საქართველოში გაუჩინარებული რუსი აქტივისტი რაფაილ შეპელევი ნიჟნი-ტაგილის წინასწარი დაკავების იზოლატორში იპოვეს. "Первый отдел-ის" ადვოკატებისა და უფლებადამცველების განცხადებით, მას ტერორიზმში ედება ბრალი.
„შეპელევი რუსი ძალოვნების პროვოკაციის მსხვერპლი გახდა, ის თბილისიდან ცხინვალის რეგიონში გაიტყუეს, იქ დააკავეს და ვლადიკავკაზში გადაიყვანეს და ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, რომლის დროსაც სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს და ნიჟნი-ტაგილის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ეტაპირება თითქმის თვე-ნახევარი გაგრძელდა მინვოდიდან ვოლგოგრადში, სარატოვში, ყაზანში, იჟევსკში, პერმში და ეკატერინბურგში“, - ნათქვამია განცხადებაში.
უფლებადამცველების ინფორმაციით, აქტივისტი ნიჟნი-ტაგილში გასულ კვირაში აღმოჩნდა. შეპელევს ბრალად სდებენ „ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას“ (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.5 მუხლის მე-2 ნაწილი), რაც 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და „ტერორიზმის გამართლებას“ (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.2 მუხლის მე-2 ნაწილი), რაც 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რაფაილ შეპელევი 12 ოქტომბერს თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე, სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი თანამოაზრეების თქმით, ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრიდან ცხოვრობდა და რუსეთში დაბრუნებას არ აპირებდა. 13 ოქტომბერს, გაუჩინარებიდან მეორე დღეს, ვლადიკავკაზის რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი დამნაშავედ ცნო "წვრილმან ხულიგნობაში" - ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს ვებსაიტზე გამოჩნდა. აქტივისტს სასჯელის სახით 15 დღით შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, გათავისუფლების შემდეგ კი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს და ტერორისტულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდება წაუყენეს. რაფაილ შეპელევს დოკუმენტები, მათ შორის საერთაშორისო პასპორტი, საქართველოში დარჩა.
2021 წლის ბოლოს საქართველოში ჩამოსვლამდე, შეპელევი რუსეთში, ქალაქ ეკატერინბურგში ცხოვრობდა. ის არის რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციათა რეესტრში შეყვანილი და აკრძალული ნაციონალისტურ-ანარქისტული ჯგუფის, „არტპოდგოტოვკის” წევრი.
ასევე ნახეთ რა ვიცით კირბალში გაუჩინარებულ რუს აქტივისტზე, რომელიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა?შეპელევის შესაძლო გაუჩინარების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც „თავისუფლების უკანონო აღკვეთას“ გულისხმობს.
"შეტყობინების მიღებისთანავე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შექმნილი ძებნის საქმის ფარგლებში სამართალდამცველების მიერ, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ჩატარდა გასაუბრებები ყველა იმ პირთან, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ასევე, დათვალიერდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ 12 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მისი საცხოვრებელი მისამართიდან გაემგზავრა შიდა ქართლში, კერძოდ ქალაქ გორში, საიდანაც ტაქსით სოფელი კირბალის მიმართულებით გაემგზავრა.
გამოკითხული პირების, მათ შორის ტაქსის მძღოლის და ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა ავტომობილიდან გადასვლის შემდეგ, საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
რაფაილ შეპელევი ცნობილია ეკატერინბურგის ოპოზიციის მიტინგებში აქტიური ჩართულობით. ის მონაწილეობდა ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ და ომის საწინააღმდეგო აქციაში. აქტივისტი საქართველოშიც მონაწილეობდა ომის საწინააღმდეგო და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციებში.
ასევე ნახეთ შსს-ს გამოძიების მიხედვით, რუსმა აქტივისტმა საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი