„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს შესახებ ილაპარაკა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ ვეტო უნდა დაძლიოს და შესაბამისი არგუმენტებიც არის. როგორც ვოლსკიმ თქვა, არსებობს ამ ცვლილების ამოქმედების აუცილებლობა.
„ანტიევროპული შეიძლება უწოდო იმ შემთხვევაში, თუკი მოსწორებულია ყველაფერი, არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, თუკი ტელევიზიით არ გვინახავს, თუ როგორ გეგმავენ ცეცხლის ანთებას და ახალი „მაიდანის" მოწყობას - მაშინ შეიძლება კიდევ ეჭვი შეგეპაროს ამ კანონის აუცილებლობაში. სიტუაცია ორდინალური არ არის და საკმაოდ რთული ვითარებაა, აბსოლუტურად საფუძვლიანი ეჭვებიც, შიშიც, მით უმეტეს, თუკი ეს ვიხილეთ ყველამ და ვხედავთ, როგორ ორგანიზებულობით ემზადებიან, რომ ქვეყანაში არსებულ სტაბილურ მდგომარეობაში ახალი შემოტევა დაიწყონ. პრეზიდენტის მოტივი არის წმინდა პოლიტიკური. ზუსტად იმ პლატფორმაზე იმყოფება ის, რომლიდანაც აბსოლუტურად შეუსაბამო განცხადებებს ვისმენდით 26 მაისს თუ პარლამენტში ახლაც და ცოტა უფრო ადრეულ პერიოდშიც. რასაკვირველია, მისი პოლიტიზებული განცხადებები გადათარგმნილი იქნებოდა მის მიერ ვეტოს დადებაში. უნდა დაიძლიოს, რასაკვირველია, და ამის არგუმენტიც არსებობს", - თქვა გიორგი ვოლსკიმ.
დეპუტატი მოელის, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტსაც.
„არავითარი საფუძველი იმისა, რომ ამ კანონს ვეტო დაედოს, პრეზიდენტს არ აქვს, მაგრამ, რასაკვირველია, ისეთი დაპირისპირების პირობებში, როცა სურათი ჩამოყალიბდა და აშკარა გახდა, ვინ რა პლატფორმაზეა, ამავე დროს პრეზიდენტი რა მიმართულებით ავითარებს თავის პოლიტიკას, ვფიქრობ, რომ ამაზეც ვეტო იქნება დადებული, თუმცა არავითარი საფუძველი, რომ მან კანონს ვეტო დაადოს, არ არსებობს", - აღნიშნა ვოლსკიმ.
ასევე ნახეთ TI პრეზიდენტს მოუწოდებს, „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებს ვეტო დაადოს„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს „კიდევ ერთი ანტიევროპული კანონი" უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც მას 17 ოქტომბერს დაადო ვეტო.
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო აქციებზე კარვების შემზღუდავ კანონპროექტსსაკანონმდებლო ცვლილებები უარყოფითად შეაფასა სახალხო დამცველმაც. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სახეზეა გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით.
ასევე ნახეთ ევროკავშირის ელჩი: ჩვენ მხარს ვუჭერთ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ასევე ნახეთ ახალი კანონით პოლიცია გადაწყვეტს, როდის შეიძლება აქციაზე კარვის გაშლა და როდის არა - განმარტავს კობახიძე„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტმა 5 ოქტომბერს მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემთხვევაში, დემონსტრანტებს ეკრძალებათ „დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა. თუკი, აკრძალვის მიუხედავად, ისინი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეეძლება მათი როგორც ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება (500-დან 5000 ლარამდე) და დაპატიმრება (15 დღემდე ვადით), ასევე „სამართალდარღვევის” საგნის კონფისკაცია.