Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ რუს მილიარდერ ევტუშენკოვს ქონება ჩამოართვა


ვლადიმირ ევტუშენკოვი კორპორაცია "სისტემის" დამფუძნებელი
ვლადიმირ ევტუშენკოვი კორპორაცია "სისტემის" დამფუძნებელი

უკრაინის ხელისუფლებამ აქტივები ჩამოართვა რუს მილიარდერს საფინანსო კორპორაცია „სისტემის“ დამფუძნებელს ვლადიმირ ევტუშენკოვს.

საუბარია უძრავი ქონების 17 ობიექტზე, რომელთა საერთო ფართი თითქმის 100 ათასი კვადრატული მეტრია. ასევე, რუსეთთან დაკავშირებულ რამდენიმე უკრაინულ კომპანიაში არსებულ წილზე.

აღსანიშნავია, რომ ეს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ სასამართლოს მიერ გამოტანილი პირველი მსგავსი გადაწყვეტილებაა.

უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით, „სანქციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მუხლების საფუძველზე მიიღეს, რაც საომარი მდგომარეობის დროს, იმ პირების აქტივების ჩამორთმევის საშუალებას იძლევა, რომელთაც უკრაინა „რუსეთის მხრიდან საომარ მოქმედებებში დიდი წვლილის“ მქონედ მიიჩნევს. სასამართლომ დაადგინა, რომ ევტუშენკოვის მფლობელობაში არსებული კომპანიები რუსეთის არმიისთვის უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებენ.

უფრო ადრე უკრაინამ ევტუშენკოვს პერსონალური სანქციები დაუწესა.

გამოცემა РБК უკრაინის ანტიკორუფციული ცენტრის წარმომადგენელს ციტირებს და აღნიშნავს, რომ „შემდეგი“ იქნება სხვა რუსი მილიარდერების, ოლეგ დერიპასკას, მიხაილ ფრიდმანის, ალექსეი მილერისა და არკადი როტენბერგის საკუთრება.

ევტუშენკოვსა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს კარგი ნაცნობობა აკავშირებით, 2022 წელს ინტერნეტში გავრცელდა მათი სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერი, ერთ-ერთი ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს და მას „ბორინკად“ მოიხსენიებს. უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად მათ შორის საუბარი ორჯერ შედგა 10 და 13 მარტს. პირველ ჩანაწერში საუბრის თემა ხორბალს ეხება. მეორეში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს მის წარმომადგენელთან კორპორაცია „სისტემის“ ვიცე-პრეზიდენტთან ალი უზდენოვთან შეხვედრას. საუბრის გარკვეული ეპიზოდები თავად ევტუშენკოვმა დაადასტურა.

13 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ევრუშენკოვს შეეხო ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები და მან დატოვა რუსული ჰოლდინგის „სისტემის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი.

XS
SM
MD
LG