ისრაელის თავდაცვის ძალებმა პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყეს ღაზის საავადმყოფო ალ-შიფაში, რომელსაც ისრაელის დაზვერვის მონაცემებით, „ჰამასი“ სამეთაურო პუნქტად იყენებს.
ისრაელის არმიამ დღეს, 15 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 04:04 საათზე გამოაცხადა, რომ ატარებს ზუსტ და მიზანმიმართულ ოპერაციას საავადმყოფოს გარკვეულ რაიონში. ისრაელის არმიის თანახმად, ოპერაციაში ჩართული არიან საგანგებოდ მომზადებული მედიკოსები და არაბული ენის მცოდნე პირები, რადგან ისრაელის მიზანია, ზიანი არ მიაყენოს სამოქალაქო მოსახლეობას, რომელსაც „ჰამასი“ ცოცხალ ფარად იყენებს.
ტელეკომპანია Al Jazeera-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რომ საავადმყოფოს მთავარ ეზოში ისრაელის არმიის ტანკები დგანან, სამხედროები კი ერთ-ერთ კორპუსში შევიდნენ. თვითმხილველმა BBC-ს უამბო, რომ საავადმყოფოს ტერიტორიაზე დაინახა 6 ტანკი და 100-ზე მეტი სპეცრაზმელი, რომლებიც მთავარ კორპუსში შევიდნენ. ზოგიერთი მათგანი შენობაში მყოფთ არაბულად მიმართავდა, რომ ადგილზე უნდა დარჩნენ. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ისრაელის არმიის ჯარისკაცები საავადმყოფოს სარდაფებს ჩხრეკენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ოპერაციის დაწყებამდე, 14 ნოემბერს, ღაზის მმართველობა გააფრთხილეს, რომ 12 საათის განმავლობაში, საავადმყოფოს რაიონში საბრძოლო მოქმედებები უნდა შემწყდარიყო, რაც არ მოხდა. ისრაელის არმია ალ-შიფაში მყოფ „ჰამასის“ წევრებს დანებებისკენ მოუწოდებს. თავდაცვის ძალების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ისრაელის არმია ხელს უწყობდა საავადმყოფოს ფართომასშტაბიან ევაკუაციას და რეგულარული დიალოგი ჰქონდა კლინიკის ხელმძღვანელებთან.
ალ-შიფა ღაზის სექტორის უდიდესი საავადმყოფოა და რამდენიმე კორპუსისგან შედგება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ადგილობრივი წარმომადგენლები 14 ნოემბერს აცხადებდნენ, რომ ალ-შიფაში იმყოფება 700-მდე პაციენტი, 400 თანამშრომელი და კიდევ 3000-მდე სამოქალაქო პირი, რომლებმაც ღაზაში საბრძოლო მოქმედებების გამო თავი საავადმყოფოს შეაფარეს.
ბოლო დღეებში, ისრაელის არმიამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ საავადმყოფოს პერსონალს ევაკუაცია მოსთხოვა. პალესტინური მხარის თანახმად, ექიმებმა უარი თქვეს, რადგან ალ-შიფაში სიკვდილის საფრთხე ემუქრებოდა 700-მდე პაციენტს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საავადმყოფოს შენობების ქვეშ „ჰამასის“ სამეთაურო პუნქტი მდებარეობს. ეს დაადასტურა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. ვაშინგტონის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასი“ სამეთაურო პუნქტის არსებობას უარყოფს. ამასთან, სხვადასხვა წყაროთი ვრცელდება ცნობები, რომ „ჰამასი“ მძევლებს შესაძლოა, ალ-შიფის კომპლექსის მიწისქვეშა გვირაბებში მალავს.
- ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
- კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 11 000-ზე მეტი ადამიანი.
- ისრაელის არმიის ცნობით, „ჰამასს“ 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
- დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
- ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
- „ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად გამოცხადებული აქვს ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.