პრემიერის თქმით, იგეგმება „რესპუბლიკური საავადმყოფოს"  შენობის დემონტაჟი და ახალი კლინიკის მშენებლობა

აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა

22 იანვარს საქართველოს მთავრობის სხდომაზე ოთხი საკითხი განიხილეს. როგორც ადმინისტრაცია იუწყება, მათ შორის იყო ყოფილი "რესპუბლიკური საავადმყოფოს" შენობის დემონტაჟისა და მის ადგილზე ახალი, მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობის საკითხი (მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალ პროექტთან დაკავშირებით რიგი საკითხების განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“). პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილი კი დასაქმდება.

„სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე − შეისწავლა საფუძვლიანად "რესპუბლიკური საავადმყოფოს" მდგომარეობა - როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული; შეისწავლა, თუ რამდენად პასუხობს კლინიკა უსაფრთხოების ნორმებსა და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები. ჩატარდა 5 სხვადასხვა ექსპერტული კვლევა, მომზადდა შესაბამისი დასკვნები, რომლებმაც კლინიკაში არსებული რთული ვითარება მკაფიოდ წარმოაჩინა. სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია. შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და "რესპუბლიკური საავადმყოფოს" ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი "რესპუბლიკური საავადმყოფო". ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტების ახალი "რესპუბლიკური საავადმყოფო". პირადად მინისტრის კოორდინაციით, "რესპუბლიკური საავადმყოფოს" თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილი დასაქმდება და გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე და ყველა იქნება უზრუნველყოფილი დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით თუ უპრეცედენტო ღირსეული კომპენსაციით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტრო შენობის სადემონტაჟო პროექტისა და კლინიკის საპროექტო სამუშაოების შესყიდვის პროცედურებს იწყებს.

მთავრობის სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა: „ჩვენ მთავრობაზე ავიღეთ დღეს თანხმობა და დავიწყებთ არსებული ფასადის დემონტაჟის სამუშაოებს, ასევე ახალი კლინიკის მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერის გამოცხადების ღონისძიებებს. ეს ტენდერი უნდა იყოს აუცილებლად საერთაშორისო, რადგანაც საერთაშორისო გამოცდილება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ასეთი ისტორიული და მნიშვნელოვანი კლინიკის მშენებლობის და შექმნის პროცესში“.

ოფიციალური ცნობით, „ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო მულტიფუნქციური, საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო კლინიკა 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი. ამასთან, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა. ასევე რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს".

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები სრულად დაცული იქნება: „თანამშრომელთა ნაწილი, ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილისთვის კი სპეციალური ანაზღაურების პაკეტი მომზადდა, რაც კლინიკის თითოეული თანამშრომლისთვის იქნება შეთავაზებული. პროცესს უშუალო მეთვალყურეობას გაუწევს შრომის ინსპექციის სამსახური".

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 22 იანვარს „რესპუბლიკური საავადმყოფოში" თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართება. სამინისტროს წარმომადგენლები კლინიკის თანამშრომლებს საავადმყოფოსთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებსა და კომპენსაციების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

„რესპუბლიკური საავადმყოფოს" შენობის დანგრევის საკითხზე მთავრობის გეგმას ექიმების პროტესტი მოჰყვა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებსა და „რესპუბლიკური საავადმყოფოს" ექიმებს შორის პირველი შეხვედრა 2023 წლის მარტში გაიმართა. ექიმები ითხოვდნენ, რომ მთავრობა კლინიკის რეკონსტრუქციის იდეაზე შეჩერებულიყო ან ახალი შენობა უკვე არსებული კლინიკის გვერდით აეშენებინათ, მშენებლობის დასრულებამდე კი მათ ჩვეულებრივ ემუშავათ.

ასევე ნახეთ საუბარი იყო მწვავე - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები "რესპუბლიკური საავადმყოფოს" ექიმებს შეხვდნენ
ასევე ნახეთ „რესპუბლიკურთან“ კლინიკის დემონტაჟის საწინააღმდეგო აქცია ჩატარდა

ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, იგივე „რესპუბლიკური“, 1973 წელს გაიხსნა. ეს არის 24-საათიანი, მრავალპროფილური საავადმყოფო, რომელსაც 2008 წელს გადაუდებელი დახმარების ფუნქციაც დაემატა. საავადმყოფოში ოცზე მეტი მიმართულებით ემსახურებიან პაციენტებს, რასაც ლაბორატორიაც ემატება.

ასევე ნახეთ კლინიკა თუ ადგილი ქალაქის ცენტრში - რას უპირებენ „რესპუბლიკურს“?