ჩეჩნეთის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის 15 წლის ვაჟს, ადამს, გადაეცა ორდენი "ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“. ეს არის ამ რეგიონის უმაღლესი ჯილდო და რიგით მეორე ორდენი, რომელიც უმცროს კადიროვს ორი დღის ინტერვალით გადაეცა.
წინა დღეს, 24 ოქტომბერს, ადამმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ციხეში ვიდეოკამერის წინ სცემა პატიმარს, ნიკიტა ჟურაველს, თათრეთის რესპუბლიკის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ორდენი მიიღო.
როგორც ყარაჩაი-ჩერქეზეთის ხელმძღვანელმა რაშიდ თემრეზოვმა დაწერა თავის ტელეგრამის არხში, ჩეჩნეთის მეთაურის ვაჟმა ახალი ორდენი "ეთნიკური და რეგიონთაშორისი ერთიანობის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ტრადიციული ისლამური ღირებულებების განმტკიცებისთვის" მიიღო.
ორდენი დაარსდა 2013 წელს. განკარგულების თანახმად, მისი მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც თავიანთ პროფესიაში მუშაობდნენ მინიმუმ 20 წლის განმავლობაში და უკვე აქვთ რაიმე საპატიო წოდება ან უწყებრივი ჯილდო. გარდა ამისა, ორდენთან ერთად, კავალერს დაბეგვრის გარეშე ეძლევა ერთჯერადი ფულადი ჯილდო - 50 ათასი რუბლი.
15 წლის ადამ კადიროვს დასრულებული უმაღლესი განათლება არ აქვს და ჩეჩნეთში არანაირ თანამდებობას არ იკავებს. არ არის ცნობილი, მიიღებს თუ არა ის ყარაჩაი-ჩერქეზეთის ბიუჯეტიდან 50 ათას რუბლს.
ასევე ნახეთ კადიროვმა შეაქო თავისი შვილი, რომელმაც ყურანის დაწვაში ეჭვმიტანილ ნიკიტა ჟურაველს კაბინეტში სცემა24 ოქტომბერს თათრეთის ხელმძღვანელმა რუსტამ მინიხანოვმა ადამ კადიროვს პირადად გადასცა რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო, "დუსლიკის" ორდენი,"ეთნიკური და რელიგიათაშორისი მშვიდობისა და ჰარმონიის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის".
ეს მოხდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც თათრეთის სახელმწიფო საბჭოს დეპუტატმა მმართველი პარტია "ერთიანი რუსეთიდან", აზატ ხამაევმა, გააკრიტიკა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის 15 წლის ვაჟისთვის ჩეჩნეთის გმირის წოდების მინიჭება.
დეპუტატი აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ადამ კადიროვმა ყურანის დაწვის ბრალდებით დაკავებულ ვოლგოგრადის მკვიდრ ნიკიტა ჟურაველს საპატიმროში სცემა.
ასევე ნახეთ თათრეთის დეპუტატმა ჯერ დაგმო რამზან კადიროვის შვილის დაჯილდოება, შემდეგ კი ბოდიში მოიხადაიმავე საღამოს თათრეთის ხელმძღვანელმა რუსტამ მინიხანოვმა ხამაევის განცხადებას დეპუტატის პირადი აზრი უწოდა, რომელსაც "არაფერი აქვს საერთო რესპუბლიკაში მცხოვრები მუსლიმების პოზიციასთან". ამის შემდეგ აზატ ხამაევმა "ემოციური განცხადებისთვის" ბოდიში მოიხადა.
- ამა წლის მაისში 19 წლის ნიკიტა ჟურაველმა ვოლგოგრადის საკათედრო მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ყურანი დაწვა და ამის ვიდეო გადაიღო. ეს ვიდეო მოგვიანებით ტელეგრამის ერთ-ერთ არხზე გამოქვეყნდა.
- ჟურაველი დააკავეს და შემდეგ გაავრცელეს "აღიარება", რომ ყურანის დაწვისას მოქმედებდა უკრაინის სპეცსამსახურების მითითებით, 10 ათასი რუბლის საფასურად.
- 26 მაისს ნიკიტა ჟურაველი ჩაიყვანეს გროზნოში, ამ საქმეზე სასამართლო გამოძიების ჩასატარებლად და სწორედ გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში სცემა მას ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის 15 წლის ვაჟმა.
- ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახულია, თუ როგორ სცემს მისი ვაჟი, ადამი, ვოლგოგრადელ ნიკიტა ჟურაველს, რომელიც ყურანის დაწვაშია ეჭვმიტანილი. პოლიტიკოსმა თქვა, რომ ამაყობს თავისი შვილის საქციელით.
- "კავკაზ.რეალიის" ცნობით, ოქტომბრის დასაწყისში გახდა ცნობილი ადამ კადიროვისთვის ჩეჩნეთის გმირის წოდების მინიჭების შესახებ. ცნობა ამის თაობაზე 6 ოქტომბერს გაავრცელა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ჩეჩნეთიდან ადამ დელიმხანოვმა. ტელეგრამის არხში დელიმხანოვმა დაწერა, რომ ჯილდოს მინიჭების მიზეზი გახდა ახალგაზრდა მამაკაცის წარმატება სწავლასა და სპორტში, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, თუ რისთვის მიენიჭა 15 წლის ადამს რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო.
ასევე ნახეთ კადიროვი - „პუტინის რეჟიმის ჭეშმარიტი სიფათი“