ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მისმა სამხედროებმა დაასრულეს ქალაქ ღაზის ალყაში მოქცევა. ისრაელი მიიჩნევს, რომ მის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასის“ საქმიანობა სწორედ ღაზაშია კონცენტრირებული.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის, კონტრ-ადმირალ დანიელ ჰაგარის ინფორმაციით, ამჟამად საინჟინრო კორპუსი მუშაობს „ჰამასის“ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის, ასაფეთქებელი დანადგარების და სხვა საფრთხეთა გამოვლენის და განეიტრალების მიზნით, რაც ისრაელის არმიის სამხედროებს მისცემს ამ რაიონში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას.
ქალაქი ღაზა მდებარეობს ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში და ომის დაწყებამდე იქ დაახლოებით 775 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ისრაელის არმიამ ოქტომბრის ბოლო დღეებში, სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე, ჩრდილოეთში მცხოვრებ პალესტინელებს მოუწოდა ღაზის სექტორის სამხრეთში გადასვლისკენ. უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფება ამჟამად ქალაქ ღაზაში. სხვადასხვა მედიასაშუალების კორესპონდენტების მიერ გადაღებული ფოტო და ვიდეოკადრების მიხედვით, ქალაქი მნიშვნელოვნადაა დანგრეული ისრაელის ავიაციის დარტყმების შედეგად.
დღეს, 3 ნოემბერს, დილით, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში დაიღუპა კიდევ 4 ჯარისკაცი. ოქტომბრის ბოლოდან, სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ, დაღუპულია ისრაელის არმიის 23 სამხედრო მოსამსახურე, ხოლო 7 ოქტომბრიდან, როცა ომი დაიწყო - 338.
ასევე ნახეთ ბაიდენი ღაზის სექტორის გარშემო კონფლიქტში ჰუმანიტარული პაუზის მოწოდებით გამოვიდა ასევე ნახეთ გაეროს ექსპერტები გამოვიდნენ ღაზაში ჰუმანიტარული მოსაზრებებით ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით- ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
- კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 9000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 3700-ზე მეტი ბავშვი.
- ჰამასს“ 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
- დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
- ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.