ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში რუსეთიდან საქართველოში 62 მლნ დოლარი გადმოირიცხა, ეს წლიურად 79.36%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
შედარებისთვის, გასული წლის ოქტომბერში რუსეთიდან გზავნილების მოცულობა თითქმის 300 მლნ დოლარი იყო.
რუსეთიდან გზავნილების შემცირებამ გავლენა იქონია მთლიან ფულად გზავნილებზე. ოქტომბერში ჯამში 283 მლნ დოლარი გადმოირიცხა, ანუ თითქმის 44%-ით ნაკლები 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით.
80%-იანი კლების მიუხედავად, ფულად გზავნილებში რუსეთი ლიდერობს. მეორე ადგილზეა იტალია 43 მლნ დოლარით, მესამეზე კი - აშშ, 42 მლნ დოლარით.
ოქტომბერში, რუსეთისგან განსხვავებით, გაზრდილია როგორც იტალიიდან (19%-ით), ასევე აშშ-იდან (39%-ით) გადმორიცხული თანხის ოდენობა.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ჯამში ქვეყანაში 3.2 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა, აქედან 1.3 მილიარდი დოლარი - რუსეთის ფედერაციიდან.
Არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მთავარი ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირების რამდენიმე მიზეზს ასახელებს, მათ შორის არის ქვეყანაში რუს მიგრანტთა შემცირებული რაოდენობა და რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებული ბიზნესი, რაც მათთვის უკვე ადგილზე აჩენს შემოსავლის წყაროს.
ასევე ნახეთ TI: რუსეთის წილი საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში 12,4%-მდე გაიზარდა - ეს ბოლო 16 წლის ისტორიული მაქსიმუმია
“ბოლო თვეების სტატისტიკას თუ შევხედავთ, რუსეთიდან გზავნილები დაახლოებით ამ დონეზე იყო. ეს რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. თავიდან რუსეთიდან ფულის გამოტანის ეფექტთან გვქონდა საქმე. გარდა იმისა, რომ რუსი ემიგრანტები ჩამოვიდნენ ქვეყანაში და შემდეგ მათ ურიცხავდნენ ფულს, ქართველებსაც გამოჰქონდათ თანხა გზავნილების სახით, რადგან დიდი თანხის გამოტანაზე რუსეთში შეზღუდვები იყო დაწესებული. ანუ ამ გზავნილებში ქართველი ემიგრანტების წილი მნიშვნელოვანი იყო”, - ამბობს ნამჩავაძე.
მისივე თქმით, ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში რუსი მიგრანტების რაოდენობის ზრდა შეჩერდა და, მაგალითად, მესამე კვარტალში რუსეთის უფრო მეტმა მოქალაქემ დატოვა საქართველო, ვიდრე შემოვიდა. გზავნილების შემცირების ერთ-ერთ მიზეზად "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენელი ამასაც ასახელებს.
ასევე ნახეთ საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება ავტორიტარულ რეჟიმებზე გაზრდილია - EPRC-ის კვლევა