შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი გააფრთხილა, რომ ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმას პასუხი მოჰყვება.
26 ოქტომბერს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორ ჯონ კირბის ჰკითხეს, რა ფორმით მოხდა გაფრთხილება და ხომ არ შედგა სატელეფონო საუბარი. კირბიმ დეტალების დაკონკრეტებაზე უარი თქვა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ იყო პირდაპირი შეტყობინება.
ისრაელზე რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაწყებული ომის შემდეგ გახშირდა თავდასხმები ერაყსა და სირიაში მყოფ ამერიკელ სამხედროებზე. აშშ ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებს ადანაშაულებს.
ასევე ნახეთ ირანი გაეროში აცხადებს, რომ "ცეცხლისგან" აშშ-ც არ იქნება დაცული, თუ ღაზაში ომი გაგრძელდება26 ოქტომბერს ამერიკელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს სირიის აღმოსავლეთში მდებარე ორ ობიექტზე. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის განცხადებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბრძანებით, თავდაცვის მიზნით განხორციელებული დარტყმების სამიზნე იყო ობიექტები, რომლებსაც იყენებდნენ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები.
ოსტინის თანახმად, მაღალი სიზუსტის დარტყმები იყო პასუხი სირიასა და ერაყში მყოფ ამერიკულ კონტინგენტზე 17 ოქტომბრიდან დაწყებულ, ძირითადად, წარუმატებელ თავდასხმებზე.
ასევე ნახეთ ირანის „წინააღმდეგობის ღერძი“ და მისი მიზნები ახლო აღმოსავლეთში