ღაზის სექტორის უდიდესი საავადმყოფოები, ალ-შიფა და ალ-ყუდსი ვეღარ მუშაობენ საწვავის და ელექტროენერგიის უკმარისობის გამო. ამის შესახებ განაცხადა პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ.
ისრაელის არმიამ, რომელიც „ჰამასის“ წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს აწარმოებს, საავადმყოფოების პერსონალს ევაკუაცია მოსთხოვა, თუმცა, პალესტინური მხარის თანახმად, ექიმები ამაზე უარს ამბობენ, რადგან მხოლოდ ალ-შიფაში სიკვდილის საფრთხე ემუქრება 700-მდე პაციენტს. ტელეკომპანია CNN-ს მოჰყავს საავადმყოფოს დირექტორ მოჰამედ აბუ სალმიას სიტყვები, რომ სიტუაცია კატასტროფულია, განსაკუთრებით ახალშობილებისთვის, რომელთა გადარჩენას ყველა საშუალებით ცდილობენ. 13 ნოემბერს ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გასულ სამ დღეში, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ ალ-შიფაში გარდაიცვალა 32 პაციენტი, მათ შორის 3 დღენაკლული ჩვილი. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით გადაუმოწმებელია.
დღეს, 14 ნოემბერს, ისრაელის მთავრობის პრესმდივანმა ეილონ ლევიმ გამოაცხადა, რომ ისრაელის არმიამ დაიწყო მუშაობა, რათა ღაზაში მდებარე საავადმყოფო ალ-შიფას მიაწოდონ დღენაკლული ჩვილებისთვის საჭირო ინკუბატორები. ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ უნდა იმუშაონ მათ, თუ საავადმყოფოს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ისრაელის თავდაცვის ძალების სარდლობა ალ-შიფასთან საბრძოლო მოქმედებებს იმით ხსნის, რომ შენობის ქვეშ „ჰამასის“ სამეთაურო პუნქტი მდებარეობს. ეს CNN-ს დაუდასტურა ამერიკელმა მაღალჩინოსანმაც, რომელიც ინფორმირებულია შეერთებული შტატების დაზვერვის მონაცემების შესახებ. წყაროს თანახმად, „ჰამასი“ თავისი მიზნებისთვის იყენებს საავადმყოფოსთვის განკუთვნილ საწვავს. „ჰამასი“ სამეთაურო პუნქტის არსებობას უარყოფს.
ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასის“ მიერ ღაზის სექტორის საავადმყოფოების საკუთარი მიზნებით გამოყენებაზე 13 ნოემბერს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მეთიუ მილერმა. მისი განცხადებით, საავადმყოფოები და იქ მყოფი პაციენტები დაცული უნდა იყვნენ, მაგრამ ვითარებას უკიდურესად ართულებს „ჰამასის“ მიერ სამედიცინო დაწესებულებების სამეთაურო პუნქტებად გამოყენება. მილერის თქმით, ყველა მხარე, რომელიც ისრაელს საავადმყოფოების დაცვისკენ მოუწოდებს, „ჰამასისგანაც“ უნდა მოითხოვდეს მათ გათავისუფლებას.
ღაზის სექტორის საავადმყოფო ალ-შიფის შესახებ 13 ნოემბერს ჟურნალისტებმა ჰკითხეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსაც. მისი განცხადებით, საავადმყოფო დაცული უნდა იყოს და ამ საკითხს ისრაელთან განიხილავენ.
- ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
- კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 11 000-ზე მეტი ადამიანი.
- ისრაელის არმიის ცნობით, „ჰამასს“ 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
- დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
- ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.