პარლამენტში „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით განხილვას განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს, ზიანს არ უნდა აყენებდეს პარტნიორებთან ურთიერთობებს და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „აგენტების კანონი“ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის საფუძველს ქმნის.
„როგორც კანონპროექტის სათაური, ასევე პროექტში არსებული არაერთი ჩანაწერი პრობლემურია, რაც კანონის ადრესატებისთვის ღირსების შემლახველი შეიძლება გახდეს. ამასთან, პროექტი მოქალაქეთა შესახებ საკმაოდ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვების და გასაჯაროების რისკის შემცველია, რაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის საფუძველს ქმნის.
აღსანიშნავია, რომ კანონის პროექტის განხილვა ჩვენი მოქალაქეების თითქმის ერთთვიანი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს“, - წერია განცხადებაში.
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, „გამჭვირვალობის მიზნის მისაღწევად“ სხვა გზას მიმართოს: „ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს გამჭვირვალობის მიზნის მიღწევა განხორციელდეს წარმოდგენილ კანონპროექტში ან მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით და უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის ასეთი ფორმით მიღებაზე“.
10 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პარტნიორებს შეუძლიათ „აგენტების კანონთან“ დაკავშირებული შენიშვნები პრეზიდენტის ვეტოში ასახონ.
11 მაისს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია დიალოგის გაგრძელება და გაუგებრობის განმუხტვის მომხრეა. „დაველოდოთ, მეგობრებო, ვეტოს დაძლევამდე დროა“, - თქვა მან.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, „აგენტების კანონში“ ვერანაირი შესწორების შეტანა ვერ შეცვლის მოსალოდნელ დამანგრეველ შედეგებს.
ასევე ნახეთ NGO-ების განცხადებით, „აგენტების კანონში“ ვერანაირი შესწორების შეტანა ვერ შეცვლის დამანგრეველ შედეგებსშვიდი ოპოზიციური პარტია, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, მიიჩნევენ, რომ „აგენტების კანონი“ შელამაზებას არ ექვემდებარება და „ქართულმა ოცნებამ“ ის უნდა გაიწვიოს.
ასევე ნახეთ შვიდი ოპოზიციური პარტიის განცხადებით, „რუსულ კანონში“ კოსმეტიკური ცვლილებები მიუღებელია12 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია პრეზიდენტის ვეტო აღარ დაძლიოს ან მისი შეთავაზებული ცვლილებები გაითვალისწინოს და ეს კომპრომისად მიიჩნიოს.
14 მაისს პარლამენტი „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით განიხილავს, დღესვე იგეგმება კენჭისყრა.
კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, თუკი მას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა განიხილოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას.