ეს ნიშნავს, რომ 2022 წლის დეკემბერთან შედარებით ქვეყანაში ფასები საშუალოდ 0.4%-ით გაიზარდა.
რა გაძვირდა 2023 წლის დეკემბერში?
გაძვირდა ტრანსპორტი.
წელს უფრო ძვირი დაგიჯდათ როგორც ტრანსპორტით გადაადგილება, მისი შენახვა, ასევე ავტომობილის შეძენა.
საქსტატის დათვლით, 2023 წლის დეკემბერში წინა წელთან შედარებით ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 5.1%-ით გაიზარდა.
ფასი გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე 7.8%-ით, სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 6%-ით და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 3.7%-ით.
ყველაზე მეტად გაძვირდა საფინანსო მომსახურება
სხვადასხვა საქონელისა და მომსახურების ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.1%-ით. საქსტატის ინფორმაციით, ფასი საფინანსო მომსახურებაზე 26.3%-ით არის მომატებული.
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში გაძვირდა ხილი და ყურძენი 17.3%-ით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე ფასები 5.6%-ით გაიზარდა, მინერალურ, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე 3.3%-ით.
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაზრდილია ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასა (5.8%-ით) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (5.6%-ით).
ასევე ნახეთ წლევანდელი წლის მთავარი ეკონომიკური ამბებირა გაიაფდა?
ყველაზე მეტად ზეთი და ცხიმი, სამედიცინო პროდუქცია.
ზოგადად სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 2.7%-ით გაიაფდა.
ეს იმის ხარჯზე მოხდა, რომ ფასი შემცირდა ზეთსა და ცხიმზე 19.2%-ით, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 9.8%-ით.
23 წლის დეკემბერში, 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, ფასი ასევე შემცირდა პურსა და პურპროდუქტზე 8%-ით, გაიაფდა რძე, ყველი და კვერცხი.
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში სამედიცინო მომსახურებაზე გაზრდილი ფასების მიუხედავად, ფასები საშუალოდ 3.8%-ით შემცირდა. 8.9%-ით არის გაიაფებული სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობები
კიდევ რა უნდა იცოდეთ ინფლაციაზე?
ინფლაციას [სამომხმარებლო ფასების ინდექსს] სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველთვიურად სამომხმარებლო კალათის საფუძველზე ანგარიშობს.
სამომხმარებლო კალათა 300-ზე მეტ პროდუქტსა და მომსახურებას აერთიანებს და მოიცავს ქვეყნის მოსახლეობის მიერ შეძენილ ყველაზე ხშირად მოხმარებად საქონელსა და მომსახურებას, როგორიცაა საკვები, ტექნიკა, ტანსაცმელი და სხვა.
თითოეულ პროდუქციას საკუთარი წონა აქვს მინიჭებული და ზოგიერთ მათგანზე ფასის ცვლილებას უფრო მეტი გავლენა აქვს ინფლაციაზე, ვიდრე სხვებს.
ფასების დონის ზრდის გარდა, ინფლაციას ასევე განმარტავენ, როგორც ფულის მსყიდველუნარიანობის შემცირებას.
ამიტომ ინფლაციის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება, რაც რეალურად ფასების სტაბილურობას გულისხმობს, ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა.
ინფლაციის დაბალ დონედ კი ცენტრალური ბანკი 3%-ს მიიჩნევს.
ბოლო წლებში ინფლაციის ამ მაჩვენებლის შენარჩუნება ვერ ხერხდებოდა, 2022 წელს ქვეყანაში ფასების ორნიშნა ზრდა იყო და ინფლაციის საშუალო დონემ 11.9%-ს მიაღწია.
2023 წლიდან ინფლაციის მაჩვენებელმა შემცირება დაიწყო და საშუალოდ 2.5%-ს მიაღწია. მარტივად რომ ვთქვათ, შარშან ფასების საერთო ზრდის ტემპი შემცირდა.
ასევე ნახეთ 2023 წლის კარგი ამბები - გამარჯვებები, აღმოჩენები, ცვლილებები