აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ძალიან ყურადღებით აკვირდება“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
ჟურნალისტების კითხვაზე, აკვირდება თუ არა სახელმწიფო მდივანი ბლინკენი საქართველოში საპროტესტო დემონსტრაციებს „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ, და კანონის მსვლელობას, პრესსპიკერმა მილერმა განაცხადა:
„დამერწმუნეთ, ძალიან ყურადღებით აკვირდება... იმის მიუხედავად, რომ მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, მას რეგულარულად მიეწოდება განახლებული ინფორმაცია“.
ჟურნალისტის კითხვაზე, როდის გამოაცხადებს აშშ „პოლიტიკის შეცვლას“ საქართველოსთან დაკავშირებით, - რადგან აქამდე გაკეთებული განცხადებები „საკმარისი არ არის“, მილერმა გაიმეორა, რომ, როგორც წუხანდელ განცხადებაშია აღნიშნული, აშშ „ღრმად შეშფოთებულია“ კანონპროექტის მიღებით, შემდეგ კი განაცხადა:
„მას [ინიციატივას] კვლავ კანონპროექტის სახე აქვს და მე კომენტარს არ გავაკეთებ, კომენტარს კონკრეტულ პასუხზე, რაც შეიძლება გვქონდეს... მაგრამ, ვფიქრობ, ძალიან ცხადად განვაცხადეთ, რამდენად შეშფოთებული ვართ“.
მანამდე რამდენიმე საათით ადრე, შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი თქვეს.
„ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე“, - განაცხადა მან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები ამერიკელ მაღალჩინოსნებთან იმ „დათქმით“ მიიწვიეს, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა, რაც, უწყების შეფასებით, „არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“.
1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სახელწოდებით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ თბილისში მესამე კვირაა, უწყვეტად მიმდინარეობს.
ფორუმი