ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო, კომუნიკაციების კომისია, აცხადებს, რომ კომპანია "სილქნეტი" "ეფექტიან და ხარისხიან 5G ინტერნეტმომსახურებას ვერ დანერგავს". ასე უპასუხეს კომისიაში რადიო თავისუფლების კითხვას, რომელიც ამ ქსელში მეხუთე თაობის ინტერნეტის ჩართვას შეეხებოდა.
"სილქნეტის" მომხმარებლებისთვის მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დანერგვა მხოლოდ მობილურ ტელეფონზე 5G ნიშნის გაჩენით იქნება შესამჩნევი, მაგრამ სხვა მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სხვაობას აბონენტები ვერ იგრძნობენ", - ამბობენ კომუნიკაციების კომისიაში.
კომისია აცხადებს, რომ სრულყოფილად მეხუთე თაობის ინტერნეტის დანერგვა შესაძლებელი იყო იმ სიხშირეებით, რომელთა გასაცემად გამოცხადებულ აუქციონშიც მხოლოდ "სელფი" (ყოფილი "ბილაინი") მონაწილეობდა და არა მისი კონკურენტები, "სილქნეტი" და "მაგთიკომი".
"შეთავაზებული 5G-ით მომხმარებლები ხარისხიან და ეფექტიან ახალი თაობის ინტერნეტს ვერ მიიღებენ, რადგან მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დანერგვისთვის, შესაბამისი ოდენობისა და მახასიათებლების მქონე სპექტრული რესურსის გამოყენებაა საჭირო, რომელიც „სილქნეტს“ ამ ეტაპზე არ გააჩნია, იმის გათვალისწინებით, რომ ოპერატორის სარგებლობაში აქამდე არსებული სიხშირული სპექტრის ძირითადი ნაწილი წინა თაობის მობილური ტექნოლოგიებისთვისაც გამოიყენება", - აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.
რამდენიმე დღეა "სილქნეტის" ქსელის აბონენტებისთვის თბილისის ცენტრალურ ნაწილში 5G ჩაირთო.
ასევე ნახეთ "სილქნეტმა" 5G თბილისის ცენტრალურ ნაწილში ახალი სიხშირის აღების გარეშე დანერგა*კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ 5G-ის დასანერგად იყენებენ სიხშირეებს, რომლებიც მათ საკუთრებაშია.
"5G ტექნოლოგია დაინერგა იმ არსებულ სიხშირულ რესურსზე, რომელზეც "სილქნეტს" უკვე გააჩნია ლიცენზია. 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით, მარეგულირებელმა განახორციელა მობილური სიხშირული ლიცენზიების მოდიფიცირება, ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პირობით, ანუ ლიბერალიზაცია, რომლის ფარგლებშიც უფლება გვაქვს დავნერგოთ ნებისმიერი ის ტექნოლოგია, რომელიც არის სტანდარტიზებული და ჰარმონიზებული ევროკავშირის ფარგლებში", - აცხადებენ კომპანიაში.
2022 წლის მონაცემებით, ბაზრის ლიდერია კომპანია "მაგთიკომი". მის ქსელში ჩართულია აბონენტების 41,7%, მეორე ადგილზეა "სილქნეტი" - 33,5%-ით, მესამეზე კი "სელფი" - 24,8%-ით.
ასევე ნახეთ ყველაფერი, რაც 5G ინტერნეტზე უნდა იცოდე: რატომ არის საჭირო, როდის და ვისთვის იქნება