Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ვერ ტოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს - მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად 14-დღიანი ვადა აიღო


მოსამართლე ზვიად შარაძე ლაზარე გრიგორიადისის საქმეს ერთი წლის განმავლობაში განიხილავდა.
მოსამართლე ზვიად შარაძე ლაზარე გრიგორიადისის საქმეს ერთი წლის განმავლობაში განიხილავდა.

ჯერაც უცნობია, როდის დატოვებს ციხეს 2023 წლის 7-9 მარტის საპროტესტო აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი, რომლის შეწყალების გადაწყვეტილებაც საქართველოს პრეზიდენტმა იმავე დღეს მიიღო, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ერთი კვირაა, საქალაქო სასამართლო და პენიტენციური დაწესებულება აჭიანურებენ იმ დოკუმენტის პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიწოდებას, რაც მას შეწყალების ოქმის გამოსაცემად სჭირდება.

როგორც ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი თათია მანიჟაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, შეწყალების ოქმის გამოცემისთვის პრეზიდენტს სჭირდება ხელთ ჰქონდეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც, მისი ინფორმაციით, მოსამართლემ პენიტენციურ დაწესებულებას გადაუგზავნა, მაგრამ იგი არც თავად მსჯავრდადებულს არ ჩაჰბარებია და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ მიუღია პენიტენციური დაწესებულებიდან.

"კაცი გაამტყუნეს, განაჩენს არ გვაძლევენ", - ამბობს თათია მანიჟაშვილი, რომელიც დღეს, 19 აპრილს, კოლეგებთან ერთად იყო მისული საქალაქო სასამართლოში იმის გასარკვევად, როდის მიიღებენ გრიგორიადისი და მისი ადვოკატები განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს. სასამართლოში მას უთხრეს, რომ მოსამართლე ზვიად შარაძემ 14 სამუშაო დღე აიღო განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მხარეებისთვის გადასაცემად იმ არგუმენტით, რომ საქმე მრავალ ტომს შეიცავს. ადვოკატის განმარტებით, მას ამის უფლებას აძლევს კანონი, რომლითაც სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად 5 სამუშაო დღეა განსაზღვრული, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე მოცულობითია - ასეთი შემთხვევებისთვის კანონი ითვალისწინებს 14-დღიანი ვადის გამოყენების შესაძლებლობას.

პროცედურის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს განაჩენის მიღების შემდეგ შეწყალების ოქმის გამოცემა მყისიერად შეუძლია.

რადიო თავისუფლება 15 აპრილის შემდეგ ელოდება პენიტენციური სამსახურიდან პასუხს კითხვაზე, მიიღო თუ არა უწყებამ დოკუმენტაცია მოსამართლე ზვიად შარაძის გამოტანილი განაჩენის შესახებ.

სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება ამ საქმეზე მოსამართლის მიერ განაჩენის გამოტანის დღესვე გამოაცხადა. 12 აპრილის საღამოს სალომე ზურაბიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში, ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში თქვა, რომ გადაწყვეტილება გრიგორიადისის შეწყალებაზე მიღებული ჰქონდა.

ლაზარეს შეწყალების გამო საქართველოს პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა - 13 აპრილს ამ გადაწყვეტილებას მან ანტისახელმწიფოებრივი უწოდა და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში ჩაეწერება, როგორც „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი და თანამონაწილე.

ლაზარე გრიგორიადისი, რომლის ბრალეულობის დასადასტურებლადაც პროკურატურას არცერთი მყარი პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია სასამართლოში, მთელი პატიმრობის განმავლობაში იყო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმის ობიექტი, მის საწინააღმდეგო საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე მუშაობდა პროპაგანდისტული, მთავრობის მიმართ ლოიალურად განწყობილი მედია. სასამართლო განხილვის პარალელურად, გრიგორიადისის ადვოკატები მუდმივად საუბრობდნენ გაჭიანურებულ მართლმსაჯულებაზე - მოსამართლე ზვიად შარაძემ სამჯერ გადადო დასკვნითი სხდომა, რომლის შემდეგაც მას განაჩენი უნდა გამოეტანა. ბრალდების მხარეს სასამართლო სხდომებზე თითქმის არასოდეს მიჰყავდა დასაკითხად რამდენიმე მოწმე - პროცესების დიდი ნაწილი რამდენიმე წუთში მთავრდებოდა. სასამართლო განხილვის დასაჩქარებლად, გრიგორიადისის ადვოკატებმა უარი თქვეს მოწმეთა ნაწილის სასამართლოში გამოკითხვაზე და უდავოდ გახადეს პროკურატურის ყველა მტკიცებულება.

ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების ერთადერთი მონაწილეა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით მოხვდა საპატიმრო დაწესებულებაში.

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენის გამოცხადება დაემთხვა "ქართული ოცნების" მიერ "აგენტების კანონის" დაბრუნებას პარლამენტში განსახილველად - სწორედ ამ კანონის წინააღმდეგ გამოვიდა 2023 წლის მარტში ლაზარე გრიგორიადისი ათასობით მოქალაქესთან ერთად საპროტესტო აქციებზე. 17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა ასევე მძლავრი სამოქალაქო პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მიიღო "აგენტების კანონის" მცირედით შეცვლილი რედაქცია.

31 მარტს ერთი წელი გავიდა, რაც ლაზარე გრიგორიადისი გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ის საპატიმრო დაწესებულებაში გახდა 22 წლის. მარტის აქციების გამო დაკავებულ ახალგაზრდას, ამ საქმის განხილვის პარალელურად, 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ორი წლის წინ მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე.

XS
SM
MD
LG