საბადრაგო ჯგუფის უფროსს, ივერი ნატრიაშვილს, რომელსაც 1 ნოემბერს კლინიკა "ავერსში" მიყვანილი პატიმრები გაექცა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ, დღეს, 4 ნოემბერს გამოცხადებული განჩინებით პროკურატურის ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ასევე ნახეთ როგორ გაიქცნენ პატიმრები "ავერსის" კლინიკიდან - დამატებითი დეტალები გახდა ცნობილიბრალდებულის ადვოკატი ამბობდა, რომ საბადრაგო სამსახურის უფროსი უწყებაში 14 წელი მუშაობდა, აღიარებს დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან და არ მიმალულა. კიდევ ერთ არგუმენტად თქვა, რომ ეს იყო გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული და ითხოვდა 5 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას, საჭიროების შემთხვევაში საზღვრის დატოვების აკრძალვას და გამოითქვა ყოველდღიურად პოლიციის განყოფილებაში გამოცხადების მზაობა. საპასუხოდ, პროკურორმა აღნიშნა, რომ საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელს უყურადღებოდ ჰყავდა დატოვებული მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირები.
1 ნოემბერს საბადრაგო სამსახურმა 6 პატიმარი ქსნის N15 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე "ავერსის" კლინიკაში. მათგან სამმა გაქცევა შეძლო - მათ პოლიცია და პენიტენციური სამსახური რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.
საბადრაგო სამსახურის უფროსს ბრალი პროკურატურამ გუშინ, 3 ნოემბერს წაუყენა.
"ბადრაგირების განხორციელებისას, საბადრაგო ჯგუფის უფროსმა არ შეასრულა ბადრაგირების დადგენილი წესი, მსჯავრდებულები დატოვა მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე და სათანადოდ არ ჩაკეტა სპეციალური სატრანსპორტო საშუალების კარები. აღნიშნულით ისარგებლა სამმა მსჯავრდებულმა, რომლებმაც ღია კარებებიდან დაუბრკოლებლად დატოვეს სატრანსპორტო საშუალება და მიიმალნენ", - წერია პროკურატურის განცხადებაში.
ასევე ნახეთ “ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია"ავერსის" კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმრის დაკავების შესახებ ინფორმაცია ფეისბუკის პირად გვერდზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 2 ნოემბერს გაავრცელა. უფრო ადრე მათ მინისტრმა მიმართა და მოუწოდა, "დროულად მოეგონ გონს".