ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ მოვიდა - ხელისუფლებისა და ოპოზიციის რეაქციები

ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. 30 დეკემბერი, 2023 წელი.

პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების კიდევ ერთ განაცხადს, საჯარო კომენტარების მიხედვით, სიხარულითა და მადლიერებით შეხვდნენ „ქართულ ოცნებაში“. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ივანიშვილი არსად იყო წასული, ხოლო ჩრდილიდან გამოსვლა იძულებით მოხდა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის პოლიტიკაში დაბრუნებისთვის და დასძენს, რომ „ეს არის ის მადლობა, რომელსაც იზიარებს პარტიის ყველა წევრი და მხარდამჭერი“.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის როლად „ჩვენი ქვეყნის გადარჩენა“ დაასახელა.

„მომდევნო 10 წელი ძალიან რთული პერიოდი იქნება არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. ისეთი ვითარებაა დღეს ქვეყანასა და მსოფლიოში, რომ აუცილებელი იყო ბატონი ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ მომავალ არჩევნებში გამარჯვების კუთხით „ძალიან დიდი როლი ექნება ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს“ და ის „უფრო მეტად სტაბილურს და განჭვრეტადს გახდის მომავალ წლებს“.

„ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, მორიგჯერ, დამაჯერებელ გამარჯვებას დავდებთ გამჭვირვალე და სამართლიან არჩევნებში“, - ეს უკვე კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის სიტყვებია. ის ამბობს, რომ „ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენის პირველივე დღიდანვე“ რჩება იმ ღირებულებების ერთგულად, რომელსაც „მან [ბიძინა ივანიშვილმა] ჩაუყარა საფუძველი ქართულ პოლიტიკაში“.

„შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად პოლიტიკური წლის დაგვირგვინება არის, უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მისთვის წარმოადგენს მთელი საზოგადოების კონსოლიდირების წინაპირობას.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის პოლიტიკაში დაბრუნების დეკლარირება იძულებითი ნაბიჯია.

„ამ შეშინებულმა ადამიანმა [ბიძინა ივანიშვილმა] გააცნობიერა, რომ ქართველმა ხალხმა მას მოუგო ჭიდაობა, ბრძოლა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე თუ რუსეთისკენ მიმავალ გზაზე და დაინახა, რომ მისი რეჟიმის დრო წავიდა“, - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გია ბარამიძე.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის საჯარო პოლიტიკაში კვლავ გამოჩენა ხალხის შიშმა და „ქართული ოცნების“ მიმართ „მხარდაჭერის სწრაფად ვარდნის“ მიმდინარე პროცესმა გამოიწვია. ვაშაძის მიერ დასახელებული კიდევ ერთი ფაქტორის თანახმად, ივანიშვილი პოლიტიკაში „პირადი კეთილდღეობისთვის“ და „პირადი უსაფრთხოებისთვის“ დაბრუნდა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის არჩევის მიზეზები უინტერესოა მისთვის „უზარმაზარი გამოწვევის ფონზე, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ამ ფორმით გამოჩენით თუ გამოჩენის გარეშე წარმოადგენს ქვეყნის მომავლისთვის“.

პარტიიდან „საქართველოსთვის“, რომლის ლიდერს - გიორგი გახარიას ბიძინა ივანიშვილმა 30 დეკემბერს კიდევ ერთხელ უწოდა მოღალატე, პასუხობენ, რომ ივანიშვილმა თავად უღალატა სახელმწიფოსა და მის ინტერესებს, როცა, მაგალითად - „ქარს გაატანა“ „გეოპოლიტიკური შესაძლებლობის დიდი ნაწილი“.

„როდესაც მთელი ბოლო 23 თვე ანტიევროპულს და ანტიდასავლურს “აწვებოდი”, ფულს ხარჯავდი, ცრუ ნარატივებს იგონებდი და აღვივებდი, რათა ხალხის გონებები მოგეწამლა და ახლა “ევროპელობა” მოინდომე, მაგას პოლიტიკაში თაღლითობაც აღარ ჰქვია“, - ვკითხულობთ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, კახაბერ ქემოკლიძის მიერ ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა ვერ უშველის.

პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთხელ დაბრუნების გადაწყვეტილება 30 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გამოცხადდა. ის პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.