სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მომღერალ ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს ჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157¹-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
7 დეკემბერს მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ დაწერა, რომ ე.წ. ჩათებში გავრცელებული პორნოშინაარსის ვიდეოფაბრიკაციის გამო გეგმავდა მიემართა საგამოძიებო უწყებისთვის:
„პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის! ვერც ჩურჩულით დადებული ხმა გიშველით და ვერც შუაში “სპიშკით” გადაფარული და დამონტაჟებული საზიზღრობა ფეიკით შემაშინებთ ..!!! ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ... აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს“.
მომღერლის პოსტს სოციალურ ქსელში მალევე გამოეხმაურნენ უფლებადამცველები.
თამთა მიქელაძე, "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი წერდა, რომ აუცილებელია დროულად დაიწყოს აღნიშნულ საქმეზე გამოძიება.
9 დეკემბერს ამ თემას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.
"კიდევ ერთხელ და ყოველთვის ვგმობ ნებისმიერ ფორმით ქალთა მიმართ ძალადობასა და ღირსების შელახვას!" - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
ასევე ნახეთ
ზურაბიშვილი ბაბი კირკიტაძეზე: ვგმობ ნებისმიერ ფორმით ქალთა მიმართ ძალადობასბაბი კირკიტაძე საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხება ვიდეომონტაჟის შესახებ გავრცელებული პოსტის გამო