ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოაცხადა, რომ პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ღაზაზე კონტროლი დაკარგა.
13 ნოემბერს ღამით, ისრაელის ტელეარხებმა აჩვენეს გალანტის ვიდეომიმართვა, რომელშიც თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ „ჰამასის“ მებრძოლები სამხრეთში გარბიან. იოავ გალანტის თანახმად, მშვიდობიანმა მოსახლეობამ „ჰამასის“ ბაზების გაძარცვა დაიწყო და ღაზის სექტორში „ჰამასის“ ხელისუფლებას აღარ ენდობა.
ისრაელის არმიამ ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო სახმელეთო ოპერაცია ქალაქ ღაზაში, რომელიც ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და ისრაელის მიერ მიჩნეულია „ჰამასის“ მთავარ ბაზად. სახმელეთო ოპერაციას წინ უძღოდა ტერიტორიის ინტენსიური დაბომბვა.
ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. „ჰამასი“ დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად გამოცხადებული აქვს ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.
ისრაელის გამოცემა Haaretz-ის ცნობით, თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა 13 ნოემბერს ისიც განაცხადა, რომ ბოლო დღეებში, ისრაელის არმიამ დაიწყო უფრო აქტიური ოპერაციები „ჰამასის“ გვირაბების წინააღმდეგ. გალანტის თქმით, „ტერორისტებს“ გვირაბებიდან გამოსვლას აიძულებენ, რის შემდეგაც ან წინაპირობების გარეშე დანებდებიან, ან გაანადგურებენ, რადგან მესამე ვარიანტი არ არსებობს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 13 ნოემბერს, არმიის ერთ-ერთი ბატალიონის სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ომს ბოლომდე მიიყვანენ, რადგან თუ „ჰამასს“ სრულად არ გაანადგურებენ, ის დაბრუნდება.
- ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
- კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 11 000-ზე მეტი ადამიანი.
- ისრაელის არმიის ცნობით, „ჰამასს“ 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
- დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
- ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.