ამ სტატიაში გიყვებით, რა ინფორმაციას მალავს თავად ხელისუფლება და რატომაა ეს პრობლემა. ისიც, რაზეც ვყვებით, მხოლოდ აისბერგის მწვერვალია.
„როდესაც მართალი ხარ და არაფრის გაფუჭება არ გაქვს განზრახული, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის საუკეთესო გზა მანკიერებისა და შეცდომების თავიდან ასარიდებლად“, - ეს საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვებია.
12 თებერვალს, პირველსავე მთავრობის სხდომაზე, მან თქვა, რომ ინფორმაციის გამჭვირვალობა მისთვის პრიორიტეტი იქნებოდა და მთავრობის წევრებს დაავალა, უპასუხოდ არ დაეტოვებინათ მოქალაქეების წერილები. 12 თებერვალსვე რადიო თავისუფლებამ გამოითხოვა 2020 წლის 26 სექტემბრიდან 2024 წლის 12 თებერვლამდე გამოცემული მთავრობის განკარგულებების ასლები. ეს არის დოკუმენტები, რომლებსაც ირაკლი კობახიძის წინამორბედები, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, არ აქვეყნებდნენ.
ეს არის ასობით დოკუმენტი, რომელთაგან ყოველი მეოთხე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მტკიცებით, სახელმწიფო ქონების გადაცემას ან მათ მიერ სახელმწიფოს წინაშე აღებული პირობების გადახედვას ეხებოდა, რაც კორუფციული რისკის შემცველია.
12 თებერვლიდან ორი თვის თავზე ჩვენი წერილი კვლავ უპასუხოდ არის დარჩენილი.
ეს დოკუმენტები არც მთავრობის ვებსაიტზე გამოქვეყნებულა. მეტიც, მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 2014 წლის შემდეგ არ განახლებულა ინფორმაცია ავტომობილების შესახებ, რომლებიც მთავრობას ემსახურება და საწვავის ხარჯების შესახებ, რომელსაც ეს ავტომობილები მოიხმარენ. 2014 წლის შემდეგ არც მივლინებებზე დახარჯული თანხები გაუსაჯაროვებია მთავრობის ადმინისტრაციას და არც გაცემული პრემიები და დანამატები.
2014 წლის შემდეგ მხოლოდ 2020 წელს გამოქვეყნდა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების შესახებ ინფორმაცია და სატელეფონო ხარჯები. წლებია ბუნდოვანია, როგორ და რისთვის იხარჯება მთავრობის სარეზერვო ფონდი.
საქართველოს მთავრობა არათუ მედიის და მოქალაქეების, პარლამენტის წევრების სადეპუტატო კითხვებსაც არ პასუხობს. მაგალითად, 2024 წლის 28 მარტს რომან გოცირიძემ იკითხა, რა სამუშაო შეასრულა საქართველოს მთავრობის მიერ დაქირავებულმა საერთაშორისო კომპანია Rothschild & Co-მ, რომელთანაც ხელისუფლებამ კონტრაქტი გააფორმა საქართველოს ფინანსურ ჰაბად ქცევის სტრატეგიის შესამუშავებლად. დეპუტატს აინტერესებდა:
- რა სამუშაოები შეასრულა კომპანიამ?
- რა თანხა გადაუხადეს მათ ცალკეული საქმიანობისთვის?
- შეიქმნა თუ არა ქვეყნის ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბების სტრატეგიის დოკუმენტი?
- აპირებს თუ არა მთავრობა ამ კომპანიასთან თანამშრომლობის გაგრძელებას?
მთავრობის ადმინისტრაციამ პარლამენტარს მისწერა, რომ Rothschild & Co-სთან გაფორმებული ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოებაა და კითხვებზე ვერ უპასუხებს. ამ კომპანიასთან საქართველოს მთავრობამ რამდენიმე მილიონის ღირებულების კონტრაქტი 2021 წელს გააფორმა.
დეპუტატის კითხვა საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმია.
საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას პარლამენტის წევრს უფლება აქვს კითხვით მიმართოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, საქართველოს მთავრობას, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს ხელმძღვანელს, სახელმწიფო დაწესებულებას და მათგან მიიღოს პასუხი. კითხვა შეიძლება დასმულ იქნეს მხოლოდ წერილობითი ფორმით. თითოეული ორგანო და თანამდებობის პირი, რომელსაც კითხვით მიმართეს, ვალდებულია პარლამენტს კითხვის მიღებიდან 15 დღეში წარუდგინოს წერილობითი პასუხი. შესაბამის თანამდებობის პირს კითხვის ავტორთან შეთანხმებით კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაუგრძელდეს 10 დღით;
|
Rothschild & Co ერთადერთი კომპანია არ არის, რომელთან ხელშეკრულებაც მთავრობამ გაასაიდუმლოვა. საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია გაზპრომთან დადებული ხელშეკრულების დეტალები.
მთავრობის ადმინისტრაცია ერთადერთი გაუმჭვირვალე სახელმწიფო უწყება არ არის.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვებსაიტიც კი არ აქვს, სადაც გამოქვეყნდება ცნობები საკადრო პოლიტიკის, ბიუჯეტის ხარჯვის, სამინისტროს სტრუქტურის, სტრატეგიისა და ხედვის შესახებ.
ეს სამინისტრო 2 წლის წინ, 2021 წლის მარტში გამოეყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და, ინფორმაციის თავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციის, IDFI-ს შეფასებით, ამ დროიდან მოყოლებული ერთ-ერთი ყველაზე დახურული საჯარო უწყებაა. სხვადასხვა დროს რადიო თავისუფლება კულტურის სამინისტროსგან ითხოვდა რეკლამის ხარჯებს, სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებულთა შესახებ ინფორმაციას, სამინისტროს საშტატო ნუსხას, წარმომადგენლობით ხარჯებს, სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციების და სპორტული ფედერაციების ბიუჯეტებს, ასევე მონაცემებს თანამშრომლებისთვის გაცემული ფულადი ჯილდოებისა და სახელფასო დანამატების შესახებ - ყველა ეს წერილი სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა.
ეტაპობრივად უარესდებოდა ინფორმაციის გაცემის სტანდარტი განათლების სამინისტროში - უწყება ბოლო ორი წელია არ გასცემს ისეთ ელემენტარულ ინფორმაციასაც კი, როგორიცაა, მაგალითად, იმ სკოლების სია, სადაც რემონტი მიდის. იმ დროსაც კი, როდესაც განათლების სამინისტროს ფეისბუკგვერდის ქავერად გამოყენებული იყო დაპირება, რომ 2022-2026 წლებში იგეგმებოდა 80 ახალი სკოლის აშენება და 720 სკოლის რეაბილიტაცია, სამინისტრო არ პასუხობდა კითხვას, კონკრეტულად რომელი სკოლების აშენება ან რეაბილიტაცია იყო დაგეგმილი. განათლების სამინისტრო ასევე არ პასუხობს შემდეგ კითხვებს:
- ბოლო 10 წლის განმავლობაში რამდენმა მოსწავლემ შეწყვიტა სკოლაში სწავლა ოჯახის საზღვარგარეთ წასვლის გამო?
- რამდენ სკოლას აქვს ავარიული შენობა?
- რამდენი მოსწავლე სწავლობს სხვა სკოლის შენობაში იმის გამო, რომ მის სკოლაში რემონტია ან ძველი შენობის ნაცვლად ახალი შენდება?
„როდესაც მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკაში ცვლილებებზე დაიწყო განათლების ახალმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საუბარი, ეს ინიციატივა ძალიან ბუნდოვანი იყო. ამავე დროს, ძალიან კარგად ჩანდა სამინისტროს განზრახვა, რომ სურდათ საზოგადოებაში ეს ინიციატივა აღქმული ყოფილიყო, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ყველა პედაგოგს შეეხებოდა.
ვხედავდით, რომ სამინისტრო ცდილობდა მანიპულაციას და ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა რეალური სურათი, რამდენ მასწავლებელს შეეხებოდა ეს და გამოვითხოვეთ სამინისტროსგან. რამდენი პედაგოგი მუშაობს სრულ განაკვეთზე და როგორ არიან ეს მასწავლებლები რეგიონების მიხედვით განაწილებული. მარტივი სტატისტიკაა ეს, მაგრამ ვერ მივიღეთ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ რედაქტორი, ლიკა ზაკაშვილი.
მისი დაკვირვებით, სამინისტრომ მონაცემების გაცემა გაართულა არა მხოლოდ ჟურნალისტებისთვის, იმ მკვლევრებისთვისაც, რომლებიც განათლების საკითხებზე მუშაობენ. ლიკა იხსენებს, რომ სამინისტროს გაუმჭვირვალობის ფონზე ერთხელ ისიც კი გამოითხოვა, რამდენი ადამიანი მუშაობდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, იმისათვის რომ შეეფასებინა, ხომ არ იყო მოთხოვნილი ინფორმაციის ვერმიღების საფუძველი რესურსების სიმწირე. მას უწყებამ არც ეს მონაცემები მიაწოდა.
„სასაცილო და თავხედურია ამ მთავრობისგან გამჭვირვალობაზე საუბარი. ხელისუფლება, არა მხოლოდ აღმასრულებელი, საკანონმდებლოც, ბოლო ერთი წელია ისეთ ტემპს იღებს ჟურნალისტების შემზღუდავი წესების და ინიციატივების შემოღებაში, ვეღარ ჩერდება“, - ამბობს ლიკა და აზუსტებს, რომ პრობლემაა არა მხოლოდ საჯარო ინფორმაციის მიღება, სატელეფონო კომენტარზე საჯარო მოხელეების დათანხმებაც კი.
ჯანდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე ბოლო ანგარიში, რომელიც უწყების საქმიანობას აჯამებს, 2013-2015 წლებით არის დათარიღებული. შედარებით ახალია, 2020-2021 წლების, ჯანდაცვის სამინისტროს ქვესტრუქტურების, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ანგარიშები.
ჯანდაცვის სამინისტრო არ გასცემს ასევე საჯარო ინფორმაციას ისეთი შემთხვევების შესახებ, რომელთა მიმართაც საჯარო ინტერესი მაღალია.
მაგალითად, უწყებამ 2019 წელს უარი თქვა 20-21 ივნისის საპროტესტო აქციაზე დაშავებულთა დაზიანებების და დიაგნოზების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე, „ზემოაღნიშნულ ინფორმაციას“ არ ვფლობთო, გვიპასუხეს. არადა, სწორედ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრი იყო ჩართული აქციაზე დაშავებული იმ მოქალაქეების მკურნალობაში, ვინც 20 ივნისის ღამეს თვალი ან მხედველობა დაკარგეს.
ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არც 2023 წლის მარტის აქციების შემდეგ გაუცია სამინისტროს და მასზე დაქვემდებარებულ უწყებებს - „უცხოეთის აგენტების“ საწინააღმდეგო აქციებზეც დაკარგა ზაზა ბიღაშვილმა თვალში მხედველობა, ათობით სხვა აქტივისტი კი სასწრაფო დახმარების მანქანებმა კლინიკებში გადაიყვანეს.
ჯანდაცვის სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა 2023 წლის აგვისტოში, შოვის ტრაგედიის შემდეგ გაგზავნილი წერილი, რომლითაც ვითხოვდით ინფორმაციას იმის შესახებ, გაუწია თუ არა სახელმწიფომ რამე დახმარება სტიქიის ზონაში მყოფ ადამიანებს, სტიქიისას დაღუპულთა ოჯახის წევრებს და სტიქიის ზონაში მომუშავე საჯარო მოხელეებს (მაშველებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს).
ჯანდაცვის სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა 2022 წლის სექტემბერში რადიო თავისუფლებისგან გაგზავნილი კიდევ ერთი წერილი, რომელიც სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამას შეეხებოდა. ამ წერილით ჩვენ ვითხოვდით პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ პირთა რაოდენობას, მათ განაწილებას მუნიციპალიტეტების მიხედვით, მათი ანაზღაურებისთვის განკუთვნილი თანხების მოცულობას და იმ სამუშაოების აღწერილობას, რასაც სახელმწიფო სიღარიბის ზღვარზე მცხოვრებ უმუშევრებს სთავაზობდა.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებული კითხვები უპასუხოდ დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. 2024 წლის იანვარში რადიო თავისუფლებისგან გაგზავნილი წერილით ამ კითხვებზე ვითხოვდით პასუხებს:
- 2023 წლის 3 აგვისტოს, კურორტ შოვში განვითარებული სტიქიის დროს კონკრეტულად ვინ და რა ფორმატში მიიღო გადაწყვეტილება 3-4 აგვისტოს ღამით სამაშველო ღონისძიებებში ვერტმფრენის არჩართვის შესახებ; რა საშუალებებით გაგრძელდა სამაშველო სამუშაოები (გთხოვთ, მოგვაწოდოთ შესაბამისი ბრძანების ან განკარგულების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- 2023 წლის 3-4 აგვისტოს, კურორტს შოვში განვითარებული სტიქიის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენი დრონი დროის რა მონაკვეთში მუშაობდა სტიქიის ზონაში და იყო ამ დრონების მუშაობის ამოცანა.
- 2023 წლის 3 აგვისტოს, კურორტ შოვში განვითარებული სტიქიისას, რა დროს და ვის მიერ გაიცა სტიქიის ზონაში სასაზღვრო პოლიციის გაგზავნის განკარგულება, ბრძანებულება. გთხოვთ მოგვაწოდოთ ამ ბრძანებულების, განკარგულების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
- 2023 წლის 3 აგვისტოდან 30 აგვისტომდე, რამდენი მაშველი მუშაობდა შოვში, სტიქიის ზონაში.
ამავე უწყებამ არ გასცა პასუხი კითხვას, რა ეტაპზეა 2022 წლის 29 ივლისს გუდაურის სიახლოვეს ჩამოვარდნილი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის მიერ განცდილი კატასტროფის შემდეგ დაწყებული გამოძიება.
შოვში სტიქიას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ კი ეკიპაჟის რვავე წევრი დაიღუპა. არცერთ შემთხვევაში გამოძიებას რომელიმე სახელმწიფო მოხელის პასუხისმგებლობის საკითხი ამ დრომდე არ გამოუკვეთია.
სახელმწიფო უწყებები ხშირად თავს არიდებენ იმგვარი ინფორმაციის გაცემას, რომელიც ცხადს გახდის, რომ ხელისუფლების დაპირებები ან პროექტები არ შესრულდა.
მაგალითად, 2023 წლის ზაფხულში ეკონომიკის სამინისტრომ არ გასცა ინფორმაცია იმ სოფლებისა და დასახლებების შესახებ, სადაც ჯერ კიდევ არ არსებობს ელექტროენერგიის სისტემები. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გამოვითხოვეთ, რაც ხევსურეთში ელექტროენერგიის მოთხოვნით გზა გადაკეტეს ადგილობრივებმა. საქმე ისაა, რომ მოქმედ ხელისუფლებას 2013 წელს ჰქონდა დაპირება უშუქო სოფლების ელექტრიფიკაციის შესახებ - ჩვენ ვერ მივიღეთ სამინისტროსგან იმ სოფლების სია, სადაც 2013-2023 წლებში სახელმწიფომ ელექტროენერგია გაიყვანა და რა დაუჯდა სახელმწიფოს ერთი სოფლის დენით უზრუნველყოფა.
„სინათლე ყველა სოფელს“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პირველი პროექტი იყო ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ - 2013-2015 წლებში ყველა უშუქო სოფელში ელექტროენერგია უნდა მისულიყო. იმხანად ელექტროენერგიის გარეშე 28 სოფელი ცხოვრობდა. 2023 წლის ზაფხულში ხევსურეთის 45 სოფლიდან დენი მხოლოდ 16-ს ჰქონდა. რა ვითარებაა სხვა რეგიონებში, ამ კითხვაზე პასუხი ვერ ვიპოვეთ.
არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემები, რომლებზეც მთავრობა ზოგად, არაფრისმთქმელ განმარტებებს იძლევა. ასეთია, მაგალითად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების აღსრულების თემა.
იმის მიუხედავად, რომ ამ დრომდე არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ საქართველო შეიძლება სანქციების რეჟიმს არღვევდეს ან მესამე ქვეყნების დახმარებით რუსეთს დეფიციტური პროდუქტებით მომარაგებაში ეხმარებოდეს, ექსპორტისა და იმპორტის დინამიკის ცვლილება არაერთ კითხვას აჩენს.
რადიო თავისუფლებამ ფინანსთა სამინისტროსგან რამდენჯერმე გამოითხოვა შემდეგი მონაცემები:
- საქართველოს საბაჟო პუნქტებზე სანქცირებული საქონლის შემოტანა/გატანის მცდელობის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია იმგვარად, რომ მონაცემები მოიცავდეს ცნობებს საქონლის ტიპის, მისი ღირებულების, გადამტანისა და გადატანის მცდელობის თარიღის შესახებ;
- საქართველოს საბაჟო პუნქტებზე სანქცირებული საქონლის რეექსპორტის ან მისი მცდელობის გამოვლენის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია იმგვარად, რომ მონაცემები მოიცავდეს ცნობებს პროდუქციის ტიპის, მისი ღირებულების, გადამტანისა და გადატანის თარიღის შესახებ.
- საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობებისას გაბრუნებული და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე უარის თქმის შემთხვევების სტატისტიკა იმგვარად, რომ მოიცავდეს ცნობებს უკან გაბრუნების თარიღის, შემომტანი ქვეყნისა და დანიშნულების ქვეყნების და პროდუქციის შესახებ.
არცერთ ამ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია, არადა, ფინანსთა სამინისტრო არაერთ განცხადებაში საუბრობს იმაზე, რომ სანქციების ამოქმედების შემდეგ 1200-ზე მეტი სანქცირებული საქონლის გადატანის მცდელობაა გამოვლენილი.
კიდევ ერთი საკითხი, რომლის მიმართაც საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ინტერესი იზრდება, საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების გეოგრაფიული განაწილებაა.
სახელმწიფოს არ გაუცია მკაფიო პასუხი, მოახერხებს თუ არა იმაზე მეტი საარჩევნო უბნის გახსნას სხვა ქვეყნებში, ვიდრე ეს წინა საპარლამენტო არჩევნების დროს იყო.
ბოლო 8 წლის მანძილზე, მხოლოდ ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 112 ათასამდე მოქალაქემ მოითხოვა. ორჯერ მეტია ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყნიდან გასულ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, საზღვარგარეთ ხმის მისაცემად კი 12 ათასი ამომრჩეველი მივიდა და 2020 წელს ოპოზიციამ საზღვარგარეთის უბნები მოიგო.
|
არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საგარეო საქმეთა სამინისტრო არ პასუხობს არც მედიისა და არც დეპუტატების კითხვას იმის შესახებ, რომელ ქვეყანაში რამდენი საქართველოს მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე - ეს მონაცემები ცხადს გახდიდა, არის თუ არა საკმარისი ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობისთვის საკონსულოებსა და საელჩოებში გახსნილი საარჩევნო უბნები.
საჯარო უწყებები ხშირად უარს ამბობენ იმ მნიშვნელოვანი დოკუმენტების გამოქვეყნებაზეც, რომლებიც მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ შეიძლება აფრთხილებდეს საზოგადოებას. მაგალითად, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გვერდზე ვერ ნახავთ ყოველწლიურ ანგარიშებს, რომლებსაც ეს უწყება გეოლოგიური პროცესების დაკვირვების და მონიტორინგის შესახებ ამზადებს და რომლებიც მოიცავს გაფრთხილებებს მოსალოდნელი სტიქიური უბედურებების შესახებ. 2022 წელს მომზადებული ასეთ ანგარიშში უკვე არსებობდა პროგნოზი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მოსალოდნელი მეწყრის შესახებ.
გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტი, ონლაინგამოცემა „კაქტუსის“ დამფუძნებელი ცირა გვასალია რადიო თავისუფლებას უყვება, რომ იმ ინფორმაციის დიდი ნაწილი, რასაც ის საჯარო უწყებებისგან იღებს, არასრულია და თითქმის არასოდეს მოიცავს ისეთ მონაცემებს, სადაც პრობლემების და გამოწვევების დადგენაა შესაძლებელი.
„ამ მთავრობას უჭირს თავისი შეცდომების და გამოწვევების აღიარება. ყველა მთავრობას სურს, რომ ილაპარაკოს მიღწევებზე, მაგრამ [ეს მთავრობა] არასოდეს არ პასუხობს კითხვებს გამოწვევებზე. საერთოდ გაქრა ინტერვიუების ჩაწერის შესაძლებლობა, როცა გინდა არასრული პასუხების დაზუსტება, კიდევ უნდა გააგზავნო წერილი და ეს ციკლი არასოდეს არ სრულდება. ზოგჯერ 10-წუთიანი სატელეფონო ზარი შეიძლება იყოს საკმარისი და გეუბნებიან, დაელოდე პასუხს 10 სამუშაო დღის განმავლობაში, რომელსაც ან მიიღებ, ან არა“, - ამბობს ცირა.
მონაცემთა უმრავლესობას სამინისტროები და სხვა სახელმწიფო უწყებები მიმართვის გარეშეც უნდა აქვეყნებდნენ. მაგალითად, ასეთი ტიპის ინფორმაციაა მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემები. გარემოს დაცვის სამინისტრო კი ჯერჯერობით მხოლოდ იმას ამბობს, რომ მეტეოროლოგიური სადგურები კეთდება და არ ამბობს, სად და რა რისკებს დააზღვევს ეს სადგურები.
„პირველ თებერვალს მაქვს გაგზავნილი წერილი გარემოს ეროვნულ სააგენტოში. ვითხოვდით ინფორმაციას ბათუმში სააგენტოს მშენებარე ადმინისტრაციული შენობის შესახებ. კომპანიას, რომელიც ამ შენობას აშენებს, 1.2 მილიონი გადაუხადეს, მაგრამ ტენდერის პირობები ვერ შეასრულა. ისეთი საქმეა, რომ ეჭვი ჩნდება კორუფციაზე. გარემოს ეროვნულ სააგენტოს ვკითხეთ, მაშინ როცა აშკარა გახდა, რომ კომპანია ვერ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, რატომ ჩაურიცხა გარემოს სააგენტომ მას საბიუჯეტო თანხა სრულად? ამ კითხვაზე ჯერაც არ მიგვიღია პასუხი“, - გვეუბნება „ბათუმელების“ ჟურნალისტი, მანანა ქველიაშვილი.
ამ გამოცემას მხოლოდ 2024 წელს ორი ადმინისტრაციული საჩივარი აქვს გაგზავნილი საჯარო უწყებებთან, რომლებიც მათ ინფორმაციას არ აძლევენ. საჩივრებიდან ერთ-ერთის ადრესატი განათლების სამინისტროა, რომელიც არ პასუხობს, როგორ დაიხარჯა მასწავლებელთა დღის აღსანიშნავად ბიუჯეტიდან გამოყოფილი 600 000 ლარი.
ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის შეზღუდვა, ფაქტობრივად, მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას ნიშნავს - საკმარისი მონაცემების დაფარვა თუ სახელმწიფო პოლიტიკის შემქმნელებისგან ინტერვიუზე უარი, რიგი თემების გაშუქებას შეუძლებელს ხდის.
მაგალითად, მანანა ონკოპაციენტების პროტესტისა და ჯანდაცვის მინისტრის ცვლილების პარალელურად ითხოვდა პასუხს იმის შესახებ, რატომ არ აფინანსებს სახელმწიფო დიაგნოსტიკურ კვლევებს. მას კითხვები სამინისტროს პრესსამსახურმა წერილობით გააგზავნინა და მიუხედავად არაერთი შეხსენებისა, პასუხი ვერცერთ კითხვაზე ვერ მიიღო.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის სტილია საჯარო ინფორმაციის დამალვა, დაბლოკვა ან არასწორად მიწოდება - ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის ოფიციალური კორესპონდენციები, რაც მე, პირადად, და გამოცემას, სადაც ვმუშაობ, აქვს ნაწარმოები საჯარო უწყებებთან“, - გვეუბნება მანანა და აგრძელებს, - „გვაქვს ასეთი გამოცდილებაც - საჯარო უწყებამ მოგვაწოდა ინფორმაცია, ეჭვი შეგვეპარა, დამატებით გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ არასწორი მონაცემები მოგვცეს. მაშინ როცა ხელისუფლება საჯაროდ ნათქვამ პირობას არ ასრულებს, ხალხს ატყუებს და პარლამენტში განსახილველად აბრუნებს რუსულ კანონს, რომელთან დაკავშირებითაც 2023 წლის მარტში პირობა დადო, რომ აღარასოდეს დაუბრუნდებოდა, საერთოდ არ მიკვირს რიგითი საჯარო მოხელეების ქცევა“.
ინფორმაციის ღიაობის თვალსაზრისით გამოწვევებია სასამართლო ხელისუფლებაშიც - თითქმის ერთი წელია აღარ ქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები. წლებია პრობლემურია სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოქვეყნების საკითხიც. საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების სისტემაში 2020 წლის შემდეგ თითქმის არცერთ სასამართლოს არ აუტვირთავს ღია სასამართლო სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებები, რისი ვალდებულებაც მათ კანონით აქვთ. საერთო სასამართლოების სისტემიდან მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლო ასაჯაროებს საკუთარი გადაწყვეტილებების დეპერსონალიზებულ ტექსტებს თავის ვებსაიტზე.
2024 წლის მარტში, როცა ცნობილი გახდა, რომ 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი მოსამართლის შვებულებაში მოულოდნელად გასვლის გამო გადაიდო, რადიო თავისუფლებამ თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენი სხდომა გადადებულა გასულ წელს მოსამართლის შვებულებაში ყოფნის გამო. ეს მარტივი სტატისტიკა ვერ მივიღეთ იმ არგუმენტით, რომ სასამართლო ამგვარ მონაცემებს არ ამუშავებს.
სახელმწიფოს გამჭვირვალობის პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ ჩანს ისეთ პლატფორმებზე, რომლებიც ინფორმაციის ღიაობის მხარდასაჭერად არის შექმნილი. მაგალითად, ფორსეტის ვებპლატფორმა askgov.ge-ზე, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ როგორც სახელმწიფო უწყებებისთვის კითხვების გაგზავნა, ასევე იმ ინფორმაციის ნახვა, რაც სხვებმა უკვე მიიღეს, ათობით პასუხგაუცემელი წერილია.
ამ პლატფორმაზე ჩანს, რომ სახელმწიფო უწყებები პასუხს არ სცემენ ისეთ მარტივ კითხვებს, როგორიცაა:
- რუსეთის რამდენმა მოქალაქემ დატოვა საქართველო 2023 წელს;
- როგორია მიუსაფარ ცხოველთა სტატისტიკა საქართველოს მასშტაბით;
- ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში 2013-2023 წლებში საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით დაფინანსებული პროექტები;
- ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ავარიული სახლების რესტავრაციისთვის გამოყოფილი თანხების ოდენობა 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით;
- საქართველოს მასშტაბით ბავშვთა სახლში ჩაბარებული ბავშვების რაოდენობა 2017-2023 წლებში;
- ნარკოდანაშაულისთვის ჩადენილი სამართალდარღვევების სტატისტიკა 2010-2023 წლებში;
- სარწყავი და სადრენაჟე სისტემების რაოდენობა რეგიონებისა და წლების მიხედვით;
- 2010-2023 წლებში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ადამიანური დანაკარგი, ჩაშლილი წლების მიხედვით;
- სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში 2021-2023 წლებში იჯარით/არენდით გაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების შესახებ. კერძოდ, რა ფართობის მიწა, რა ვადით და ვისზე გაიცა ბოლო სამი წლის განმავლობაში აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში;
- 2013-2023 წლებში ქედის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ტენდერები, რომელშიც მხოლოდ ერთი სუბიექტი იღებდა მონაწილეობას.
„იმის მიუხედავად, რომ მოქალაქესა და უწყებას შორის მიმოწერა საჯაროა და, წესით, უწყებას კანონის საჯაროდ დარღვევა არ უნდა სურდეს, ინფორმაციის გაცემის მაჩვენებლები რამდენიმე უწყების გარდა, ძირითადად საშუალო ან დაბალია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ფორსეტის პროექტების მენეჯერი, ჯუბო ბერძენიშვილი askgov.ge-ს პრაქტიკაზე საუბრისას.
მისი დაკვირვებით, სამინისტროებიდან ყველაზე რთული მდგომარეობა შინაგან საქმეთა და კულტურის სამინისტროებშია, რომელთაგან ერთი შაბლონური პასუხით და საიტზე უკვე გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე გადამისამართებით იშორებს პასუხისმგებლობას თავიდან, მეორე კი საერთოდ უპასუხოდ ტოვებს წერილებს.
„საჯარო უწყებების გამჭვირვალობა, ინფორმაციის გაცემის მხრივ, არ არის მყარად დამკვიდრებული სტანდარტი და ის, უფრო მეტად, უწყებების კეთილ ნებაზე ან წარსულში მრავალწლიან პოზიტიურ გამოცდილებაზეა დამოკიდებული“, - ასეთია ჯუბოს რამდენიმეწლიანი დაკვირვების შედეგი.