Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სილქნეტმა" 5G თბილისის ცენტრალურ ნაწილში ახალი სიხშირის აღების გარეშე დანერგა*


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

"სილქნეტმა" თბილისის ცენტრალურ ნაწილში 5G ინტერნეტი ჩართო. კომპანიას არ აქვს კომუნიკაციების კომისიისგან მიღებული შესაბამისი ლიცენზია, რომელიც მარეგულირებელმა ახალი ტექნოლოგიების დასანერგად განსაზღვრა.

5G-ის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ "სელფმა" (ყოფილი "ბილაინი"), "სილქნეტმა" კი მას დედაქალაქში ამ მომსახურების დანერგვა დაასწრო.

"ჩვენმა მომხმარებლებმა კარგად იციან, რომ "სილქნეტი" ყოველთვის იყო ნოვატორი სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და ახლაც პირველები ვართ", - უთხრეს რადიო თავისუფლებას კომპანიაში.

რადიო თავისუფლებამ ჯერ კიდევ 13 დეკემბერს შენიშნა, რომ "სილქნეტის" ქსელში ჩართულ მობილურ ტელეფონებზე 5G ინტერნეტს "იჭერდა", სწორედ ამის გამო მიმართა კომპანიას კითხვებით.

ამ ქსელის აბონენტებს ახალი ტექნოლოგიის ინტერნეტის "დაჭერა" შეუძლიათ თბილისში - თავისუფლების მოედნიდან ბაგებამდე.

"სილქნეტში" რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ 5G-ის დასანერგად იყენებენ საკუთარ სიხშირეებს, რომლებიც მათ საკუთრებაში არის.

"5G ტექნოლოგია დაინერგა იმ არსებულ სიხშირულ რესურსზე, რომელზეც "სილქნეტს" უკვე გააჩნია ლიცენზია. 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით, მარეგულირებელმა განახორციელა მობილური სიხშირული ლიცენზიების მოდიფიცირება, ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პირობით, ანუ ლიბერალიზაცია, რომლის ფარგლებშიც უფლება გვაქვს დავნერგოთ ნებისმიერი ის ტექნოლოგია, რომელიც არის სტანდარტიზებული და ჰარმონიზებული ევროკავშირის ფარგლებში", - აცხადებენ კომპანიაში.

ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო - კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ კომპანია "სილქნეტი" "ეფექტიან და ხარისხიან 5G ინტერნეტ მომსახურეობას ვერ დანერგავს". ასე უპასუხეს კომისიაში რადიო თავისუფლების კითხვას, რომელიც ამ ქსელში მეხუთე თაობის ინტერნეტის ჩართვას შეეხებოდა.

"სილქნეტის" მომხმარებლებისთვის მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დანერგვა, მხოლოდ მობილურ ტელეფონზე 5G ნიშნის გაჩენით იქნება შესამჩნევი, მაგრამ სხვა მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სხვაობას აბონენტები ვერ იგრძნობენ", - აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

2022 წლის მონაცემებით, ბაზრის ლიდერია კომპანია "მაგთიკომი". მის ქსელში ჩართულია აბონენტების 41,7%, მეორე ადგილზეა "სილქნეტი" - 33,5%-ით, მესამეზე კი "სელფი" - 24,8%-ით.

სიხშირეების უნებართვოდ გამოყენებაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სანქცია, რომელსაც კომუნიკაციების კომისია აკისრებს კომპანიებს. კომისიაში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ "სილქნეტს" არ აქვს ახალი ტექნოლოგიის დასანერგად საჭირო ლიცენზია.

* შესწორება: მასალის სათაური შეცვლილია სიზუსტის სასარგებლოდ. სათაურის თავდაპირველი ვერსია იყო: "სილქნეტმა" 5G თბილისის ცენტრალურ ნაწილში „ულიცენზიოდ“ ჩართო.

XS
SM
MD
LG