პოლონეთის სეიმმა ორშაბათს გამართულ სხდომაზე ახალ პრემიერ-მინისტრად აირჩია პროევროპული „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერი დონალდ ტუსკი. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარტიათა კოალიციამ, რომელსაც პარლამენტის ქვედა პალატაში ხმათა უმრავლესობა აქვს.
იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ბორის ბუდკამ, რომელიც კოალიცია "სამოქალაქო პლატფორმას" ხელმძღვანელობს, ორშაბათს პარლამენტში დებატების დროს განაცხადა, რომ ტუსკის არჩევა არის "იმ 11 მილიონი პოლონელი მამაკაცისა და ქალის მოთხოვნის შესრულება, რომლებმაც ხმა მისცეს ცვლილებას".
ტუსკს მხარი დაუჭირა 248 დეპუტატმა, 201 იყო წინააღმდეგი, თავი არავის შეუკავებია. მანამდე, ორშაბათს, დეპუტატებმა უარი თქვეს მატეუშ მორავიეცკის დროებითი მთავრობის მუშაობის გაგრძელებაზე.
მორავიეცკის კონსერვატიულმა პარტია „კანონმა და სამართალმა“ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა (35.38%) მიიღო, მაგრამ ვერ შეძლო მთავრობის ფორმირებისათვის საკმარისი მანდატების რაოდენობის მობილიზება.
66 წლის დონალდ ტუსკი უკვე ხელმძღვანელობდა პოლონეთის მთავრობას 2007-2014 წლებში. ის ორჯერ აირჩიეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოში. ტუსკი მხარს უჭერს პოლონეთის ევროინტეგრაციის გაგრძელებას, ხოლო "კანონისა და სამართლის" პოლიტიკა მიზნად ისახავდა ევროკავშირისგან დისტანცირებას.