დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში გრძელდება რუსეთზე დამოკიდებულების ზრდის ტენდენცია. 2023 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) 14.2% იყო, მაშინ როცა 2022 წლის ანალოგიურ მონაკვეთში ეს მაჩვენებელი 11.7%-ს შეადგენდა.
საქართველოსთვის რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საფრთხის შემცველია - რუსეთი, ტრადიციულად, ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე ზეწოლის პოლიტიკურ ბერკეტად იყენებს.
ეკონომიკური ზეწოლის გამოცდილება რუსეთის მხრიდან საქართველოსაც აქვს. 2006 წელს რუსეთმა საქართველოს ჯერ ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მოწოდება შეუწყვიტა, შემდეგ საქართველოდან რუსეთში პროდუქციის ექსპორტი ფაქტობრივად აკრძალა, იმავე წლის ბოლოს კი საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო.
კვლევის ძირითადი მიგნებებია:
- 2023 წლის პირველ ნახევარში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 32%-ით გაიზარდა და 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთის წილი საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 12.4%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 16 წლის მაქსიმუმია.
- 2023 წლის 6 თვეში საქართველოში 6 539 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი 21 326 კომპანიაა რეგისტრირებული. 2022-2023 წლებში დარეგისტრირებული კომპანიების 95% ინდივიდუალური საწარმოა. ეს მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა.
- 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან 578 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია, მაგრამ პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს ისევ ჩამორჩება 16%-ით. რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20%-ია. 2022 წლამდე რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-მდე არასდროს მიუღწევია; უკრაინაში ომის დაწყებამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2016 წელს იყო, როცა რუსეთიდან შემოსული ტურისტები საერთო რაოდენობის 16%-ს შეადგენდნენ. "რუსი ვიზიტორების ნაწილი რეალურად იმიგრანტია და საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა", - წერს ორგანიზაცია.
- რუსი მიგრანტების საქართველოში დასახლებამ ფულადი გზავნილების მნიშვნელოვნად ზრდა განაპირობა. 2023 წლის 6 თვეში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 50%-ით გაიზარდა და 1.1 მლრდ დოლარი შეადგინა;
- 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 34%-ით გაიზარდა და 344 მლნ დოლარი შეადგინა. საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 11.3% იყო, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით მეტია 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე. ექსპორტის ზრდა ყველაზე მეტად ავტომობილების რეექსპორტის ზრდამ განაპირობა; 2023 წლის 1 აგვისტოდან, საქართველოს მთავრობამ აშშ-დან შემოყვანილი ავტომობილების რუსეთში რეექსპორტი აკრძალა. 26 სექტემბრიდან კი მსგავსი აკრძალვა ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტსაც შეეხება. საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება აშშ-ის და ევროკავშირის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების გამკაცრებითაა განპირობებული.
- რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით კვლავ ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2023 წლის 6 თვეში რუსეთში ღვინის ექსპორტი 41%-ით გაიზარდა და 82 მლნ დოლარი შეადგინა. რუსეთის ბაზარს საქართველოს ღვინის ექსპორტში 65% უჭირავს, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;
- 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან იმპორტი 31%-ით გაიზარდა და 927 მლნ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამურ იმპორტში 12.9%-ია. რუსეთის წილი იმპორტში ასეთი მაღალი 2007 წლის შემდეგ აღარ ყოფილა;
- 2023 წლის 6 თვეში რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა - 75%-ით. თუ შევადარებთ რუსეთ-უკრაინის ომამდელ პერიოდს, ნავთობპროდუქტების იმპორტი 5-ჯერ არის გაზრდილი; 21 სექტემბერს რუსეთის მთავრობამ აკრძალა საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი - ეს შეზღუდვა საქართველოსაც ეხება. გადაწყვეტილება მიიღეს ქვეყნის შიგნით მოსავლის აღების პერიოდთან დაკავშირებით ფასების სტაბილიზაციისთვის.
- 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან გაზის იმპორტი 119%-ით გაიზარდა და რუსული გაზის წილმა საქართველოს შიდა მოხმარებაში 24% შეადგინა, როცა 2022 წლის იანვარ-ივნისში 11.6% იყო. რუსული ელექტროენერგიის წილი საქართველოს შიდა მოხმარებაში 0.1% იყო, რადგან იანვარ-ივნისში საქართველოს იმპორტირებული ელექტროენერგია ფაქტობრივად არ მოუხმარია;
- 2022 წელს რუსეთიდან 108 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც რეკორდული წლიური მაჩვენებელია. 2023 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა 7-ჯერ გაიზარდა და 56 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც 27 მლნ დოლარი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში, ხოლო 18 მლნ დოლარი უძრავი ქონების სფეროში განხორციელდა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულების მინიმალიზება უნდა იყოს. ამ მიმართულებით ორგანიზაციის რეკომენდაციებია:
- რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად და დაჩქარებულად უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომლებთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხელშეკრულებების რეალური დადებითი ეფექტი გრძელვადიანია, დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია, უფრო აქტიურად მოითხოვოს სტრატეგიული პარტნიორებისგან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაჩქარება;
- რადგან ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება რთულია და სწრაფად ვერ განხორციელდება, მთავრობას უნდა ჰქონდეს სტრატეგია, თუ როგორ შეამცირებს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას მომავალი წლების განმავლობაში;
- სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარებები არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის. აღნიშნული წესის დანერგვა საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას აამაღლებს.