საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლებსაც ხელები სისხლისფრად ჰქონდათ შეღებილი, 31 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესში არაერთხელ შეაწყვეტინეს გამოსვლა მოსმენების მონაწილეებს. მოსმენები ეხებოდა ისრაელისა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისთვის თანხის გამოყოფის საკითხს. AFP-ის თანახმად, სენატში გამართული აქციის მონაწილეები, ორი ათეული მაყურებელი, მოითხოვდნენ „ჰამასთან“ ისრაელის ომის დაფინანსების შეწყვეტას.
აქციის ზოგ მონაწილეს ხელზე ეწერა „თავისუფალი ღაზა“ და ეჭირა პლაკატი ფინანსური დახმარების შეწყვეტის მოთხოვნით, სხვები კი გაიძახოდნენ: „შეწყდეს ცეცხლი ახლავე!“ „პალესტინელები არ არიან ცხოველები,“ "სირცხვილი თქვენ ყველას". ერთ-ერთს ეცვა მაისური წარწერით: "კმარა გენოციდის მხარდაჭერა“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იძულებული იყო რამდენჯერმე შეეწყვიტა გამოსვლა, როცა პოლიციას დემონსტრანტები გაჰყავდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინის და ისრაელის დასახმარებლად 105 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა. ამ თანხიდან 14,3 მილიარდი დოლარი აშშ-ის მტკიცე მოკავშირის, ისრაელის დახმარებისთვისაა განკუთვნილი, იტყობინება barrons.com.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა მოსმენებზე გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, თუ აშშ არ გააგრძელებს კიევის დახმარებას.
ასევე ნახეთ ბლინკენი: პუტინი ესწრაფვის „სარგებელი ნახოს“ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომისგან