Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრად ზურაბ აზარაშვილი დაინიშნა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დანიშნა ზურაბ აზარაშვილი, რომელიც დღემდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. მანამდე აზარაშვილი ხელმძღვანელობდა სახელმწიფო კომპანიებს, "თბილავიამშენს" და "დელტას", რომლებიც სამხედრო ტექნიკას აწარმოებენ.

თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის თანახმად, ESM ბიზნეს სკოლის ბაკალავრსა და მაგისტრს, ზურაბ აზარაშვილს თავდაცვის სისტემაში საქმიანობის დაწყებამდე, ანუ 2000-2020 წლებში ჰქონდა მხოლოდ საბანკო სფეროში, კერძოდ, "ტერაბანკში", "კორ სტანდარტ ბანკში", "ქართუ ბანკსა" და "თიბისი ბანკში" მუშაობის გამოცდილება.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი დღეს, 27 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ზურაბ აზარაშვილს უწოდა ძალიან ძლიერი მენეჯერი:

"ბატონი ზურა გახლავთ ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრი. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ფინანსების მართვის, არის ძალიან კარგი, ძლიერი მენეჯერი. ჩვენ თავად გამოვცადეთ და თავად დავრწმუნდით ამაში. მე როცა ვიყავი თავდაცვის მინისტრი, ბატონი ზურა მაშინ იყო "დელტას" ხელმძღვანელი, ასევე, "თბილავიამშენის" ხელმძღვანელი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის საქართველოს ავიაციის აღდგენა. უამრავი სხვა პროექტი, რომელიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას, სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას და ასე შემდეგ".

როგორც პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა, ზურაბ აზარაშვილი არის უაღრესად წესიერი და განათლებული, ექიმის ოჯახშია გაზრდილი, ხუთი შვილი ჰყავს, კარგად აქვს გაცნობიერებული ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები და იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებითვე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 6 მილიარდი ლარია, რაც ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის თითქმის მესამედს შეადგენს და ამ მიმართულებით სჭირდებოდათ ისეთი გამოცდილი კადრი, როგორიც ზურაბ აზარაშვილია.

42 წლის ზურაბ აზარაშვილმა მინისტრის თანამდებობაზე შეცვალა ეკატერინე ტიკარაძე, რომელმაც გადადგომის გადაწყვეტილება 9 დეკემბერს გამოაცხადა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დანიშნულმა ზურაბ აზარაშვილმა დღეს მხოლოდ ის თქვა, რომ პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობას უხდის, "უდიდესი გამოწვევებით სავსე სამინისტროს მართვა" მისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ პრემიერის და მთავრობის გუნდის მხარდაჭერით შეძლებენ "მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები და მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას".

XS
SM
MD
LG