Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი ღაზის სექტორის გარშემო კონფლიქტში ჰუმანიტარული პაუზის მოწოდებით გამოვიდა


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. დაჩ-კრიკ-ფარმსი, 1 ნოემბერი, 2023.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. დაჩ-კრიკ-ფარმსი, 1 ნოემბერი, 2023.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებების შეჩერებას დაუჭირა მხარი.

„ვფიქრობ, პაუზა გვჭირდება,“ - თქვა მან საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე.

თხოვნას, განემარტა, თუ რას გულისხმობდა ის „პაუზაში“, ბაიდენმა უპასუხა: „პაუზა, რათა პატიმრების გათავისუფლება მოხდეს“.

თეთრი სახლის წარმომადგენლებმა მოგვიანებით განმარტეს, რომ პრეზიდენტი გულისხმობდა არა პატიმრებს, არამედ მძევლებს, რომლებიც „ჰამასის“ მებრძოლებმა დაატყვევეს 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს.

ბაიდენმა ახსნა თავისი პოზიცია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტთან დაკავშირებით და თქვა, რომ სიტუაცია „წარმოუდგენლად რთულია“ როგორც ისრაელელებისთვის, ასევე მუსლიმური სამყაროსთვის.

„მე მხარს ვუჭერდი ‘ორი სახელმწიფოს’ ფორმულას. მე მას თავიდანვე ვუჭერდი მხარს. ფაქტია, რომ ‘ჰამასი’ არის ტერორისტული ორგანიზაცია. ღიად ტერორისტული ორგანიზაცია“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, ბაიდენმა აღნიშნა, რომ მუშაობს ჰუმანიტარული დახმარების საკითხებზე და თქვა, რომ სწორედ მან დაარწმუნა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი, გაეცათ ღაზის სექტორისთვის დახმარების მიწოდების ნებართვა.

ამავე დროს აშშ-ის პრეზიდენტმა არ დაუჭირა მხარი ცეცხლის სრულ შეწყვეტას.

ბაიდენმა და თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა ადრე განაცხადეს, რომ ისინი არ უკარნახებდნენ ისრაელს, როგორ განახორციელოს სამხედრო ოპერაციები „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ, ამიტომ პრეზიდენტის სიტყვები შეიძლება ჩაითვალოს ამ პოზიციის ოდნავ შეცვლად.

პრეზიდენტი განიცდის მზარდ ზეწოლას უფლებადამცველი ჯგუფების, მსოფლიო ლიდერებისა და საკუთარი დემოკრატიული პარტიის ლიბერალური წევრების მხრიდანაც კი. მათი აზრით, ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვა კოლექტიური სასჯელია და დროა, ცეცხლი შეწყდეს.

ისრაელის არმია დაჯგუფებების, „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“, მიერ სამხრეთ ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ ღაზის სექტორში ატარებს ოპერაცია „რკინის ხმლებს“.

ისრაელის თანახმად, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაიღუპა 1400-ზე მეტი ადამიანი. 250-მდე ადამიანი დატყვევებულია და ღაზაშია გადაყვანილი.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ხელისუფლება, თავის მხრივ, იუწყება რვა-ნახევარი ათასი ადამიანის დაღუპვის შესახებ, რომელთაგან ორი მესამედი ქალები და ბავშვები არიან. ამ მონაცემების დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურება არ ხერხდება.

ისრაელის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ არ აპირებს გაჩერებას, სანამ არ გაანადგურებს „ჰამასს“.

XS
SM
MD
LG