მივდივარ. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცები არიან სანქცირებული, ამერიკა არის ჩვენი პარტნიორი, იქ არის ძალიან მაღალი დონის სასამართლო სისტემა, იქ არიან ჩვენი კოლეგები... უბრალოდ, ახლა დაემთხვა ვითარება, როცა სანქციების გამო მოსამართლეთა ნაწილმა უარი თქვა. რასაკვირველია, არ არის კარგი "კლანისთვის", როდესაც ვიღაც ამერიკაში მიდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს "კლანთან" ომის გამოცხადებას".
მოსამართლეების ვიზიტი შტატებში 22 აპრილს დაიწყო და თვის ბოლომდე გაგრძელდება.