გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ავუხსნით პარტნიორებს ევროპაში, რატომ უნდა ასე ძალიან საქართველოს მთავრობას ამ კანონის მიღება

გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

„თუკი შენი მიზანია წახვიდე არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც არ მოგწონს იმიტომ, რომ ისინი სვამენ შენთვის არამოსაწონ შეკითხვებს, ეს არადემოკრატიულია და შეუსაბამოა ევროპულ სტანდარტებთან.“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი,

რომელიც თვლის, რომ „აგენტების კანონი“ „არ არის გამჭვირვალეობაზე“. და აგრეთვე, მისი შეფასებით, თუკი კანონი საბოლოოდ ამოქმედდება სხვა რეალობა დადგება საქართველოსთვის: ყველაზე დიდი სანქცია, რომელიც შეიძლება წარმოვიდგინოთ, იქნება ის, რომ ეს ძალიან კარგი „მოგზაურობა“, რომელიც ისე არ დასრულდა, როგორც ხალხს სურდა“.

ლანდსბერგისი თავის ესტონელ, ლატვიელ და ისლანდიელ კოლეგებთან ერთად 15 მაისს ერთი დღით, "აგენტების კანონზე" შეხვედრების გასამართავად ეწვია თბილისს. დღის ბოლოს კი, ვიდრე დელეგაციის წევრებთან და დემონსტრანტებთან ერთად პარლამენტის წინ საპროტესტო აქციისკენ გაემართებოდა, ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლებას ლანდსბერგისი აცხადებს, რომ „საქართველო ეკუთვნის ევროპას - ეს არის გზავნილი, რომელიც გვესმის ხმამაღლა და მკაფიოდ. ამ გზავნილს არ ახლავს არანაირი ხინჯი, რომელიც დაგაეჭვებდა და გეზს შეგაცვლევინებდა, რაც გაფიქრებინებდა, რომ ეს თავსმოხვეული გადაწყვეტილებაა, ბუნდოვანია ან მოკლევადიანი. ეს არის კონტიტუციური და სულიერი განცდა, რაზეც ქვეყანა და მისი ხალხი აფუძნებს თავის რეალობას“. მისთვის სრულიად ნათელია, რომ „ერთადერთი და რეალური ომის პარტია არის მოსკოვში, მან წამოიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ და ჯერაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი“ და რომ „აგენტების კანონი“ არა გამჭვირვალეობაზეა, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროებას ისახავს მიზნად: „თუკი შენი მიზანია წახვიდე არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც არ მოგწონს იმიტომ, რომ ისინი სვამენ შენთვის არამოსაწონ შეკითხვებს, ეს არადემოკრატიულია და შეუსაბამოა ევროპულ სტანდარტებთან“.

რადიო თავისუფლება: საგარეო საქმეთა მინისტრო ლანდსბერგის, ნამდვილად ვაფასებთ თქვენს სტუმრობას ჩვენს სტუდიაში, ამ ძალიან, ძალიან დატვირთული და გრძელი დღის ბოლოს. დღეს შუადღისას, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თქვენ დაასახელეთ ვიზიტის მიზნები და აი, მის დასასრულს, ფიქრობთ, რომ ეს მოგზაურობა, ეს მისია, თქვენი მიზნები მიღწეულია?

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: იმედი მაქვს.

ეს ვერ გეცოდინება, ვიდრე არ შეაფასებ იმ შედეგებით, რომლებიც გამოჩნდება მხოლოდ რამდენიმე დღესა თუ რამდენიმე კვირაში, ვინაიდან გზავნილის მიწოდება მხოლოდ ერთი ნაბიჯია, მაგრამ იმ კანონის უკან გატანის მიღწევა, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ხალხის ინტერესის ღალატად, იქნება რეალური მიღწევა. თუმცა, დღეს ამისი თქმა არ შეგვიძლია.

საქართველო ეკუთვნის ევროპას - ეს არის გზავნილი, რომელიც გვესმის ხმამაღლა და მკაფიოდ. ამ გზავნილს არ ახლავს არანაირი ხინჯი, რომელიც დაგაეჭვებდა და გეზს შეგაცვლევინებდა... ეს არის კონსტიტუციური და სულიერი განცდა, რაზეც ქვეყანა და მისი ხალხი აფუძნებს თავის რეალობას.

რადიო თავისუფლება: უფრო მკაფიოდ რომ ითქვას - რას გულისხმობს დღევანდელი სიგნალი, რატომ იყო ვიზიტი აუცილებელი?

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: გვსურდა იმის თქმა, რომ ეს სერიოზული საკითხია. გულწრფელად რომ გითხრათ, დღევანდელი საუბრების დროს რამდენჯერმე მიგვანიშნეს, რომ, აი, ევროპამ აწია ყვითელი, ნარინჯისფერი თუ კიდევ რაღაც ფერის ალამი იმის სათქმელად, რომ ეს არასწორია, რომ არასწორი მიმართულებით სვლაა და ამას არაფერი მოჰყვა. ვფიქრობ, ამან შექმნა ერთგვარი წარმოდგენა - გარკვეული პერსპექტივიდან ევროპა შესაძლოა ჩანდეს თვითკმაყოფილად. ისე მოჩანს, რომ მაინც არაფერი მოხდება: ადამიანები ილაპარაკებენ, უკმაყოფილებას გამოხატავენ და შემდეგ ყველაფერი ჩაწყნარდება. ამიტომ, ჩვენი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო იმის თქმა, რომ შესაძლებელია წარსულში ყოფილიყო ასეთი აღქმა და ამგვარი შთაბეჭდილება შესაძლოა დიდწილად უკავშირდებოდეს...

რადიო თავისუფლება: კანდიდატის სტატუსის მინიჭებას [საქართველოსთვის]?

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, აგრეთვე მის წინამორბედ სავიზო გამარტივებას და ბევრ სხვა რამეს. ჩვენთვისაც კი, ვისაც საქართველოზე ფიქრისას ჩაგვესმის ქართველი ხალხის ხმა, ამ ყველაფრის დაკარგვაზე გადაწყვეტილების მიღება ძალიან დიდი რამ არის.

რადიო თავისუფლება: რას ამბობს ქართველი ხალხი, ვისი ხმაც „ჩაგესმით“?

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ეს აშკარაა, ეს სრულიად აშკარაა, რომ საქართველო ეკუთვნის ევროპას - ეს არის გზავნილი, რომელიც გვესმის ხმამაღლა და მკაფიოდ. ამ გზავნილს არ ახლავს არანაირი ხინჯი, რომელიც დაგაეჭვებდა და გეზს შეგაცვლევინებდა, რაც

...შეიძლება მიიღო საბედისწერო გადაწყვეტილება, რომელიც ლიანდაგიდან გადაიყვანს მთელ ძალისხმევას, რომელიც შენ, შენმა წინამორბედმა მთავრობამ, ხალხმა, ევროპაში შენმა მხარდამჭერებმა გასწიეს.

გაფიქრებინებდა, რომ ეს თავსმოხვეული გადაწყვეტილებაა, ბუნდოვანია ან მოკლევადიანი. ეს არის კონსტიტუციური და სულიერი განცდა, რაზეც ქვეყანა და მისი ხალხი აფუძნებს თავის რეალობას. ამიტომაც იყო საჭირო ეს ვიზიტი, მართლაც ზარის შემოსაკვრელად და წითელი ალმის ასაწევად, ყველაზე მკაფიო წითლისა, როგორის წარმოდგენაც შესაძლებელია, იმის სათქმელად, რომ შესაძლებელია ეს მოხდეს. რომ შენ მართლაც შეიძლება მიიღო საბედისწერო გადაწყვეტილება, რომელიც ლიანდაგიდან გადაიყვანს მთელ ძალისხმევას, რომელიც შენ, შენმა წინამორბედმა მთავრობამ, ხალხმა, ევროპაში შენმა მხარდამჭერებმა გასწიეს.

რადიო თავისუფლება: ამიტომაც უწოდეთ პრესკონფერენციაზე აქ გამართულ შეხვედრებს „დაუნდობლად გულახდილი“, არა?

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: დიახ.

რადიო თავისუფლება: უფრო მკაფიო რომ იყოს თქვენი მოლოდინი, ანდა შესაძლებელია არა მოლოდინი, არამედ უფრო სურვილები ვუწოდოთ იმას, რასაც ურჩევთ საქართველოს მთავრობას, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, გკითხავთ: თქვენ მოელით ამ კანონის უკან გატანას და არა მისი შეცლილი სახით, შესწორებებით შემობრუნებას, არა? ვინაიდან, ჩვენ მოვისმინეთ მცირედით განსხვავებული, მცირედით არა - განსხვავებული გზავნილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნისგან.

თუკი შენი მიზანია წახვიდე არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც არ მოგწონს იმიტომ, რომ ისინი სვამენ შენთვის არამოსაწონ შეკითხვებს, ეს არადემოკრატიულია და შეუსაბამოა ევროპულ სტანდარტებთან.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: შევეცადე ამის ახსნას პრესკონფერენციაზე. ჩვენ მკაფიოდ უნდა გვესმოდეს რა სწორდება ამ კანონით. თუკი ეს არის გამჭვირვალეობა, რომელიც მთავრობას სურს, ამის მისაღწევად არსებობს ევროპული გზები, რაშიც ევროკომისიას, ლიეტუვის მსგავს პარტნიორ ქვეყნებს შეუძლიათ დაგეხმარონ. მაგალითად, ლიეტუვაში ჩვენ გვაქვს უკიდურესად მკაცრი კანონები, როცა საქმე ეხება პარტიების დაფინანსებას. ისინი სრულ შესაბამისობაშია ევროპულ რეგულაციებთან და არავის შეუძლია პოლიტიკური კანდიდატების დაფინანსება, მხოლოდ - სახელმწიფოს. ასეთია ლიეტუვის კანონი. შეგვიძლია გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება ასეთ საკითხებში. ეს სისტემა წარმოუდგენლად გამჭვირვალეა. მაგრამ, თუკი შენი მიზანია წახვიდე არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც არ მოგწონს იმიტომ, რომ ისინი სვამენ შენთვის არამოსაწონ შეკითხვებს, ეს არადემოკრატიულია და შეუსაბამოა ევროპულ სტანდარტებთან. ვინაიდან, ჩვენი პერსპექტივიდან რომ გითხრათ, ლიეტუვაში გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც არ მოსწონთ, რასაც მთავრობა აკეთებს და ეს ეხება ყველა სფეროს, რისი წარმოდგენაც შეიძლება. და ასეა არა მხოლოდ ლიეტუვაში, არამედ - ყველა სხვა ევროპულ ქვეყანაში. ეს ასე მუშაობს. ასეთია ევროპა. ასე მუშაობს დემოკრატია.

რადიო თავისუფლება: თქვენ ხაზი გაუსვით ამ კანონის მიზანს და ცხადია, ძალიან კარგად გაიგეთ ის. უფრო ფართო პერსპექტივიდან რომ შევხედოთ: რა არის „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიზანი? რას ფიქრობთ დღეს, ყველა ამ შეხვედრის შემდეგ?

ახლა დგახართ გზაჯვარედინზე. ირჩევთ ან ერთ გზას, ან მეორეს. ერთ გზას მიჰყავხართ ევროპული თანამეგობრობისკენ, მეორე გაახლოებთ რუსეთთან.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ჩემი აქ ყოფნის მიზანი არ არის საქართველოს მთავრობისთვის რჩევის მიცემა. მე არ მინდა სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხაზების გადაკვეთა. საქართველოს მთავრობას აქვს მანდატი თავისი ხალხისგან, რაც აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ. შესაბამისად, მათი გადასაწყვეტია, როგორ შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს, რომლებიც დაეკისრათ არჩევნებით, კონსტიტუციით, მათ მიერვე გაკეთებული საჯარო დაპირებებით. ეს მათი გადასაწყვეტია.

ჩვენ იმის თქმა გვინდა, რომ ახლა დგახართ გზაჯვარედინზე. ირჩევთ ან ერთ გზას, ან მეორეს. ერთ გზას მიჰყავხართ ევროპული თანამეგობრობისკენ, მეორე გაახლოებთ რუსეთთან. ჩემთვის ეს არის ნათელი. თუმცა, მე არ ვარ ქართველი პოლიტიკოსი.

რადიო თავისუფლება: კიდევ რა არის თქვენთვის უკეთესად გასაგები ყველა ამ შეხვედრის შემდეგ, იქნებოდა ეს პრემიერმინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტის სპიკერი, სხვა დეპუტატები.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: რამდენიმე საკითხია: უპირველეს ყოვლისა, ძალიან მკაფიოდ უნდა ვუთხრათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და საქართველოს საზოგადოების გზავნილიც მკაფიო უნდა იყოს იმაზე, თუ სინამდვილეში რაზეა ეს კანონი. მისთვის „რუსული კანონის“ დარქმევა ადვილად დასამახსოვრებელია და არის

დაშინებები ორკესტრირებულია. ეს არ არის შემთხვევითი ფაქტები, რომლებიც აქაიქ ხდება. ეს აშკარად დაგეგმილია, ორგანიზებულია...

ლოგიკა ამის უკან, ვინაიდან ის გამოიყურება მოსკოვში დაწერილი კანონის მსგავსად, მაგრამ საჭიროა სიტყვასიტყვით ახსნა იმისა, თუ რას გულისხმობს ის და რა მოხდება, თუკი ეს კანონი ამოქმედდება, რა მოხდება არჩევნებამდე, რა ბედი ეწევათ რიგ არასამთავრობო ორგანიზაციებს? - ამას სჭირდება კარგად ახსნა. ჩვენ გავავრცელებთ ამ გზავნილს ისე, როგორც გვესმის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია თქვენც გააკეთოთ ეს.

და, თუ შეიძლება, მეორესაც ვიტყვი: ნამდვილად შემაშფოთებელია, რაც ქუჩაში ხდება - დაშინებისა და სისასტიკის შემთხვევები. ეს უნდა შეწყდეს! დაშინებები ორკესტრირებულია. ეს არ არის შემთხვევითი ფაქტები, რომლებიც აქაიქ ხდება. ეს აშკარად დაგეგმილია, ორგანიზებულია და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ისინი, ვინც აორგანიზებს... მთავრობას გააჩნია ამის შეჩერების უზრუნველყოფის ბერკეტები. მთავრობას გააჩნია ლეგიტიმური ძალაუფლება. ეს ეწინააღმდეგება ევროპულ გზას.

რადიო თავისუფლება: ამბობთ „შეაჩეროსო“ და ახსენებთ ევროპულ გზას. უნდა ითქვას, რომ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები სასტიკად სცემენ ზოგიერთ ადამიანს და დიახ, შემდეგ ჩერდებიან. იმედი მაქვს, გულისხმობთ აგრეთვე გამოძიებასაც ისეთ შემთხვევებზე, როგორიც ეს არის [ვაჩვენებ სასტიკად ნაცემი დავით ქაცარავას ფოტოს - ნ.გ.], დარწმუნებული ვარ, ეს ნანახი გაქვთ.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: დიახ, რა თქმა უნდა.

ჩვენ დავაყენეთ ეს საკითხი, გამოძიებისა და შეჩერებისა კომპლექსურად, რაც არ გულისხმობს მხოლოდ ამის ფიზიკურად აღარ ჩადენას. არამედ, ვგულისხმობ იმას, რომ მშვიდობიანი პროტესტი დაშვებული უნდა იყოს ყველგან და ის, სინამდვილეში, უნდა იყოს დაცული. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ გამოხატვის შესაძლებლობა საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მათთვის.

არავის აეჭვებს, რომ გამჭვირვალეობა საჭიროა. არ მგონია, საქართველოში ბევრი იყოს, ვინც გამჭვირვალეობის წინააღმდეგი იქნებოდა. პრობლემა ის არის, რომ გამჭვირვალეობის ცნება ამას არ გულისხმობს.

რადიო თავისუფლება: ამბობენ, რომ ეს ძალადობა წახალისებულია და ჩვენ ამას თვალს ვადევნებთ. მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ეს შევაფასო და სახელი დავარქვა, თუმცა უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს ასეა - ეს ძალადობა წახალისებულია და ასე ჩანს საპროტესტო აქციების მიმდინარეობის ადგილებზე.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ჩვენ ეს საკითხი დავაყენეთ ყველა შეხვედრაზე, რომელიც გავმართეთ.

რადიო თავისუფლება: შეიძლება გკითხოთ ის, რაც, ვიცი, უკვე გკითხეს: „ქართული ოცნება“ იყენებს რამდენიმე ნარატივს. ერთ-ერთი არის „გლობალური ომის პარტიაზე“ და მეორე ეხება იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა ევროკავშირისკენ მიჰყავს და რომ იქნება გაწევრიანება 2030-ში და მანამდე, მიმდინარე წლის ბოლოს, უეჭველად, დანამდვილებით ჩვენ გაგვეხსნება ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები. შეეხნენ ამ საკითხებს თქვენთან შეხვედრებზე?

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: არა, არა, ამაზე დეტალურად არ გვიმსჯელია. საუბარი დიდწილად შეეხებოდა საკუთრივ კანონს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ცდილობდნენ წარმოედგინათ არგუმენტები რატომ არის ეს კანონი საჭირო, რატომ არის საჭირო გამჭვირვალეობა. არავის აეჭვებს, რომ გამჭვირვალეობა საჭიროა. არ მგონია, საქართველოში ბევრი იყოს, ვინც გამჭვირვალეობის

თუკი საქართველოს არ შეუძლია მორიგი ნაბიჯის გადადგმა ევროპისკენ, ეს ამ მთავრობის კისერზეა, ვინაიდან ეს მათი გადაწყვეტილებაა, მათ გააკეთეს ეს და ეს მათი პასუხისმგებლობაა.

წინააღმდეგი იქნებოდა. პრობლემა ის არის, რომ გამჭვირვალეობის ცნება ამას არ გულისხმობს. რაც შეეხება ნარატივებს, ვფიქრობ, მოვახერხეთ როგორღაც აგვეხსნა, რომ ისინი მთლად სიმართლე არ არის და ჩვენ, ჩვენი პერსპექტივიდან განსხვავებული ხედვა გვაქვს. ერთი შეეხება კანონს: იმ ფორმით და იმ სახით, როგორც ახლაა წარმოდგენილი და იმ მიზნებით, რომელიც მას აქვს, შეუსაბამოა საქართველოს ტრანსატლანტიკურ ამბიციასთან. ეს არის ნომერი პირველი საკითხი და ეს არის საქართველოს ახლანდელი მთავრობის პასუხისმგებლობა. თუკი საქართველოს არ შეუძლია მორიგი ნაბიჯის გადადგმა ევროპისკენ, ეს ამ მთავრობის კისერზეა, ვინაიდან ეს მათი გადაწყვეტილებაა, მათ გააკეთეს ეს და ეს მათი პასუხისმგებლობაა. ეს რაც შეეხება პირველ ნარატივს. მეორე ნარატივზე ვიტყვი, რომ - სევდისმომგვრელია, ვინაიდან ეს ნარატივი ყოველ ჯერზე კრემლისგან გვესმის. გარკვეული ადამიანები ამ ნარატივს ჩვენს საზოგადოებებშიც ავრცელებენ. უმრავლეს შემთხვევაში, ესენი არიან აგრესიულად ანტიუკრაინული განწყობის მქონე, პრორუსი ადამიანები და სამწუხაროა, როცა აქაური მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან გესმის იგივე, რადგან ერთადერთი და რეალური ომის პარტია არის მოსკოვში, მან წამოიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ და ჯერაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი.

რადიო თავისუფლება: როგორც ვხვდები, ეს ნარატივები არა იმდენად თქვენთვის, რამდენადაც საქართველოს საზოგადოების, მისი ნაწილისთვის არის, რომელსაც ისინი საკმაოდ ხშირად აშინებენ ამით - მათ სჩვევიათ იმის მტკიცება, რომ ისინი ინარჩუნებენ მშვიდობას ქვეყანაში და მათ გარეშე ქვეყანას რუსეთთან ომში იქნებოდა ჩათრეული.

გულწრფელად რომ გითხრათ, ზოგიერთ მათგანთან შეხვედრისას საგრძნობი იყო, რომ აქვთ სხვადასხვა ხარისხის უხერხულობის განცდა, ასე ვიტყოდი.

პარლამენტის სპიკერ შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ, თქვენ და თქვენს მინიმუმ ერთ კოლეგას, ესტონელ კოლეგას მოგიწიათ მისი ზოგიერთი გზავნილის შესწორება შეხვედრის შემდეგ. ყველა ეს შეხვედრა ერთმანეთს რომ შევადაროთ, რომელზე გქონდათ უფრო მეტად განცდა (მესმის, არ შეგიძლიათ დეტალების გაზიარება), რომ მასპინძელთან საერთო ენაზე ლაპარაკობდით?

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: გულწრფელად რომ გითხრათ, ზოგიერთ მათგანთან შეხვედრისას საგრძნობი იყო, რომ აქვთ სხვადასხვა ხარისხის უხერხულობის განცდა [იცინის], ასე ვიტყოდი. [„ქართული ოცნების“] ზოგიერთ წარმომადგენელს აქვს, როგორც იტყვიან, ძლიერი თვითრწმენა თავიანთ ქმედებებში - რომ, რასაც აკეთებენ, სწორია და ცვლილება არ სჭირდებათ, სხვებს - მაინცდამაინც არა. ეს არის ერთადერთი განსხვავება, რისი თქმაც შემიძლია. თუმცა, დიდ საიდუმლოს არ გავამხელ, თუ ვიტყვი, რომ ეს არ იყო მარტივი შეხვედრები.

რადიო თავისუფლება: გმადლობთ. ზუსტად რა უნდა მოხდეს ორ კვირაში, რას მოელით? რა იქნება თქვენი გზავნილი თქვენი დედაქალაქებისთვის, ბრიუსელისთვის?

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ძირითადად, ავუხსნით, რაც აქ მოვისმინეთ. უკვე ვთქვი, რომ ეს იქნება გზავნილი სამოქალაქო საზოგადოებისგან მათი ღელვის, მათი მოლოდინების შესახებ; აგრეთვე იმის შესახებ, როგორ ეპყრობიან მათ - ვისაუბრეთ მათ მიმართ სისასტიკეზეც. გარდა ამისა, ცოტათი მეტად ავუხსნით ჩვენს პარტნიორებს ევროპაში იმას, სინამდვილეში რა შეიძლება მოხდეს, თუკი კანონი იქნება დამტკიცებული და რატომ უნდა ასე ძალიან საქართველოს მთავრობას ამ კანონის მიღება. ვფიქრობ, ეს უნდა ითქვას, ამას სჭირდება გამეორება. და კიდევ, რაც უნდა გავაკეთო, ამაზე კოლეგებსაც ვესაუბრე - რამდენიმე კვირაში ისევ შევხვდებით ერთმანეთს ბრიუსელში, ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ.

ყველაზე დიდი სანქცია, რომელიც შეიძლება წარმოვიდგინოთ, იქნება ის, რომ ეს იყო ძალიან კარგი „მოგზაურობა“, რომელიც ისე არ დასრულდა, როგორც ხალხს სურდა.

რადიო თავისუფლება: თუკი კანონი დამტკიცდება... ვხედავთ, რომ საქართველოს მეგობრებისა და პარტნიორების მოდის უამრავი გაფრთხილება. შესამჩნევია ასევე, რომ თქვენ და თქვენმა კოლეგებმა არაერთხელ გაიმეორეთ - „ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ“, გუშინ ლიეტუვის პარლამენტის წევრისგან მოვისმინე „ჩვენ არ ვართ აგენტები“-ო. მსგავს ვითარებას გარკვეული ხნის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მეგობრებს ამის გამოცხადება დასჭირდებოდათ. რა მოხდება კანონის დამტკიცების შემთხვევაში? ვიტყოდი, თუკი ძალაში შევა, ვინაიდან ის სამი მოსმენით მიღებულია და ახლა ვეტოს მოლოდინია.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ვფიქრობ, ძალიან რთული დისკუსია დაიწყება ბრიუსელში და არა მხოლოდ ბრიუსელში, არამედ სხვა დედაქალაქებშიც ამ საკითხის მიმართ პოზიციის განსასაზღვრად. ვფიქრობ, ეს დებატები წარიმართება ახალ რეალობაში - ისეთში, როგორშიც საქართველო არასდროს ყოფილა მას შემდეგ, რაც გამოაცხადა და შეუდგა კიდეც ტრანსატლანტიკურ გზას. იმის თქმა მინდა, რომ ეს იქნება სივრცე, სადაც საკმაოდ ნათელი იქნება, რომ დიდი ალბათობით თქვენ არ შეგწევთ შემდეგი ნაბიჯის გადადგმის უნარი.

რადიო თავისუფლება: დღეს თქვენ არ გიხსენებიათ სიტყვა „სანქცია“. თქვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ ახსენა. საგანგებოდ არ ახსენებთ?

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ამაზე ვისაუბრეთ კოლეგებთან.

რადიო თავისუფლება: აქ მყოფ კოლეგებს გულისხმობთ?

როცა ბატონი ივანიშვილის გამოსვლა მოვისმინე, ეს იყო ერთ-ერთ ყველაზე გულსატკენი მომენტი, იმის გათვალისწინებით - როგორ აღვიქვამ მე საქართველოს. მართლა მტკივნეული იყო მისი მოსმენა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: დიახ, დიახ, ვისთან ერთადაც ჩამოვედი. ევროპული პოლიტიკა რთულია. ზოგიერთ ვითარებაში ვარჩევ ყველა ვარიანტი იდოს მაგიდაზე - მაგალითად, შეგვიძლია ვილაპარაკოთ სანქციებზე ან რაღაც მსგავსზე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად იქნება გამოყენებული, ანდა არ იქნება გამოყენებული იმ ფორმით, როგორც დღეს ეს ვინმეს წარმოუდგენია. ასე რომ, არსებობს ინსტრუმენტები, გზები - როგორ შეიძლება უპასუსოხ ევროკავშირმა [საქართველოს] მთავრობის გადაწყვეტილებებს. ყველაზე დიდი "სანქცია", რომელიც შეიძლება წარმოვიდგინოთ, იქნება ის, რომ ეს აღმოჩნდება ძალიან კარგი „მოგზაურობა“, რომელიც ისე არ დასრულდა, როგორც ხალხს სურდა.

რადიო თავისუფლება: ეს არის სამწუხარო.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ასეა.

რადიო თავისუფლება: სამწუხაროა ისიც, რომ, ვისურვებდი თქვენთან ინტერვიუ მქონოდა საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსკენ სვლის წარმატებულ პროცესზე. ნატოში ინტეგრაცია არც კი გვიხსენებია ამ ინტერვიუში და ეს ძალიან სამწუხაროა.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: სულ ბოლოს, ერთსაც ვიტყვი, თუ შეიძლება.

რადიო თავისუფლება: დიახ, ბრძანეთ.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: როცა ბატონი ივანიშვილის გამოსვლა მოვისმინე, ეს იყო ერთ-ერთ ყველაზე გულსატკენი მომენტი, იმის გათვალისწინებით - როგორ აღვიქვამ მე საქართველოს. მართლა მტკივნეული იყო მისი მოსმენა. დავჯექი და შევუდექი წერას, რაც მერე „ტვიტად“ იქცა. ეს ჰგავდა წერილის მიწერას მეგობრისთვის, რომელიც სჩადის ისეთ რამეს, რაც შეიძლება გამოუსწორებელი აღმოჩნდეს და შენ გინდა ის გაჩერდეს, არ გააკეთოს ეს. ვინაიდან, თუკი ეს ქვეყანა ხაზს გადაკვეთს, უკან დაბრუნება უკიდურესად რთული იქნება. ჩვენ ხომ ასე თავდაუზოგავად ვიმუშავეთ წინა მთავრობასთანაც, ამ მთავრობასთანაც, ყველა ნაბიჯზე - რომ მიგეღწიათ იმისთვის, სადაც ახლა ხართ. ამ ყველაფრის დაკარგვა გულისტკივილის განცდას სცდება. ბოდიში, ამ დრამატიზმისთვის.

რადიო თავისუფლება: გსურდათ ივანიშვილთან შეხვედრა?

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: უარს არ ვიტყოდი, შესაძლებლობა რომ ყოფილიყო.

რადიო თავისუფლება: ანუ, არ იყო დაგეგმილი.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: არა.

რადიო თავისუფლება: დიდი მადლობა და უკეთეს დროს შევხვედროდეთ.