საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მთლიანად გაჩერდება რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაცია, რასაც რამდენიმე კვირაა მოითხოვენ საავადმყოფოს თანამშრომლები. ეს განცხადება კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„ბუნებრივია, მომზადდება შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია“, - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ დასმულ კითხვას იმასთან დაკავშირებით, პროცესის შეჩერება გულისხმობს თუ არა რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის იმ შეთავაზებული კომპენსაციის გაუქმებასაც, რომელზეც ზოგიერთმა თანამშრომელმა თანხმობა უკვე განაცხადა
როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობას სრული დატვირთვით გააგრძელებს.
„რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, ამაზე გვექნება დეტალური საუბარი როგორც საავადმყოფოს კოლექტივთან, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან. ამ დეტალებს შევაჯერებთ უახლოეს დღეებში. მთავარია, საავადმყოფომ სრული დატვირთვით გააგრძელოს მუშაობა. ამას პრობლემები არ უნდა შეექმნას. იმისთვის, რომ იყოს უზრუნველყოფილი საავადმყოფოს საქმიანობის უწყვეტობა, უახლოეს დღეებში იქნება მიღებული ზომები, ერთი მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროს და, მეორე მხრივ, კოლექტივის ჩართულობით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომლის თქმითაც, უახლოესი თვეების განმავლობაში მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო იმუშავებენ ალტერნატიულ პროექტზე:
„როგორც მოგეხსენებათ, დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებდა საავადმყოფოს გარკვეული ტერიტორიის გამოყენებას, უკანა ტერიტორიის გამოყენებას საინვესტიციო მიზნებისთვის, ხოლო წინა ტერიტორიაზე არსებული შენობის ადგილას, მისი დემონტაჟის საფუძველზე ახალი შენობის მშენებლობას. ალტერნატიული ვარიანტი შემოგვთავაზეს ექიმებმა, რაც გულისხმობდა, რომ უკანა ტერიტორიაზე შეიძლებოდა საავადმყოფოს მშენებლობა, ხოლო წინა ტერიტორიის გამოყენება მოგვიანებით საინვესტიციო მიზნებისთვის. ეს შემოთავაზება შეესაბამება იმ გეგმას, რომელიც არსებობდა თავის დროზე, თუ არ ვცდები, ჯერ კიდევ 2007 წელს. თავის დროზე, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა დაგეგმილი ახალი შენობის მშნებელობა, შემდეგ, ასევე პოლიტიკური მიზეზების გამო, პროცესების გათვალისწინებით, სამწუხაროდ, ეს პროექტი ვეღარ განხორციელდა. სწორედ უკანა ტერიტორიაზე იგეგმებოდა ახალი საავადმყოფოს მშენებლობა. ჩვენ ვიმუშავებთ სწორედ ასეთ პროექტზე, კიდევ ერთხელ წარიმართება საპროექტო სამუშაოები. დაიგეგმება შესაბამისი პროცესი და მომზადდება წინადადებები სწორედ ამ მიმართულებით, რომ უკანა ტერიტორიაზე განხორციელდეს საავადმყოფოს მშენებლობა, ხოლო წინა ტერიტორია გამოყენებული იქნეს საინვესტიციო მიზნებისთვის, რაც ზუსტად შეესაბამება იმ შემოთავაზებას, რომელიც ჰქონდათ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს“.
კობახიძის თქმით, ქვეყანას სჭირდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. მისი თქმით, დღევანდელი ინფრასტრუქტურა არ არის სათანადო მდგომარეობაში.
„აქედან გამომდინარე, ეს მიზანი აუცილებლად განხორციელდება. უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში აუცილებლად აშენდება ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო, თუმცა მანამდე ახალი ვერსია, რომელზეც შევჯერდით, მოგვცემს საშუალებას, რომ უახლოესი წლების განმავლობაში შევინარჩუნოთ დღეს მოქმედი საავადმყოფო თავისი პერსონალით. შესაბამისად, რესპუბლიკური საავადმყოფო უახლოესი წლების განმავლობაში გააგრძელებს ჩვეულებრივად ფუნქციონირებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ თანამშრომლებმა კლინიკის შენობების დანგრევის გადაწყვეტილების შესაჩერებლად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 30 იანვარს მიმართეს.
საავადმყოფოს დანგრევის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 22 იანვარს მიიღო, რამდენიმე საათში კი კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თანამშრომლებს ოთხი წინადადება შესთავაზა. ამ შეთავაზებებიდან არცერთი არ იყო მისაღები იმ თანამშრომლებისთვის, რომელთა სახელითაც სარჩელი შევიდა სასამართლოში. ექიმები ამბობდნენ, რომ ამ ოთხი შეთავაზებიდან არცერთი არ გულისხმობდა მათ უპირობო დასაქმებას.
„რესპუბლიკურის“ თანამშრომლებს, კერძოდ, სთავაზობდნენ:
- დაეწერათ განცხადება სამსახურიდან წასვლაზე - მიიღებდნენ 12-თვიან კომპენსაციას, თუ არ მუშაობდნენ სხვა სამსახურში;
- დაეწერათ განცხადება სამსახურიდან წასვლაზე - მიიღებდნენ ოთხთვიან კომპენსაციას, თუ მუშაობდნენ სხვაგან;
- თუ არ დაწერდნენ სამსახურიდან გათავისუფლების განცხადებას, იმავე თანამდებობაზე დასაქმებას სთავაზობდნენ (მხოლოდ) ერთ რომელიმე სხვა კლინიკაში - ამ შემთხვევაში ხელშეკრულების დადებიდან შვიდი დღის ვადაში ასეთ ადამიანს გადაეცემოდა ოთხთვიანი კომპენსაცია;
- თუ რესპუბლიკურის მოქმედ თანამშრომელს მსგავს თანამდებობას სხვა კლინიკაში ვერ შესთავაზებდნენ, იმდენი ხნის განმავლობაში (სამი წლის ვადაში) მიიღებდა ხელფასის ოდენობის კომპენსაციას, სანამ სხვა ორგანიზაციაში არ დასაქმდებოდა.
„რესპუბლიკურის“ თანამშრომლები მოითხოვდნენ, კლინიკის დემონტაჟისა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მთავრობას მათი ჩართულობით მიეღო.