კობახიძესთან საუბრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი გადადგა - მთავრობის პრესსამსახური

ზურაბ აზარაშვილი თანამდებობაზე 2021 წლის დეკემბერში დაინიშნა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაცია გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა.

ეს არის მინისტრთა კაბინეტში პირველი საკადრო ცვლილება ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის დროს.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.

უფრო ადრე, 24 თებერვალს, ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა "რესპუბლიკური საავადმყოფოს​" დანგრევაზე ყოფილი პრემიერისა და ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება. უკავშირდება თუ არა საკადრო ცვლილება ამ საკითხს, უცნობია.

ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე: „რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული პროცესი გაჩერდება“

მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია ზურაბ აზარაშვილს. არც ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურს არ გაუვრცელებია ინფორმაცია.

ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2021 წლის 30 დეკემბერს დაინიშნა. ამ დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო ირაკლი ღარიბაშვილი. მანამდე, ღარიბაშვილის მინისტრობის დროს, 10 თვის განმავლობაში ზურაბ აზარაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

მასალა არქივიდან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილი დაინიშნა

პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილმა 29 იანვარს დატოვა. მის შემცვლელად კი პარტია "ქართულმა ოცნებამ" ირაკლი კობახიძე დაასახელა. თანამდებობაზე დამტკიცებამდეც და შემდეგაც, კობახიძე აცხადებდა, რომ მხოლოდ თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დატოვებდა თანამდებობას.

ასევე ნახეთ ალასანია, გახარია, კობახიძე - ირაკლი ჩიქოვანის გზა თავდაცვის მინისტრობამდე