Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაბი კირკიტაძე საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხება ვიდეომონტაჟის შესახებ გავრცელებული პოსტის გამო


ბაბი კირკიტაძე
ბაბი კირკიტაძე

მომღერალი ბაბი კირკიტაძე 9 დეკემბერს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხება ვიდეო-ფაბრიკაციის შესახებ გამოქვეყნებული პოსტის საქმეზე.

როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნებიან საგამოძიებო უწყებაში, მომღერალს გამომძიებელი 7 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ დაუკავშირდა:

„მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, ჩვენი უწყება დაინტერესდა ამ საქმით. გუშინვე ესაუბრა მას გამომძიებელი და შაბათსაა დაბარებული საგამოძიებო უწყებაში“.

7 დეკემბერს, მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ ე.წ. ჩათებში ვრცელდება პორნოშინაარსის ვიდეოფაბრიკაცია და გეგმავს მიმართოს საგამოძიებო უწყებებს:

„პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის! ვერც ჩურჩულით დადებული ხმა გიშველით და ვერც შუაში “სპიშკით” გადაფარული და დამონტაჟებული საზიზღრობა ფეიკით შემაშინებთ ..!!! ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ... აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს“.

ბაბი კირკიტაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამ ეტაპზე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დამატებით კომენტარს არ აკეთებს.

მომღერლის პოსტს სოციალურ ქსელში მალევე გამოეხმაურნენ უფლებადამცველები.

თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი წერს, რომ აუცილებელია დროულად დაიწყოს აღნიშნულ საქმეზე გამოძება:

„ძალიან მძიმე ამბავზე საუბრობს ეს ქალი. ჩვენ შეიძლება არ მოგვწონდეს ვიღაცის შესრულება და პოლიტიკური პოზიციები, მაგრამ არ შეიძლება ოპონენტები სიძულვილის ობიექტად ვაქციოთ. ვიდეო ფაბრიკაცია, რაზეც აქ საუბრობს ბაბი კირკიტაძე დანაშაულია და სექსიზმის და მიზოგინიის მძიმე ფორმაა და ის აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული".

ანა თავხელიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კიბერძალადობა, რომლის შესახებაც მომღერალი თავის პოსტში წერს, გენდერული ძალადობის კლასიკური მაგალითია. ამბობს, რომ გამოძიებამ ამ დანაშაულს შესაბამისი კვალიფიკაცია უნდა მისცეს, დროულად უნდა გამოვლინდნენ, როგორც ვიდეო-ფაბრიკაციის შემქმნელები, ისე მათი გამავრცელებლები და ასევე დროულად უნდა მოხდეს ვიდეოფაბრიკაციის ინტერნეტ-სივრციდან გაქრობა:

ანა თავხელიძე
ანა თავხელიძე

„ამ დანაშაულს, რასაც უმეტესად ქალები აწყდებიან, აუცილებლად აქვს გენდერული ასპექტი და გამოძიება აუცილებლად დისკრიმინაციული ნიშნით უნდა წარიმართოს. ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა ვნახეთ საქართველოში, როდესაც ეს მეთოდი გამოიყენეს აქტიური ქალების წინააღმდეგ და ამ მეთოდის მიზანია, ამ ქალების გაჩუმება და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან მათი გაუჩინარება“.

როგორც ანა თავხელიძე ამბობს, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ჩნდება ქალების მიმართ ძალადობის ახალი მეთოდებიც და ამჯერად, სწორედ ამ ტიპის შემთხვევასთან გვაქვს საქმე:

„კიბერძალადობის ერთ-ერთი ფორმაა ე.წ. „deepfakes”, რაც ფაბრიკაციის გზით ფოტო/ვიდეო/აუდიო მასალის მანიპულაციურ დამზადებას ნიშნავს. ამგვარი მასალა ხშირად სექსუალური შინაარსის მატარებელია. მაგალითად, ამ ტიპის, სექსუალური შინაარსის ვიდეოში გამოსახული ქალი, რეალურად არაა ის პიროვნება, რომელსაც ვიდეოში ვხედავთ. არადა, ერთი შეხედვით, არ არის მარტივი გასარჩევი ამგვარი ტიპის ფაბრიკაცია. საერთაშორისო სტანდარტით, ყველა ასეთი მასალის დამზადებაც კი დასჯადია. ამ ტიპის ძალადობა საშიშია იმიტომაც, რომ მას შემდეგ, რაც ასეთი კადრები ვრცელდება, ის დიდხანს რჩება ინტერნეტ-სივრცეში და წლების შემდეგ ამ კადრების მსხვერპლებს შესაძლოა კვლავ მოუწიოთ ამ კადრებთან შეხვედრა და ამ ტრავმების განახლება“.

ანა თავხელიძე მიიჩნევს, რომ ყველა ასეთ დანაშაულზე სახელმწიფოს რეაგირება უნდა იყოს მკაცრი და აუცილებლად გენდერულ ასპექტზე აქცენტირებული.

ამასთანავე ის ყურადღებას ამახვილებს ამ მიმართულებით, კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზზეც. როგორც ის ამბობს, დღეს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, კიბერძალადობის დანაშაულზე სრულყოფილად ვერ რეაგირებს და თვლის, რომ კანონმდებლობაში უნდა არსებობდეს კონკრეტული ნორმა, რომლის თანახმადაც, კიბერსივრცეში ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროვება დასჯად ქმედებად განისაზღვრება. სწორედ ამას გულისხმოვს საერთაშორისო სტანდარტი, მათ „სტამბოლის კონვენციის“ მეორმოცე მუხლიც.

XS
SM
MD
LG