Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თათრეთის დეპუტატმა ჯერ დაგმო რამზან კადიროვის შვილის დაჯილდოება, შემდეგ კი ბოდიში მოიხადა


საილუსტრაციო ფოტო: თათრეთის საპარლამენტო სესია
საილუსტრაციო ფოტო: თათრეთის საპარლამენტო სესია

თათრეთის სახელმწიფო საბჭოს დეპუტატმა მმართველი პარტია "ერთიანი რუსეთიდან", აზატ ხამაევმა, გააკრიტიკა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის 15 წლის ვაჟისთვის ჩეჩნეთის გმირის წოდების მინიჭება მას შემდეგ, რაც ადამ კადიროვმა ყურანის დაწვის ბრალდებით დაკავებული ვოლგოგრადის მკვიდრი ნიკიტა ჟურაველი საპატიმროში სცემა. დეპუტატმა ხამაევმა ასეთი განცხადება გააკეთა თათრეთის პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც განიხილეს რეგიონული კანონპროექტი პატრიოტული განათლების შესახებ.

დეპუტატის გამოსვლის ვიდეო გამოაქვეყნა ტელეგრამის არხმა "7x7". "პირველი კითხვა, რომელიც საკუთარ თავს დავუსვი, იყო: რა სამართლებრივ ჩარჩოებში ვცხოვრობთ დღეს? აქ არის მაგალითი ცხოვრებიდან: რუსეთის ფედერაციის სუბიექტის ხელმძღვანელი გმირის ტიტულს ანიჭებს შვილს ადამიანის ცემისთვის. [რამზან კადიროვი] ამბობს, რომ ის [ადამი] ყველა მუსლიმის გმირია. ვის შეუძლია ამაზე პასუხის გაცემა?" - განაცხადა ხამაევმა, რომელსაც თავის რემარკაში არ უხსენებია რამზან და ადამ კადიროვების სახელები.

ტელეგრამის არხ Inkazan-ის ცნობით, მის ამ გამოსვლას დარბაზიდან მკვახე შეძახილები მოჰყვა.

აზატ ხამაევი არის თათრეთის სახელმწიფო საბჭოს ეკოლოგიის, ბუნების მართვის, აგროსამრეწველო და კვების პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ადრე იყო რესპუბლიკის მიწისა და ქონებრივი ურთიერთობების მინისტრი, 1995 – 1999 წლებში კი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი.

გაზეთ "კომერსანტის" ცნობით, ხუთშაბათს საღამოს თათრეთის ხელმძღვანელმა რუსტამ მინიხანოვმა ხამაევის განცხადებას დეპუტატის პირადი აზრი უწოდა, რომელსაც "არაფერი აქვს საერთო რესპუბლიკაში მცხოვრებ მუსლიმების პოზიციასთან". ამის შემდეგ დეპუტატმა ბოდიში მოიხადა "ემოციური განცხადებისთვის, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოძმე ხალხებს შორის ურთიერთობებს", - იუწყება გამოცემა "ინკაზანი".

  • ამა წლის მაისში 19 წლის ნიკიტა ჟურაველმა ვოლგოგრადის საკათედრო მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ყურანი დაწვა და ამის ვიდეო გადაიღო. ეს ვიდეო მოგვიანებით ტელეგრამის ერთ-ერთ არხზე გამოქვეყნდა.
  • ჟურაველი დააკავეს და შემდეგ გაავრცელეს "აღიარება", რომ ყურანის დაწვისას მოქმედებდა უკრაინის სპეცსამსახურების მითითებით, 10 ათასი რუბლის საფასურად.
  • 26 მაისს ნიკიტა ჟურაველი ჩაიყვანეს გროზნოში, ამ საქმეზე სასამართლო გამოძიების ჩასატარებლად და სწორედ გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში სცემა მას ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის 15 წლის ვაჟმა.
  • ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახულია, თუ როგორ სცემს მისი ვაჟი, ადამი, ვოლგოგრადელ ნიკიტა ჟურაველს, რომელიც ყურანის დაწვაშია ეჭვმიტანილი. პოლიტიკოსმა თქვა, რომ ამაყობს თავისი შვილის საქციელით.
  • "კავკაზ.რეალიის" ცნობით, ოქტომბრის დასაწყისში გახდა ცნობილი ადამ კადიროვისთვის ჩეჩნეთის გმირის წოდების მინიჭების შესახებ. ცნობა ამის თაობაზე 6 ოქტომბერს გაავრცელა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ჩეჩნეთიდან ადამ დელიმხანოვმა. ტელეგრამის არხში დელიმხანოვმა დაწერა, რომ ჯილდოს მინიჭების მიზეზი გახდა ახალგაზრდა მამაკაცის წარმატება სწავლასა და სპორტში, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, თუ რისთვის მიენიჭა 15 წლის ადამს რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო.
XS
SM
MD
LG