“ხელი ჯერ არ მომიწერია, მაგრამ გადაწყვეტილება იყო მიღებული ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე. მე, ჩემ თავთან ერთად, ამაზე რამდენიმე დღეა, ვფიქრობ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა 12 აპრილის საღამოს ტვ პირველის ეთერში, ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში.
იმ დღეს 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილეს ლაზარე გრიგორიადისს მოსამართლე ზვიად შარაძემ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ორი ბრალდებით - ლაზარე გრიგორიადისმა “მოლოტოვის კოქტეილით” დააზიანა სამართალდამცველები და დაწვა პოლიციის მანქანა.
შეწყალების გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე კვირასაც სალომე ზურაბიშვილი ვერ ახერხებს შეწყალების აქტის გამოცემას. ამ დოკუმენტზე პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ, პატიმარი დაუყოვნებლივ ტოვებს საპატიმროს.
“ჩვენ წინა კვირაში გამოვითხოვეთ ლაზარეს პირადი საქმე, რომელიც ამ დრომდე ჩვენამდე მოსული არ არის და ველოდებით. ამ პირად საქმეში [სხვა დოკუმენტებთან ერთად] უნდა იყოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიც”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანგი ხუციშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი შეწყალების, მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და სამართლებრივ საკითხებში.
არც თბილისის საქალაქო სასამართლო და არც პენიტენციური სამსახური არ პასუხობენ რადიო თავისუფლების კითხვას, გააგზავნეს თუ არა მათ მოსამართლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და თუ არა - რატომ?
ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატების განმარტებით, მოსამართლე ზვიად შარაძემ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად გასულ კვირაში 14 დღის ვადა აიღო.
ასევე ნახეთ ომბუდსმენი ლაზარე გრიგორიადისის საქმეს გამოითხოვს და შეისწავლისგრიგორიადისის ადვოკატების განმარტებით, შეწყალების აქტის გამოსაცემად პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს ეს საბუთი. თუმცა, შეწყალების წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევასაც, როცა პრეზიდენტი დადგენილი წესის დაუცველადაც იწყალებს მსჯავრდებულს. ამ წესის მეხუთე მუხლის მიხედვით, “პრეზიდენტი უფლებამოსილია შეწყალების თხოვნის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე და/ან ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე”.
ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის ცნობით, სარეზოლუციო ნაწილი არც თავად ბრალდებულს ჩაჰბარებია.
მრჩეველი ანგი ხუციშვილი განმარტავს, რომ პრეზიდენტს შეწყალების ოქმის გამოსაცემად არ სჭირდება მოსამართლის დასაბუთებული გადაწყვეტილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი სრულიად საკმარისია.
ეს არის ტექსტი, რომელიც მოსამართლემ სასამართლო დარბაზში განაჩენის გამოცხადებისას, 12 აპრილს წაიკითხა და მის მომზადებას დამატებითი დრო არ სჭირდება.
განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში მოსამართლე ხსნის, რა გადაწყვიტა სასამართლომ და რატომ. დასაბუთებულ განაჩენს სარეზოლუციო ნაწილის გარდა აქვს შესავალი და აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილები.
გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი უნდა შეიცავდეს იმ დანაშაულის აღწერას, რომელიც სასამართლომ დადგენილად ცნო. ამასთანავე, განაჩენში მითითებული უნდა იყოს დანაშაულის ჩადენის ადგილი, დრო და ხერხი, ბრალის ფორმა, დანაშაულის მოტივი, მიზანი და შედეგი. განაჩენში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე მტკიცებულება, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა, და მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე. ამასთანავე, განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, ხოლო თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია – ბრალდების ბრალდებულის სასარგებლოდ შეცვლის საფუძველი და მოტივები. განაჩენში აღნიშნული უნდა იყოს აგრეთვე სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. განაჩენში შეიძლება მითითებული იყოს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, განაჩენის ასლი სასამართლომ მხარეებს უნდა გადასცეს განაჩენის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, ხოლო რთულ, მრავალტომიან ან მრავალი პირის ბრალდების საქმეზე - არა უგვიანეს 14 დღისა.
ასევე ნახეთ რატომ ვერ ტოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს - მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად 14-დღიანი ვადა აიღო
მოსამართლე ზვიად შარაძემ, სავარაუდოდ, სწორედ ეს მუხლი გამოიყენა, როცა ადვოკატებს უთხრა, რომ სარეზოლუციო ნაწილს მხარეებს ორი კვირის ვადაში მისცემდა, თუმცა კანონი ამ შემთხვევაში სრულ განაჩენს გულისხმობს და არა მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილს. კანონში ნათქვამია, რომ განაჩენი, რომელიც გამოცხადებისთანავე შედის ძალაში, მოსამართლემ დაუყოვნებლად უნდა გადაეცეს იმ ორგანოს, რომელსაც მისი აღსრულება ევალება, ანუ ამ შემთხვევაში პენიტენციურ სამსახურს.
ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი მისმა ადვოკატებმა გასულ კვირას ორჯერ, 15 და 17 აპრილს გამოითხოვეს. როგორც ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, არცერთი წერილის პასუხად არ მიუღიათ მათ არც მოთხოვნილი დოკუმენტი და არც არგუმენტი, რატომ არ გასცემდა ზვიად შარაძე ამ გადაწყვეტილებას.
რადიო თავისუფლებამ 22 აპრილს ჰკითხა როგორც საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურს, ისე ზვიად შარაძის თანაშემწეს, დიანა მხითარიანს, გადაეგზავნა თუ არა პენიტენციურ სამსახურს სარეზოლუციო ნაწილი და თუ კი, როდის. ასევე, იკითხა, მიმართა თუ არა მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ დოკუმენტის მოთხოვნით. იგივე კითხვა დავუსვით იუსტიციის სამინისტროსაც, რომლის დაქვემდებარებაშიც არის პენიტენციური სამსახური.
პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეს საკითხი პენიტენციურ სამსახურში უნდა გაგვერკვია, მოსამართლის თანაშემწემ კი თქვა, რომ შვებულებაშია და ჟურნალისტებს არ ელაპარაკება ამ პერიოდში.
საქართველოს ისტორიის უახლოეს წარსულში შემთხვევა, როცა პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმარი პენიტენციურ დაწესებულებას ვერ ტოვებდა, 25 წლის წინ მოხდა. ეს იყო ბათუმის ყოფილი მერის, თენგის ასანიძის საქმე, თუმცა სამართლებრივად ეს არ არის ლაზარე გრიგორიადისის საქმის ზუსტი ანალოგი. ასანიძეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთპიროვნული მმართველი, ასლან აბაშიძე საპატიმროდან არ ათავისუფლებდა პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, ლაზარე კი ფორმალურადა ჯერ არ შეუწყალებია პრეზიდენტს, მხოლოდ ზეპირად დაანონსა, რომ იწყალებს.
ასანიძე პრეზიდენტმა 1999 წელს შეიწყალა და ციხის დატოვება მხოლოდ 2004 წელს მოახერხა.
2004 წელს თენგიზ ასანიძემ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში მოუგო - ევროპულმა სასამართლომ ის პოლიტპატიმრად ცნო და დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა. ამავდროულად, თენგიზ ასანიძისთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად საქართველოს 155 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
ასევე ნახეთ “სალომე ზურაბიშვილმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს” - ღარიბაშვილი გრიგორიადისის შეწყალებაზესასამართლოს გადაწყვეტილებების საჯაროობის საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია 2020 წლის შემდეგ. საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების სისტემაში 2020 წლის შემდეგ თითქმის არცერთ სასამართლოს არ აუტვირთავს ღია სასამართლო სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებები, რისი ვალდებულებაც მათ კანონით აქვთ.
საერთო სასამართლოების სისტემიდან მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლო ასაჯაროებს საკუთარი გადაწყვეტილებების დეპერსონალიზებულ ტექსტებს თავის ვებსაიტზე.
ასევე ნახეთ დამალეს, არ გვიპასუხეს, არ გამოაქვეყნეს - მთავრობა გამჭვირვალობის პრობლემებითლაზარე გრიგორიადისის საქმის ქრონოლოგია:
- რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტს დააკავა.
- 31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
- 8 აპრილს სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა გრიგორიადისს გირაოს გამოყენებაზე და პატიმრობაში დატოვა.
- 26 ივნისს გრიგორიადისის ადვოკატებმა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. გრიგორიადისი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მისი მადისკრედიტებელი განცხადებების გამო მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. სასამართლომ ეს სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
- 2023 წლის 25 სექტემბერს ლაზარე გრიგორიადისს 2 წლის წინანდელ დანაშაულზე 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გრიგორიადისმა მამა - ბექა გრიგორიადისი დაჭრა.
- 22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პოლიციელების წერილი, რომლითაც ისინი საქართველოს პრეზიდენტს სთხოვდნენ, არ შეეწყალებინა ლაზარე გრიგორიადისი.
- 2024 წლის 15 იანვრიდან 2024 წლის 8 აპრილამდე მოსამართლე ზვიად შარაძემ სამჯერ გადადო დასკვნითი სასამართლო სხდომა.
- 2024 წლის 12 აპრილს ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო მისთვის ბრალად წაყენებულ ორივე დანაშაულში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ დანაშაულებზე სასჯელის უმაღლესი ზომა 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
- ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის გამოცხადება დროში დაემთხვა “აგენტების კანონის” ხელახალ ინიციირებას, - სწორედ ამ კანონის წინააღმდეგ გამოვიდა 2023 წლის მარტში ლაზარე გრიგორიადისი ათასობით მოქალაქესთან ერთად საპროტესტო აქციებზე. 2024 წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა ასევე მძლავრი სამოქალაქო პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მიიღო "აგენტების კანონის" მცირედით შეცვლილი რედაქცია.