ბიზნესმენმა და სამოქალაქო აქტივისტმა სოსო ბაბაევმა გორის დროებითი დაკავების იზოლატორი დატოვა. ბაბაევი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ლევან დარბაიძემ 6 ივნისს გამართულ პროცესზე დაუშვებლად ცნო შსს-ს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. „მტკიცებულებების არარსებობის გამო, ამ ეტაპზე პროკურატურა ბრალის წარდგენას ვერ შეძლებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბაბაევის ადვოკატმა კახა კალმახელიძემ.
გათავისუფლებულ ბაბაევს სახეზე ცემის კვალი აღენიშნება. ბიზნესმენმა სასამართლო პროცესზე ილაპარაკა მის მიმართ პოლიციელების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის შესახებ. ამასთან განაცხადა, რომ „მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტი და „კალაშნიკოვის“ ავტომატი ჩაუდეს.
ბრალდების მხარე პირველი ინსტანციის მოსამართლის გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს და კვლავ მოითხოვს ჩხრეკის კანონიერების ცნობას.
ბაბაევმა კი პოლიციელების წინააღმდეგ უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ბიზნესმენის საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.
მოსამართლემ პროცესზე ბიზნესმენს მიმართა, რომ კანონით მას უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი სოსო ბაბაევი გორში 4 ივნისის საღამოს დააკავეს. შსს-ს გამოძიება დაწყებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ადვოკატი და ახლობლები ფიქრობენ, რომ ბაბაევი „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობის გამო ისჯება.
ფორუმი