АФК „Система-ს" წილის 49.2% ვლადიმირ ევტუშენკოვს ეკუთვნის, კიდევ 15.3% მისი ვაჟის, კომპანიის უფროსი მმართველი პარტნიორის, ფელიქს ევტუშენკოვის საკუთრებაა.
ევტუშენკოვსა და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, კარგი ნაცნობობა აკავშირებთ. 2022 წელს ინტერნეტში გავრცელდა მათი სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი. ერთ-ერთ ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს და მას „ბორინკად“ მოიხსენიებს.
უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად მათ შორის საუბარი ორჯერ შედგა - 2022 წლის 10 და 13 მარტს. პირველ ჩანაწერში საუბრის თემა ხორბალი იყო, მეორეში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვდა თავის წარმომადგენელთან, კორპორაცია „სისტემის“ ვიცე-პრეზიდენტთან, ალი უზდენოვთან შეხვედრას.
საუბრის გარკვეული ეპიზოდები თავად ევტუშენკოვმა დაადასტურა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცა და მასთან საქმიანი ურთიერთობა არასდროს ჰქონია.
ლევან ვასაძე და დავით ხიდაშელი
წარსულში „სისტემაში" ქართველი ბიზნესმენები ლევან ვასაძე და დავით ხიდაშელი მუშაობდნენ. ორივე მათგანს ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა.
ლევან ვასაძე თავისი ულტრანაციონალისტური, ჰომოფობიური და პრორუსული განცხადებებითაა ცნობილი, მისი დაარსებულია მოძრაობა „ერი“ („ერთობა, რაობა, იმედი“).
დავით ხიდაშელის სახელი უკავშირდება რეზონანსულ „კარტოგრაფების საქმეს“. სწორედ მან ჩამოიტანა მოსკოვიდან თბილისში რუკები, რომელთა საფუძველზეც დაიწყო პროკურატურამ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის კომისიის მუშაობის შედეგების კანონიერების შესწავლა. გარდა ამისა, ბიზნესმენს გადაეცა რაჭის მაღალმთიან რეგიონში არსებული ტყის ფართობი, რომლის მიღება-ჩაბარების პროცესი აჟამად შეჩერებულია და გასული წლის მარტში მისმა ოჯახმა შეიძინა თბილისში, რიყის პარკში მდებარე საკონცერტო დარბაზი „დოქები“.
ასევე ნახეთ „ხორბლის გარიგება“: რას ითხოვს სანქცირებული რუსი ოლიგარქი ივანიშვილისგან?2022 წლის სექტემბერში უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს (NACP) პორტალზე - „ომი და სანქციები“ - ვკითხულობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი „ლობირებს რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ინტერესებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის საკითხებში“. გარდა ამისა, ლევან ვასაძე და დავით ხიდაშელი მოხვდნენ ქართულ პოლიტიკურ ელიტასთან დაკავშირებულ პირთა სიაში.
კორპორაცია „სისტემა“
ამერიკული უწყების პრესრელიზში „სისტემა“ მოხსენიებულია ერთ-ერთ უმსხვილეს რუსულ საჯარო დივერსიფიცირებულ ჰოლდინგურ კომპანიად, რომელიც ფიგურირებს თავდაცვის, ფინანსურ და ტექნოლოგიურ სექტორებში. კორპორაცია სანქციების სიაში შევიდა, როგორც ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს რუსეთის ფინანსურ და ტექნოლოგიურ სექტორში.
კორპორაციის გარდა, სანქციების სიაში მოხვდნენ ლუქსემბურგის East West United Bank-ი, სინგაპურის Sistema Asia Pte და ფონდი «Система Смарттех-ი», როგორც „სისტემასთან“ დაკავშირებული სტრუქტურები.
ასევე ნახეთ აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირებს
გარდა ამისა, სანქციები ვრცელდება ყველა კომპანიაზე, რომლებშიც კორპორაციის პირდაპირი ან ირიბი წილი 50%-ს აღემატება.
ასევე ნახეთ უკრაინამ რუს მილიარდერ ევტუშენკოვს ქონება ჩამოართვა
რუსული საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი" წერს, რომ „სისტემის“ პრესსამსახურმა კომენტარისგან თავი შეიკავა.
ვლადიმირ ევტუშენკოვი უკვე სანქცირებული იყო რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მიერ, რის გამოც დატოვა „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტი.
ჯერ კიდევ 2018 წელს ევტუშენკოვი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანამოაზრეების ამერიკულ სიაში მოხვდა. იმავე წელს რუსეთის პრეზიდენტმა მას მადლობა გადაუხადა „მიღწეული შრომითი წარმატებებისა და მრავალწლიანი კეთილსინდისიერი მუშაობისთვის“.
ასევე ნახეთ სანქციები ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიასა და ადვოკატს - რა ვიცით