საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მრჩეველთან, დერეკ შოლესთან სატელეფონო საუბარს.
კობახიძე აღნიშნავს, რომ შოლეს საქართველოში „ორი რევოლუციური მცდელობის“ შესახებ ელაპარაკა.
„ვესაუბრე დერეკ შოლეს და გამოვხატე ჩემი გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული „ენჯეოების“ მეშვეობით განხორციელდა“, - წერს კობახიძე. როგორც მან აღნიშნა, მაშინდელი მცდელობები წარმატებული რომ ყოფილიყო, დღეს საქართველოში მეორე ფრონტი იქნებოდა გახსნილი.
მთავრობის მეთაური დაუპირისპირდა „აგენტების კანონის“ შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებებს და აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბარში მას „ცრუ განცხადებები“ უწოდა.
„ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცრუ განცხადებები გამჭვირვალობის შესახებ კანონთან და აქციებთან დაკავშირებით გვახსენებს ამერიკის ყოფილი ელჩის 2020-23 წლების მსგავს ცრუ განცხადებებს, რომლებიც მაშინაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი სუბიექტების მხრიდან ძალადობის წახალისებას და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას ემსახურებოდა.
ასევე, ბატონ შოლეს განვუმარტე, რომ ამ ფონზე ურთიერთობების გადატვირთვა განსაკუთრებულ ძალისხმევას საჭიროებს, რაც სამართლიანი და კეთილსინდისიერი მიდგომის გარეშე შეუძლებელია. ბატონ შოლესთან არ გამომიხატავს შეშფოთება ნიუ-იორკში სტუდენტების პროტესტის ბრუტალური დარბევის გამო”, - წერს ირაკლი კობახიძე.
შოლემ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ კობახიძეს საქართველოს ამჟამინდელი ტრაექტორიის გამო შეშფოთება კიდევ ერთხელ გადასცა.
„მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის მუშაობას, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს“, - დაწერა დერეკ შოლემ.
პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ძალიან ყურადღებით აკვირდება“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
ასევე ნახეთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაამანამდე რამდენიმე საათით ადრე, შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი თქვეს.
„ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე“, - აღნიშნა მან.
ასევე ნახეთ დანიგანის თქმით, საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი თქვესსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები ამერიკელ მაღალჩინოსნებთან იმ „დათქმით“ მიიწვიეს, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა, რაც, უწყების შეფასებით, „არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“.
ასევე ნახეთ ბლინკენი „ძალიან ყურადღებით აკვირდება“ მოვლენებს საქართველოში - პრესსპიკერი1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სახელწოდებით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ თბილისში მესამე კვირაა, უწყვეტად მიმდინარეობს.
დერეკ შოლე 2023 წლის მარტის მოვლენების დროსაც ესაუბრა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.