პოლონელმა პოლიციელებმა ვარშავაში, პრეზიდენტის სასახლეში დააპატიმრეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მარიუშ კამინსკი და მისი ყოფილი მოადგილე მაცეი ვონსიკი. ისინი შსს-ს 2019-2023 წლებში ხელმძღვანელობდნენ. ორივე პრეზიდენტ ანჯეი დუდას პოლიტიკური მოკავშირეა. ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრების მომენტში პოლონეთის პრეზიდენტი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვიატლანა ციხანოუსკაიას ხვდებოდა.
2023 წლის დეკემბერში სასამართლომ კამინსკი და ვონსიკი ხელმეორედ ცნო დამნაშავედ 2007 წელს, ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელობის პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში და 2-2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კამინსკი და ვონსიკი, რომლებიც პარლამენტის დეპუტატებიც იყვნენ ყოფილი მმართველი პარტიიდან „სამართალი და სამართლიანობა“, სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ იმ მოტივით, რომ ამავე საქმეზე პირველი განაჩენის შემდეგ, 2015 წელს, ისინი პრეზიდენტმა დუდამ შეიწყალა.
იგივე პოზიცია აქვს დუდასაც, რომელმაც კამინსკი და ვონსიკი პრეზიდენტის სასახლეში 9 იანვარს დილით, მიღებაზე მიიწვია. ღამით, სასამართლოს ორდერის საფუძველზე, პრეზიდენტის სასახლეში პოლიციელები შევიდნენ, კამინსკი და ვონსიკი დააპატიმრეს და ვარშავის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში გადაიყვანეს. რამდენიმე საათით ადრე, პრეზიდენტის სასახლეში მისულმა კამინსკიმ და ვონსიკმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ პოლონეთში დიქტატურა ყალიბდება და დაკავების შემთხვევაში, ისინი პოლიტპატიმრები იქნებიან.
პოლონეთის შსს-ს ინფორმაციით, სასამართლოსგან კამინსკის და ვონსიკის დაპატიმრების ორდერი მიიღეს 9 იანვარს დილით, როცა ისინი უკვე პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდნენ.
პოლონეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მის მიერ კამინსკის და ვონსიკის შეწყალების აქტი ძალაშია. დუდას ოფისმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის სტუმრების დაპატიმრებამ ხელყო სახელმწიფოს და პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა ღირსება.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პრეზიდენტი ანჯეი დუდა დაადანაშაულა იმაში, რომ მოკავშირეებს ეხმარება მართლმსაჯულებისგან გაქცევაში და განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას უპირობოდ ყველამ პატივი უნდა სცეს. კამინსკის და ვონსიკის დაპატიმრების გამო, ვარშავაში გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელშიც რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა.
ასევე ნახეთ დონალდ ტუსკი პოლონეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიესპოლონეთში კონსერვატიული პარტიის, „სამართალი და სამართლიანობის" 8-წლიანი მმართველობა დასრულდა 2023 წლის შემოდგომაზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად. პოლონეთის მთავრობაში მოვიდა ლიბერალური კოალიცია პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ხელმძღვანელობით.
ახალი მთავრობა, რომელიც წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს სასამართლოს, მედიის და საჯარო მოხელეების დამორჩილებაში, პოლონელებს ამ მემკვიდრეობისგან გათავისუფლებას დაჰპირდა.
ასევე ნახეთ პოლონეთში დაიწყო მთავრობის ინიციირებული საზოგადოებრივი საინფორმაციო საშუალებების ლიკვიდაციის პროცესი