პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელთან ერთად აშშ დაადანაშაულა ღაზის უდიდესი საავადმყოფოს, ალ-შიფის წინააღმდეგ რეიდის დაწყებაში.
შეერთებული შტატების და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასის“ განცხადებით, ამერიკამ ისრაელს „მწვანე შუქი აუნთო სამოქალაქო მოსახლეობის ახალი, მასობრივი მკვლელობისთვის“, რადგან გაიზიარა ისრაელის „ცრუ მტკიცება“, რომ „ჰამასი“ ალ-შიფას სამეთაურო ცენტრად იყენებს. რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ გაეროც დაადანაშაულა იმაში, რომ ვერ უზრუნველყოფს პალესტინელების დაცვას.
„ჰამასი“ ისრაელის ოპერაციას უწოდებს „სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს" და აცხადებს, რომ რეიდის დაწყებისას ალ-შიფაში იმყოფებოდა 9 ათასამდე ადამიანი - პაციენტები, სამედიცინო პერსონალი და სხვა სამოქალაქო პირები.
ისრაელის არმიის მიერ ღაზის საავადმყოფოში ოპერაციის დაწყებას „კაცობრიობის, სამედიცინო პერსონალის და პაციენტების წინააღმდეგ ახალი დანაშაული“ უწოდა პალესტინელთა ეროვნული ადმინისტრაციის ჯანდაცვის მინისტრმა მაი ალ-კაილამაც. „ჰამასთან“ დაპირისპირებული ეს ადმინისტრაცია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირს აკონტროლებს.
დღეს, 15 ნოემბერს, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო ღაზის საავადმყოფო ალ-შიფაში, რომელსაც ისრაელის დაზვერვის მონაცემებით, „ჰამასი“ სამეთაურო პუნქტად იყენებს.
ასევე ნახეთ ისრაელის არმია ოპერაციას ატარებს ღაზის უდიდეს საავადმყოფოშიისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ოპერაციის დაწყებამდე, 14 ნოემბერს, ღაზის მმართველობა გააფრთხილეს, რომ 12 საათის განმავლობაში, საავადმყოფოს რაიონში საბრძოლო მოქმედებები უნდა შემწყდარიყო, რაც არ მოხდა. ისრაელის არმია ალ-შიფაში მყოფ „ჰამასის“ წევრებს დანებებისკენ მოუწოდებს. თავდაცვის ძალების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ისრაელის არმია ხელს უწყობდა საავადმყოფოს ფართომასშტაბიან ევაკუაციას და რეგულარული დიალოგი ჰქონდა კლინიკის ხელმძღვანელებთან.
ალ-შიფა ღაზის სექტორის უდიდესი საავადმყოფოა და რამდენიმე კორპუსისგან შედგება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ადგილობრივი წარმომადგენლები 14 ნოემბერს აცხადებდნენ, რომ ალ-შიფაში იმყოფება 700-მდე პაციენტი, 400 თანამშრომელი და კიდევ 3000-მდე სამოქალაქო პირი, რომლებმაც ღაზაში საბრძოლო მოქმედებების გამო თავი საავადმყოფოს შეაფარეს.
ასევე ნახეთ პალესტინური მხარე აცხადებს, რომ ღაზის უდიდეს საავადმყოფოში კატასტროფული ვითარებააბოლო დღეებში, ისრაელის არმიამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ საავადმყოფოს პერსონალს ევაკუაცია მოსთხოვა. პალესტინური მხარის თანახმად, ექიმებმა უარი თქვეს, რადგან ალ-შიფაში სიკვდილის საფრთხე ემუქრებოდა 700-მდე პაციენტს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საავადმყოფოს შენობების ქვეშ „ჰამასის“ სამეთაურო პუნქტი მდებარეობს. ეს დაადასტურა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. „ჰამასი“ სამეთაურო პუნქტის არსებობას უარყოფს.
- ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
- კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 11 000-ზე მეტი ადამიანი.
- ისრაელის არმიის ცნობით, „ჰამასს“ 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
- დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
- ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
- „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად გამოცხადებული აქვს ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.