კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის მკვლელობა ორგანიზებული იყო რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის მიერ. ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი დასავლეთის სადაზვერვო სააგენტოების ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გაზეთის თანახმად, პატრუშევმა 2022 წლის ზაფხულში დაიწყო პუტინის გაფრთხილება პრიგოჟინის მზარდი გავლენით გამოწვეული საფრთხის შესახებ. მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა ყურად არ იღო მისი სიტყვები, რადგან, კრემლის რწმენით, „ვაგნერის“ დაქირავებულმა რაზმებმა წარმატებას მიაღწიეს უკრაინის ბრძოლის ველზე. გამოცემის ერთ-ერთი ანონიმი წყაროს, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის თანახმად, ვითარება 2022 წლის ოქტომბერში შეიცვალა.
სავარაუდოდ იმ პერიოდში, პრიგოჟინმა დაურეკა პუტინს და უხეში ფორმით დაიჩივლა ფრონტის ხაზზე საბრძოლო მასალების დეფიციტზე, რაც მძიმე დანაკარგებს იწვევს. WSJ-ის წყაროს ცნობით, ნიკოლაი პატრუშევი იმ დროს პუტინის ოფისში იმყოფებოდა.
სტატიის თანახმად, ვლადიმირ პუტინმა უგულებელყო პრიგოჟინის შემდგომი საჩივრები საბრძოლო მასალების მიწოდებაზე და ასევე - „ვაგნერის“ ლიდერის საჯარო კონფლიქტი რუსეთის თავდაცვის მინისტრთან. როგორც გაზეთი წერს, 2023 წლის ივნისში, როდესაც პრიგოჟინმა ამბოხება დაიწყო, პატრუშევმა ამაში დაინახა შესაძლებლობა, სამუდამოდ მოეშორებინა თავიდან „ვაგნერის“ ხელმძღვანელი და „მართვა საკუთარ ხელში აიღო“.
გამოცემა ირწმუნება, რომ პატრუშევმა პრიგოჟინის მოკვლის გეგმის შემუშავება დაიწყო მას შემდეგ, რაც ალიაქსანდრ ლუკაშენკას შუამავლობით მოხერხდა პრიგოჟინის დაყოლიება, გადაეყვანა დაქირავებული მებრძოლები ბელარუსის ტერიტორიაზე, ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ შეაჩერებდა აჯანყებულთა დევნას.
გამოცემის წყაროების თანახმად, პუტინს მოგვიანებით აჩვენეს ეს გეგმა და ის წინააღმდეგი არ ყოფილა. დასავლეთის სადაზვერვო სააგენტოების წარმომადგენლებმა WSJ-ს აცნობეს, რომ მცირე ბომბი განთავსებული იყო კერძო თვითმფრინავის, Embraer-135-ის ფრთის ქვეშ. სწორედ ეს თვითმფრინავი გამოიყენა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა 23 აგვისტოს. შერემეტიევოს აეროპორტიდან აფრენიდან ნახევარი საათის შემდეგ თვითმფრინავი ტვერის რეგიონში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგადა დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი ათივე ადამიანი. მათ შორის - პრიგოჟინი და დაქირავებულ მებრძოლთა რამდენიმე მეთაური.
თვითმხილველების მტკიცებით, თვითმფრინავის შიგნით აფეთქება მოხდა.
ასევე ნახეთ
პუტინის თქმით, პრიგოჟინის თვითმფრინავში დაღუპულთა ცხედრებში ხელყუმბარის ნამსხვრევები აღმოაჩინესWall Street Journal-მა ადრე დაწერა, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავი „ლიკვიდაციის მიზნით ჩაფიქრებული შეთქმულების“ შედეგად ჩამოვარდა. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ფრენის მომენტში აფეთქდა, რაც, სავარაუდოდ, დივერსია იყო. გაზეთი ასევე აღნიშნავს, რომ ტერიტორია, სადაც ნამსხვრევები ჩაცვივდა, ბულდოზერით გადაასწორეს, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს.
კრემლი უარყოფს პრიგოჟინის სიკვდილში მონაწილეობას.
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ცხედრებში ექსპერტიზამ ხელყუმბარების ფრაგმენტები აღმოაჩინა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა 5 ოქტომბერს, „ვალდაის“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ასევე ნახეთ
კრემლი აცხადებს, რომ არ ჰქონდა კავშირი თვითმფრინავის კატასტროფასთან, რომელსაც, სავარაუდოდ, პრიგოჟინი ემსხვერპლარუსეთის სახელმწიფოს მეთაურის თქმით, თვითმფრინავზე გარე ზემოქმედება არ მომხდარა. პუტინი აცხადებს, რომ ამის შესახებ მას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა აცნობა. პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ალკოჰოლზე ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებულა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ პეტერბურგში, პრიგოჟინის ოფისში, ხუთი კილოგრამი ნარკოტიკი და 10 მილიარდი რუბლი ნაღდი ფული იპოვეს.