Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება ავტორიტარულ რეჟიმებზე გაზრდილია - EPRC-ის კვლევა


ფოტო არქივიდან: ზემო ლარსი
ფოტო არქივიდან: ზემო ლარსი

საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება ავტორიტარულ რეჟიმებზე ბოლო 15 წლის განმავლობაში (2007 წლიდან 2022 წლის ჩათვლით) გაზრდილია. "საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსის" კვლევა არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევების ცენტრმა" ჩაატარა.

ორგანიზაციის დირექტორის მოადგილემ ირინა გურულმა რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" თქვა, რომ ეკონომიკური დამოკიდებულება გავლენას ახდენს პოლიტიკური კუთხითაც.

"მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა ტიპის ქვეყნებზე ვართ დამოკიდებული. [რიგ შემთხვევებში] ქვეყნები მათზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას შემდეგ პოლიტიკურ იარაღად იყენებენ. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. მაგალითად, რუსეთის ფედერაცია, რომელმაც ტურისტული, იმპორტის თუ ენერგოდამოკიდებულება გამოიყენა და დაგვიწესეს ემბარგო, აკრძალეს ფრენები, რამაც ჩაგვაყენა მძიმე მდგომარეობაში.

ძალიან ხშირად ხდება ხოლმე რეჟიმების იმპორტირებაც. ავტორიტარულ ქვეყნებზე დამოკიდებულება შემდეგ ახდენს ხოლმე პოლიტიკურ რეჟიმის იმპორტსაც. ამიტომაც მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, ვისზე გვაქვს დამოკიდებულება", - თქვა მან.

კვლევაში ეკონომიკური დამოკიდებულების განსასაზღვრად ჟურნალ "ეკონომისტის" "დემოკრატიის ინდექსის" მეთოდოლოგიაა გამოყენებული, რომლითაც ქვეყნები დაყოფილია ოთხ ჯგუფად: „ავტორიტარული“, „ჰიბრიდული რეჟიმი“, „არასრული დემოკრატია“ და „სრული დემოკრატია“.

კვლევიდან იკვეთება, რომ "საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსზე" გავლენას რამდენიმე გარემოება ახდენს. მათ შორის:

  • ეკონომიკური დამოკიდებულება ავტორიტარულ რეჟიმებზე 2007 წლიდან 2022 წლამდე დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი (2007 წელი - 11%, 2022 წელი - 30,9%). მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ამის მიზეზია მთავარი ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნების დემოკრატიის სტატუსის ცვლილება (რუსეთი 2011 წელს ჰიბრიდული ქვეყნების ჯგუფიდან ავტორიტარული რეჟიმის ჯგუფში გადავიდა);
  • იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად რჩება, მისი წილი ჯამურ ექსპორტსა და იმპორტში მცირდება.

სხვა მიგნებები:

  • "2022 წლის მონაცემებით ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი, ჯამურად, სრული და არასრული დემოკრატიის ქვეყნებისკენ არის გადახრილი - 56,9%-ით";
  • "ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება დემოკრატიულ ქვეყნებზე 6,8%-ით შემცირდა";
  • "რუსეთზე იმპორტდამოკიდებულება, 2014 წლიდან მოყოლებული, მუდმივად იზრდება და 2022 წელს სრულ იმპორტში 14%-ს მიაღწია";
  • "2022 წლის განმავლობაში ქვეყანა კვლავ ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნებისადმი დამოკიდებულებისკენ გადაიხარა (2022 წელს 57,9%-ით, წინა წელს ეს დამოკიდებულება 27,8%-მდე იყო)".

ეკონომიკური დამოკიდებულების გასაზომად ორგანიზაციამ პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის რამდენიმე ინდიკატორი გამოიყენა: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები; საქონლის ექსპორტი; საქონლის იმპორტი; საგარეო ვალი; ქვეყანაში შემომავალი ფულადი გზავნილები.

XS
SM
MD
LG