Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გაიქცნენ პატიმრები "ავერსის" კლინიკიდან - დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი


კლინიკა "ავერსი"
კლინიკა "ავერსი"

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 4 ნოემბერს პირველი სხდომა ჩატარდა "ავერსის" კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე. მოსამართლე დავით კურტანიძემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა, თანამდებობიდან გაათავისუფლა და პატიმრობა შეუფარდა საბადრაგო ჯგუფის უფროსს, ივერი ნატრიაშვილს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მისი საქმის პროკურორმა ლაშა ამირანაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უამბო პატიმრების გაქცევის შესახებ გამოძიებით დადგენილი ფაქტების შესახებ.

1 ნოემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე კლინიკა "ავერსის" ეზოში, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გაჩერებულ პენიტენციური სამსახურის მანქანაში ოთხი მსჯავრდებული იჯდა. ამ დროს პატიმრების ზედამხედველობა ევალებოდა საბადრაგო ჯგუფის უფროსს - ივერი ნატრიაშვილს, რომელიც მსჯავრდებულების გაქცევის მომენტში, სავარაუდოდ, მიკროავტობუსის წინა მხარეს არის და კოლეგებს ესაუბრება გამოკვლევაზე "ავერსში" შეყვანილი მსჯავრდებულების შესახებ.

როგორია მანქანა, რომელითაც პატიმრები მიიყვანეს კლინიკაში?

"ციხის მანქანაში" ორი საკანია, თითოში სამი ადამიანი ეტევა. როგორც პროკურორი აღწერს, კარი გარედან იკეტება ურდულითა და საკეტით. თუ კარი გასაღებით არის ჩაკეტილი, პატიმრის გაქცევა შეუძლებელია.

"[ურდულის გახსნა] შესაძლებელია გისოსიდან თითის გამოყოფით, რაც მოხდა ამ შემთხვევაში. არ იქნებოდა მარტივი, რომ ყოფილიყო ჩაკეტილი", - ამბობს ლაშა ამირანაშვილი, საქმის პროკურორი.

რას ედავებიან საბადრაგო ჯგუფის უფროსს?

ივერი ნატრიაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება - ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურში დადგენილი წესის დარღვევა, რის გამოც გაიქცა პატიმარი). საქმის პროკურორი ამბობს, რომ საბადრაგო ჯგუფის უფროსმა მანქანაში პატიმრების საკნის კარი მხოლოდ ურდულით ჩაკეტა და არ გამოიყენა გასაღები. მისი თქმით, სავარაუდოდ, ეს შეამჩნიეს პატიმრებმა და შეძლეს გაქცევა.

"მსჯავრდებულთათვის სპეციალურ ავტომანქანაში არსებული საკნის კარი უნდა დაეკეტა არა მხოლოდ ურდულით, გასაღებითაც. ამ სივრცის წინ არის ადგილი, სადაც უნდა განთავსდნენ ესკორტის თანამშრომლები, ეს ადგილიც იყო ცარიელი. ეს ბრალდებული [საბადრაგო სამსახურის უფროსი] იჯდა წინა სავარძელზე და მეთვალყურეობის გარეშე ჰყავდა დატოვებული მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირები", - ამბობს ლაშა ამირანაშვილი.

მისივე თქმით, საბადრაგო ჯგუფის უფროსი პატიმრებს "ძალიან მცირე მანძილზე" დაედევნა, შემდეგ კი უკან დაბრუნდა.

"ბრალდებულმა განახორციელა დევნა, თუმცა ძალიან მცირე მანძილზე [10 მეტრამდე]... ჩვენ ახლა მას ვედავებით, რა არ შეასრულა მან, ვიდრე გაიქცეოდნენ მსჯავრდებულები. შეიძლება სუბიექტური შეფასებაც იყოს ამ ეტაპზე, ცოტა მეტ მანძილზეც შეეძლო განეხორციელებინა დევნა. მას შემდეგ დაბრუნდა და დაუკავშირდა თავის ხელმძღვანელობას", - ამბობს პროკურორი.

რა დამატებითი დეტალია ცნობილი?

პროკურორის თქმით, პენიტენციური სამსახურის მანქანაში მხოლოდ სამი პატიმარი არ მჯდარა - "მეორე საკანში დარჩა ერთი პატიმარი, რომელიც არ და ვერ გაიქცა. მისი კარის ურდული გადაკეტილი იყო და არც უცდია გაქცევა".

ივერი ნატრიაშვილის საქმეზე შემდეგი სხდომა 28 დეკემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG