შსს აცხადებს, რომ თბილისში აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან

შსს „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლს. 30 აპრილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე აცხადებს, რომ თბილისში ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე აქციები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იშლება. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე მან დეზინფორმაცია უწოდა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე, იმის მიუხედავად, რომ არსებობს ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრებიც.

ასევე ნახეთ ნიღბიანი სპეცრაზმელი დემონსტრანტებს სახეში ურტყამს - კადრები

„სამართალდამცველების მხრიდან სპეციალური ღონისძიებების განხორციელება ხდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად - თანმიმდევრულად და განვითარებული მოვლენების საპასუხოდ...

ეკიპირება, სპეციალური ტექნიკა, აღჭურვილობა და სპეციალური საშუალებები, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გამოიყენებენ, არის საერთაშორისო სტანდარტის და მათი უმეტესი ნაწილი შეძენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში“, - თქვა თეიმურაზ კუპატაძემ.

ასევე ნახეთ როგორ იმალება, ვინ არიან მოძალადე ნიღბიანები რობოკოპების მხარეს

მისი საუბრის დროს, ბრიფინგის ოთახში დადგმულ მონიტორზე გადიოდა სხვადასხვა ქვეყანაში აქციის დაშლისას სამართალდამცავთა ძალადობის ამსახველი კადრები. კუპატაძის თქმით, „ეს კადრებიც ადასტურებს იმას, რომ ყველა ქვეყანაში პოლიციას აქვს უფლება, კანონის შესაბამისად იმოქმედოს და უფლებამოსილების ფარგლებში, საზოგადოებისთვის ხშირად მიუღებელი და უმკაცრესი ზომები გამოიყენოს.“

კუპატაძის შეფასებით, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე, აქციის მონაწილეები არაერთხელ გასცდნენ „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით მიღებულ ზომებს“.

„ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, იმ დროს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული“, - თქვა მან.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ბრიფინგი ისე დაასრულა, რომ არცერთი ჟურნალისტის კითხვას არ უპასუხა.

საპროტესტო აქციები „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ თბილისში ბოლო რამდენიმე კვირაა უწყვეტად იმართება. ზოგიერთ დღეს პოლიციამ აქციის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენა სპეციალური საშუალებები. აქციების დროს სცემეს ოპოზიციონერ დეპუტატებს, ლევან ხაბეიშვილსა და ალეკო ელისაშვილს.

ასევე ნახეთ „შემომხედეთ ერთ თვალში მაინც“ - აქციაზე ნაცემი ხაბეიშვილი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა
ასევე ნახეთ სპეცრაზმმა ალეკო ელისაშვილს სცემა

1 მაისის ღამეს, როცა პარლამენტთან ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი, საქართველოს პრეზიდენტი და სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებდნენ, არ გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები და არ დაეშალა მშვიდობიანი აქცია.

ასევე ნახეთ პრეზიდენტი შსს-ს მოუწოდებს, შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა
ასევე ნახეთ ომბუდსმენი: აქცია მშვიდობიანია და არ არსებობს მისი შეწყვეტის საფუძველი